20:05 19 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7728
  • 100 RUB4.1220
  • USD3.2186
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
11520

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 2 აგვისტოს „ილიაობას“– წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის, წმიდა ილია მართლის და წმიდა სალომე ქართველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წინასწარმეტყველი ელია

წინასწარმეტყველი ელია ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან იყო. ის ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ მოღვაწეობდა. აღსანიშნავია, რომ  ისრაელის 12 ტომიდან მხოლოდ ლევიტელებს ჰქონდათ იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურების უფლება.

ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე აქაბის ზეობისას მოუწოდა. ამ დროისთვის ისრაელი უსჯულოებაში იყო ჩაძირული.

თავისი ერის გარყვნითა და გადაგვარებით თავზარდაცემული ელია აქაბის წინაშე წარდგა, ამხილა მისი უსჯულოება და სინანულისა და ჭეშმარიტ ღმერთთან მიბრუნებისკენ მოუწოდა. წინასწარმეტყველმა მას განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა. ელიას სიტყვები აღსრულდა.

სამწლიანი გვალვის შემდეგ ელია კვლავ წარდგა მეფე აქაბის წინაშე, ამხილა და სთხოვა, ისრაელის ხალხი და ბაალის ქურუმები კარმილის მთაზე შეეკრიბა. დათქმულ დღეს მთაზე 850-მა ქურუმმა მოიყარა თავი, რომელთაც ელიამ შესთავაზა, სამსხვერპლოზე მსხვერპლი ისე დაედოთ, რომ ცეცხლი არ დაენთოთ. რომლის ღმერთიც შეიწირავდა, სწორედ ის იქნებოდა ჭეშმარიტი. დილიდან საღამომდე როკავდნენ ბაალის ქურუმები სამსხვერპლოს გარშემო, ხმის ჩახლეჩამდე ევედრებოდნენ თავიანთ კერპს, შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ ამაოდ. საღამოს თავად ელიამ აღადგინა კარმილზე 12 ქვისგან აგებული ძველი სამსხვერპლო, რაც სიმბოლურად ხალხის ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგენას ნიშნავდა; სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილი გააჭრევინა და წყლით აავსებინა, მსხვერპლს და შეშას წყალი გადაასხა და ილოცა. ზეციდან სასწაულებრივად გადმოსულმა ცეცხლმა შეშასა და მსხვერპლთან ერთად სამსხვერპლო ქვაბიც დაწვა და არხში წყალი ამოაშრო. ხალხმა ერთხმად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, ხოლო ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა.

ერთხელ, როდესაც ელია თავის მოსწავლესთან, ელისესთან, ერთად მიდიოდა, უფალმა იგი ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ცოცხლად აიტაცა. ელისეს დაეცა ელიას ხალენი (მოსასხამი), რომლითაც ელიამ უფლის გამოცხადებისას ქორების მთაზე სახე დაიფარა, რომლითაც მდინარე იორდანეს შუაზე აპობდა და რომელმაც საბოლოოდ საქართველოში, სვეტიცხოველში დაივანა. ამის შემდეგ ელია დედამიწაზე აღარავის უხილავს, თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალებამდე. საეკლესიო გადმოცემით, იგი სამყაროს აღსასრულის ჟამს კვლავ მამხილებლად მოევლინება სამყაროს, რათა კიდევ ერთხელ იქადაგოს ჭეშმარიტი ღმერთი და ამხილოს კერპთაყვანისცემის, ურჯულოების მიმდევარი ადამიანები.

წმიდა ილია მართალი

ილია ჭავჭავაძე  (1837– 1907წწ ) იყო ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი
ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი

„ილიაობა“

 გადმოცემის თანახმად, "ილიაობა"   ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილია ჭავჭავაძეს  ძალიან უყვარდა. დიდი ზეიმი და სტუმრიანობა იმართებოდა საგურამოს სახლში. საქართველოს კუთხეებიდან  ჩამოსულ სტუმარს ეზო ვეღარ იტევდა.

"ილიაობის" დღესასწაულს ტრადიცია  2014 წელს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა. და ყოველი  წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, "ილიაობის" დღესასწაული აღინიშნება

 "ილიაობის" მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან. ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.

2019 წლის 2 აგვისტოს მასპინძელი მხარე სვანეთი იქნება. "ილიაობას" საგურამოში წარმოდგენილი იქნება სვანური კულტურა - ფოლკლორი, პოეზია, მხატვრობა..
წმიდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული

სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ეწამა წმიდა ლუკა იერუსალიმელის (+1227, ხს. 12 თებერვალს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

მთავარი თემები