23:07 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
მამა იოანე ჩიგოგიძე

„სამამულო ომის შემდგომ სტალინმა 22 000 ეკლესია და მონასტერი ააშენა“

ნინო ცხოიძე
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
94572522

 ნინო ცხოიძე

 ქართველი მოძღვრის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა, სიმბოლური ბიუჯეტით და კეთილი ადამიანების დახმარებით შეიქმნა. ფილმში საუბარია დიდი სამამულო ომის დაწყებისა და გამარჯვების მიზეზებზე, რაც ქრისტიანულ რელიგიასთანაა დაკავშირებული. 

 სოფელ დიღომში მოღვაწე მამა იოანე ჩიგოგიძე, უკვე რამდენიმე წელია, მეგობრების დახმარებით სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. იგი უკვე იყო: იტალიაში, გერმანიაში, ისრაელში, უკრაინასა და საბერძნეთში. ამ გზით შექმნილი ფილმებისთვის მან საერთაშორისო ფესტივალზე „წმინდა ანდრიას ჯვარი“ არაერთხელ მიიღო საორგანიზაციო კომიტეტის „სიგელ-გუჯარი“. ოქტომბერში ამავე ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იყო მისი ფილმი „დავით გურამიშვილი-მუდმივი ხიზანი“. ამ ფილმის ჩვენება რამდენიმე დღის წინ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც გაიმართა. 

 მანამ კი, სექტემბრის შუა რიცხვებში, მამა იონეს ბოლო ფილმი „ვინ მოიგო ომი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აჩვენეს. მაყურებლები ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და სტუდენტები იყვნენ.

 ფილმში მამა იოანე (ჩიგოგიძე) სხვადასხვა დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გვიყვება ომის დაწყების მიზეზებზე, რომელსაც საბჭოთა კავშირში მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ფართო მასშტაბიან, დაუნდობელ ქმედებებსა და დამოუკიდებელი ქვეყნების იძულებით შეკავშირებული სახელმწიფოს მიმართ გერმანიის დამოკიდებულებით ხსნის. „საბჭოთა კავშირში არბევდნენ ეკლესიებს, სამღვდელოებას  აწამებდნენ. ხოლო გერმანია საბჭოთა კავშირს აღმერთებდა. მის გამო ღვთისმშობელმა განსაცდელის სახით ორივე ქვეყანას ომი მოუვლინა“,- ამბობს მამა იოანე ფილმის დასაწყისში. ფილმის გადასაღებად ქართველი მოძღვარი ბერლინში ჩავიდა, რაშიც მას დიასპორის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაეხმარა. ამდენად, მამა იოანე მადლიერია როგორც ამ უწყების, ისე მისი დახმარებით გაცნობილი პიროვნების, ბერლინის ქართული სახლის ხელმძღვანელის, თამარ შალამბერიძის.

 ვიდრე გამარჯვების დღის შესახებ ბერლინიდან, ყოფილი რაიხსტაგის ფონზე ისაუბრებდა, მამა იოანემ ფილმის მსვლელობისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიტროპოლიტის მიმართვამ მებრძოლებზე დიდი გავლენა მოახდინა. მათ ბრძოლებში ღვთისმშობლის ხატიც კი მიუძღოდათ, რამაც არაერთგზის იხსნა უთანასწორო შემოტევისას სიტუაცია და საბჭოთა ჯარისკაცებმა გერმანელების  მოგერიების შემდეგ მათი დამარცხებაც შეძლეს. 

