21:24 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
ქაშუეთის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 12 აგვისტო

© Sputnik / Alexander Imedashvili
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
6010

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 12 აგვისტოს  ცოტნე დადიანის, მოციქულთა: შილას, სილუანეს, კრისკენტის, ეპენეტოსის და ანდრონიკეს, მოწამე იოანე მხედრის, მოწამეთა: პოლიქრონიოსის, პარმენ, ელიმე და ქრისოტელ ხუცესთა, ლუკა და მუკო დიაკონთა, აბდონიას და სენისის, ოლიმპიოსისა და მაქსიმეს, ასევე  ვალენტინე ეპისკოპოსისა და სამთა მისთა მოწაფეთა: პროკულის, ეფიბის აპოლონის და ასევე  მართლისა აბუნდის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ცოტნე დადიანი

ცოტნე დადიანი იყო დიდგვაროვანი ქართველი ფეოდალი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის პირველ ნახევარში.

ცოტნე დადიანი მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში 1245 წელს. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მისი მონაწილეები დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში).ანისში დაპატიმრებული ქართველი დიდებულები აჯანყების გეგმას უარყოფდნენ და კოხტასთავს შეკრებას მონღოლთათვის ხარკის შეგროვების მოწესრიგების მიზეზით ხსნიდნენ. გამოტეხის მიზნით მათ ხელ-ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაყარეს. როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლების ხვედრი — ტანზე გაიხადა და მეგობრებთან ერთად დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველანი გაათავისუფლეს.

წმიდა მოციქულნი: შილა, სილუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე

წმიდა სამოცდაათთაგანნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ.

შილამ  პავლესთან ერთად  იმოგზაურა სირიაში, კილიკიაში, მაკედონიაში.  ქალაქ ფილიპედან პავლე და შილა ამფიპოლში გაემგზავრნენ, მოვლეს აპოლონია და თესალონიკე, მრავალი წარმართი მოაქციეს და ეკლესიები განამტკიცეს. კორინთოში შილას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მრავალი სასწაულიც აღასრულა, შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული სილუანე თავთა მოციქულთა, პეტრესა და პავლესთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. წმიდა სილუანე თესალონიკის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, მრავალი ჭირი და განსაცდელი დაითმინა, ბოლოს კი მოწამეობრივად აღესრულა.

წმიდა მოციქულ კრისკენტის პავლე მოციქული იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში, სადაც აღნიშნავს, რომ იგი გალატიაში წავიდა საქადაგებლად. აქ წმიდანი ეპისკოპოსად იქნა ნაკურთხი, შემდეგ გალიაშიც ავრცელებდა სახარების სწავლებას. ქალაქ ვინეაში მან თავისი მოწაფე, ზაქარია დაადგინა მღვდელმთავრად, გალატიაში დაბრუნებული კი მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას.

წმიდა მოციქული ეპენეტი კართაგენის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.

წმიდა მოციქული ანდრონიკე  კი პანონიის ეპისკოპოსი იყო.

წმიდა იონე მხედარი

წმიდა მოწამე იოანე მხედარი იულიანე განდგომილის ლაშქარში მსახურობდა.  ის ფარული ქრისტიანი იყო. იოანე  უსჯულო იმპერატორის ბრძანებით სხვებთან ერთად გაგზავნეს ქვეყნის ერთ-ერთ ოლქში ქრისტიანთა შესაპყრობად. დევნის ნაცვლად იოანე ყოველმხრივ მფარველობდა ქრისტიანებს, როცა ამის შესახებ შეიტყო, განრისხებულმა იულიანემ ბრძანა, შეეპყროთ და დაუყოვნებლივ ჩაეყვანათ კონსტანტინოპოლში სიკვდილით დასასჯელად. როცა იოანე  სამეფო ქალაქში ჩაიყვანეს, იმპერატორი სპარსელებთან საომრად იყო გასული. 363 წელს, იულიანე განდგომილი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა. ტახტზე ავიდა კეთილმორწმუნე ქრისტიანი იობიანე, რომელმაც წინამორბედის მიერ მართლმადიდებელთა წინააღმდეგ გაცემული ყველა განკარგულება გააუქმა: ქრისტეს აღსარებისთვის ტყვექმნილები გაათავისუფლა. თავისუფლება ჰპოვა იოანემაც. ამის შემდეგ სატანჯველებით გამობრძმედილმა წმიდანმა ღვთისა და მოყვასის მსახურებას უძღვნა თავი. ნეტარი იოანე მშვიდობით მიიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში.

