ნათლისღება: დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები

© photo: Sputnikსამების საკათედრო ტაძრის ეზო
სამების საკათედრო ტაძრის ეზო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს.

ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.

გამოცხადების ხატი - Sputnik საქართველო
ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

ნათლისღების წყალი ინახება დიდხანს უხრწნელად და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს (ეკლესიაში ამის არაერთი ფაქტი ფიქსირდება).

ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

ნათლისღების დღესასწაულს თან ახლავს ტრადიციული განბანვის რიტუალი. საქართველოს ზოგიერთ სოფელში ხდება მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ მდინარის ან ტბის კურთხევა, რის შედეგადაც სიცივის მიუხედავად მრევლი ჩადის წყალში და გალობს ნათლისღების ტროპარს.

საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად. 

საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით უკვე ბოლო რამდენიმე წელია იმართება და ტრადიციად ჩამოყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საყოველთაო ნათლობა, რომელიც წელს 47-ედ ჩატარდება.

© FB გამომცემლობა "საოჯახო ბიბლიოთეკა"პატრიარქის ნათლული
პატრიარქის ნათლული - Sputnik საქართველო
პატრიარქის ნათლული
 

ჩვილთა პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე გაიმართა. ამჟამად უწმინდესს 29 698 ნათლული ჰყავს.

ეს ინიციატივა კათოლიკოს-პატრიარქმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განახორციელა. სურვილის შემთხვევაში, უწმინდესი ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და მეტი შვილის ნათლია ხდება.

იმ პერიოდში, როცა საქართველოში იკრძალებოდა წირვა-ლოცვა და ყველა საეკლესიო დღესასწაული, ნაკურთხი წყალიც არსად იშოვებოდა, ამიტომ ჩამოყალიბდა ხალხში „უმძრახი წყლის“ ტრადიცია. 

განსაკუთრებით სოფლის ხალხი მისდევდა ძველად ამ წესს და დღემდე ბევრგან შემორჩა. „უმძრახი წყლის“ არსი იყო შემდეგი: ნათლისღების დღეს ოჯახის რომელიმე წევრი დილით ძალიან ადრე უნდა გასულიყო სახლიდან, წაეღო წყლის ჭურჭელი ისე, რომ არავისთვის ხმა არ გაეცა, არც დალაპარაკებოდა ვინმე. ამ დღეს თუ შემთხვევით ძმა ძმას შეხვდებოდა სისხამ დილით წყლის ჭურჭლით ხელში, ერთმანეთს როგორც ორი უცნობი ადამიანი, ისე ხვდებოდნენ უსალმოდ, ყველამ იცოდა სასწაულმოქმედი წყლის ძალა და ტრადიციის ამბავი. სახლიდან გამოსული ადამიანი უნდა მისულიყო წყალთან, დაებანა პირი (როგორც ერთგვარი განწმენდა), გარდაესახა პირჯვარი და უკან სახლამდე ისევე შეუმჩნევლად დაბრუნებულიყო, თან წყალი მოეტანა.  

თუ ამ წესს შეასრულებდა ზედმიწევნით, სწორად ეს წყალი ითვლებოდა წმიდა წყლად, მას ინახავდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ახალი წყალს არ მოიტანდა ოჯახის რომელიმე წევრი ნათლისღებას სახლში. ამ წყალს, წარმატებისა და ბარაქისათვის, ასხურებდნენ ყველგან — სახლში, ეზოში, საქონლის სადგომში, ბაღებსა და ვენახებში. 

ალექსანდრე ბაინდურაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0