 „ჰიტლერის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გერმანელები თავდაპირველად, ეკლესიებს აგებდნენ და ხალხი ლოცვებს აღავლენდა. მის ჯარისკაცებსაც ქამრის ბალთაზე „ჩვენთან არს ღმერთი“ ეწერათ, მაგრამ ეს ხომ ფიურერის ნიღაბი იყო. ამავდროულად, ანტიოქიის იერარქმა, მიტროპოლიტმა ალექსანდრე მესამემ მსოფლიოს თხოვნით მიმართა, რომ საბჭოთა კავშირს დახმარებოდნენ. ერთხელ ლიბანის მთის მიტროპოლიტ ილიას, რომელიც განსაკუთრებული მადლით გამოირჩეოდა, ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ საბჭოთა კავშირის გადასარჩენად ეკლესია- მონასტრები და სასულიერო სასწავლებლები უნდა გახსნილიყო. ფრონტიდან დაბრუნებულ და საპყრობილედან გამოსულ სამღვდელოებას კი ლოცვა უნდა აღევლინა. იმჟამინდელი ლენინგრადი, —დღევანდელი პეტერბურგი მტერს არ უნდა ჩაბარებოდა. ამ ქალაქის გადასარჩენად ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი უნდა გამოებრძანებინათ და ლოცვით მთელი ქალაქი შემოეტარებინათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მტერი გმირი ქალაქის აღებას ვერ შეძლებდა. ამ ხატის წინაშე ლოცვა უნდა აღევლინათ მოსკოვსა და სტალინგრადში, შემდეგ კი —იგი საბჭოთა კავშირის საზღვრებამდე უნდა ჩაებრძანებინათ. ხოლო ომის დამთვრების შემდეგ მიტროპოლიტ ილიას უნდა მოეთხრო, რა გზით გადარჩა სახელმწიფო…“

 როგორც მამა იოანე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გვიამბობს, ეს ამბავი რუსმა სასულიერო პირებმა ქვეყნის მთვარსარდალს ამცნეს. სტალინმა მათ ჰკითხა, კიდევ ხომ არ ჭირდებოდათ რაიმე? მიტროპოლიტ სერგის მორიდებით უთქვამს, რომ კადრების დეფიციტს განიცდიდნენ და სემინარიების გახსნა იყო საჭირო. სტალინს გაკვირვებია. მაშინ მეუფე გაკადნიერებულა და ქვეყნის ბელადისთვის  შეუხსენებია: „ჩვენ ვამზადებთ მღვდელს, მაგრამ შემდგომში ის მარშალი ხდება“. ამ სიტყვებმა სტალინს თურმე ღიმილი მოჰგვარა.

 „ომის შემდგომ იოსებ სტალინმა, დაპირებისამებრ, 22 000 ეკლესია და მონასტერი ააშენა. ქვეყანაში სასულიერი სემინარიები და აკადემიები გაიხსნა. საბჭოთა კავშირში რწმენის აღმავლობის ხანა დაიწყო. რადგან ყველა წინასწარმეტყველება ასრულებული იყო და სტალინმაც დანაპირები შეასრულა. 1947 წელს სახელმწიფომ კი ანტიოქიის მიტროპოლიტი ილიას სტალინური პრემია მიანიჭა. მეუფემ პრემიაზე უარი განაცხადა, მღვდელს ფული არ სჭირდებაო და ომში დაღუპული ადამიანების შვილებისთვის  200 000 დოლარი გაიღო. ანტიოქიის იერარქმა ღვთის სიყვარულით დალოცა მრევლი და მაშინდელ ლენინგრადში გაემგზავრა. “ —ამბობს ფილმში მამაო და ეკლესიებისთვის სიწმინდეების გადაცემაზე საუბრობს.

 მსგავსი მომენტები დეტალურადაა აღწერილი ფილმში, რომელიც საბოლოოდ ასკვნის, რომ დიდი სამამულო ომი რწმენამ მოიგო… ფილმის დასრულების შემდეგ ჩემთან საუბარში მამა იოანემ აღნიშნა, რომ მას ამ ფილმით სტალინის მიმართ რაიმე სახის დამოკიდებულების გამოხატვა მიზნად არ ჰქონდა და სანდო წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით რეალური ისტორიის მოყოლა სურდა. ამით პატივს მიაგებდა როგორც ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, ასევე, ცოცხლად დარჩენილი ვეტერანების ღვაწლსაც. 

 მამა იოანე ჩიგოგიძე იმედოვნებს, რომ ღვთის შეწევნითა და გულისხმიერი ადამიანების დახმარებით თითო წელს თითო ფილმის შექმნას მაინც შეძლებს. პროფესიონალიზმსა და პრიზებზე პრეტენზია არა აქვს, რადგან მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის მადლიერება და კმაყოფილი მაყურებელია…

 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!


მთავარი თემები