მღვდელმოწამე პოლიქრონიოსი - ბაბილონელი ეპისკოპოსი, პარმენი, ელიმე და ქრისოტელე ხუცესნი, ლუკა და მუკო დიაკონნი, აბდონი და სენისი - სპარსეთის მთავარნი და მოწამენი: ოლიმპიოსი და მაქსიმე

მღვდელმოწამე პოლიქრონიოსი - ბაბილონელი ეპისკოპოსი, პარმენი, ელიმე და ქრისოტელი ხუცესნი, ლუკა და მუკო დიაკონნი, აბდონ და სენისი - სპარსეთის მთავარნი და წმიდა მოწამენი: ოლიმპიოსი და მაქსიმე ეწამნენ III საუკუნეში ღვთისმოძულე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას.

მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი და სამნი მოწაფენი მისნი - მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი

მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი, სამნი მოწაფენი მისნი - წმიდა მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი ცხოვრობდნენ III საუკუნეში.

წმიდა ვალენტინე ქალაქ ინტერმანის (იტალია) ეპისკოპოსი იყო. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის მას სნეულებათა კურნების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. იმ ხანებში ათონიდან რომში სასწავლებლად ჩავიდა სამი წარმართი ჭაბუკი: პროკული, ეფიბი და აპოლონი. მათ მოძღვარიც ჰპოვეს, სახელად კრატონი და მის სახლში დამკვიდრდნენ. მოხდა ისე, რომ კრატონის ძე, ქერიმონი მძიმედ დასნეულდა: სასოწარკვეთილმა მამამ ეპისკოპოს ვალენტინეს თხოვა დახმარება. ღვთისმოყვარე მღვდელმთავარმა თხოვნა უპასუხოდ არ დატოვა: რომში ჩავიდა, ავადმყოფ ჭაბუკთან ერთად ოთახში გამოიკეტა და მთელი ღამე ლოცულობდა. დილით ბედნიერმა მშობლებმა იხილეს, რომ მათ შვილს ძველი სნეულების კვალიც არ ეტყობოდა, ირწმუნეს ქრისტე და მთელ სახლეულთან ერთად მოინათლნენ. ნათელიღეს პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმაც და ქერიმონთან ერთად ვალენტინეს დაემოწაფნენ. საკვირველ მოძღვარს მალე გაუვარდა სახელი, და მის მიერ ბევრი ჭაბუკი და ყრმა შეუდგა ქრისტეს. მათ შორის იყო ქალაქის თავის ძე, აბუნდიც, რომელმაც ნათლისღების შემდეგ ყველას წინაშე აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ვალენტინეს  ხელისუფალთა რისხვა დაატყდა თავს. იგი შეიპყრეს, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს და მრავალგვარი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მოწაფეები არ დაერიდნენ საფრთხეს და აქაც აკითხავდნენ მოძღვარს. მალე წმიდა მღვდელმთავარს თავი მოკვეთეს. პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმა სულიერი მამის წმიდა ცხედარი ქალაქ ინტერმანაში წაასვენეს და პატივით დაფლეს. ყმაწვილები შეიპყრეს და ღამით, ფარულად, თავები მოკვეთეს. როცა ქალაქის თავის ძემ, აბუნდიმ შეიტყო, რომ მისი მეგობრები დატუსაღებულნი იყვნენ, მათ მოსანახულებლად გაეშურა, მაგრამ უფლის რჩეულთა გაციებული ცხედრებიღა იხილა. ძლიერ დამწუხრებულმა ჭაბუკმა უკანასკნელი პატივი მიაგო წმიდა მოწამეებს: მათი პატიოსანი ნეშტი მოძღვრის, მღვდელმთავარ ვალენტინეს საფლავის გვერდით დაკრძალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

მთავარი თემები