02:55 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
ქართული ტელეარხების მიკროფონები

სჭირდება თუ არა საქართველოს სამთავრობო არხი და რა მოვუხერხოთ საინფორმაციო აგრესიას

© Sputnik / Alexander Imedashvili
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
85 0 0

სპეციალისტებმა ქართულ ჟურნალისტიკაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოში უნდა შეიქმნას კანონი ჟურნალისტიკის შესახებ და სამთავრობო არხი, განაცხადა სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორმა, საინფორმაციო პოლიტიკის თემაზე ნაშრომის ავტორმა ბაია ამაშუკელმა „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მრგვალი მაგიდის მსვლელობისას.

როგორ მოქმედებს მასმედია, ტელევიზია ადამიანების ცნობიერებაზე, რა გავლენას ახდენს ნეგატიური ინფორმაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მათგან თავის დასაცავად – ეს და სხვა საკითხები განიხილეს ექსპერტებმა მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას, რომელიც მიეძღვნა თემას - „საქართველოს საინფორმაციო სივრცე – როგორ დავიცვათ თავი ნეგატივისგან“.

„საქართველოში მოქმედებს ჟურნალისტური ქარტია, მაგრამ ის, ჩემი აზრით, დაწერილია კარნახით, რადგან ეთიკა არის მეცნიერება მორალისა და ზნეობის შესახებ, ჟურნალისტების საქმიანობაში კი მსგავსს ვერაფერს ვხედავ. საჭიროა ჟურნალისტიკის შესახებ კანონის შექმნა. ჩვენ ასეთი კანონი არ გვაქვს. ვფიქრობ, კარგი იქნება, ასევე სამთავრობო არხის შექმნაც. ასეთი არხები მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა ამაშუკელმა.

რაც შეეხება აგრესიულ ფონსა და მოთხოვნილებას ნეგატიურ ინფორმაციაზე, ამაშუკელი ამ მოვლენას ფსიქოლოგიური ფაქტორით ხსნის. მისი თქმით, როდესაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანები სხვის უბედურებას ადევნებენ თვალს, თავს იმით ინუგეშებენ, რომ მხოლოდ ისინი არ იტანჯებიან.

მსოფლიოში მრავალი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდია ტელევიზიისა და ინტერნეტის როლი ამა თუ იმ მოვლენების განვითარებაში. ამაშუკელის თქმით, უკვე შეიმჩნევა 2020 წლისთვის ხელისუფლების შეცვლის ტენდენცია. ამიტომ ტელევიზიის მეშვეობით, სადაც მოქმედებს პრინციპი „ჯობს ერთხელ ნახო, ვიდრე ასჯერ მოისმინო“, უკვე ატრიალებენ თემებს, რომლებიც გარკვეული ჯგუფების ინტერესებში შედის.

„ამ ყველაფერს ემატება წითელი ფერის აგრესიული ფონი. დააკვირდით, ტელეარხებიდან მოდის ჯოჯოხეთის ცეცხლივით წითელი ფერი, ის თავისთავად ბადებს აგრესიას“, – ხაზი გაუსვა ამაშუკელმა.

მან გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებზე ისაუბრა. გრძელვადიან გეგმად მიჩნეულია მთელი სივრცის გადასვლა ლიბერალურ რელსებზე, რაც, მისი აზრით, დადებით შედეგებს არ მოიტანს. მოკლევადიანი – არის ის გადაცემები და თოქშოუები, რომლებიც „ოვერტონის ფანჯრის“ პრინციპს იყენებენ. ამის შედეგად ადამიანებისთვის მიუღებელი გარდაიქმნება მისაღებად, და ის პირები, რომელთაც ხალხი წლების განმავლობაში ებრძოდა, თამამად გვესაუბრებიან ტელეეთერით სხვადასხვა თემაზე.

„ჩვენ გვახსოვს, რომ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ ფლაგმანი იყო, წლების განმავლობაში მზადდებოდა ფონი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად და საბოლოოდ ადამიანები იქამდე მივიდნენ, რომ დაეთანხმნენ პროცესს, რომელიც, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება იყო... პროცესები ახლაც ისე ვითარდება, რომ 2020 წლისთვის რაღაც ანალოგიური მზადდება“, – აღნიშნა ამაშუკელმა.

ამაშუკელის თქმით, საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის კახა ლომაიას რეფორმამ ცხრა წელიწადში ახალგაზრდების ცნობიერება ძირფესვიანად შეცვალა. რეფორმა იმდენად კარგად იყო გაწერილი, რომ მიზანს ძალიან მოკლე დროში მიაღწია, აღნიშნა ამაშუკელმა.

„საქართველოს ახსოვს შაჰ-აბასის შემოსევაც, თემურ ლენგისაც, მაგრამ ყველაფრის ასე თავდაყირა დაყენება ასეთ მოკლე დროში – უბრალოდ შეუძლებელია და ამაში დიდი როლი ტელევიზიამ ითამაშა“, – ხაზი გაუსვა ამაშუკელმა.

ვითარების გამოსასწორებლად ტელევიზიებს უნდა ჰქონდეთ არა კომერციული, არამედ ეროვნული ინტერესი. ჟურნალისტიკის შესახებ კანონში უნდა ეწეროს, რომ ტელევიზია, მასმედია წარმოადგენს ობიექტური ინფორმაციის წყაროს და არა ტყუილისას, რომელიც დღეს ხშირად ისმის სხვადასხვა მედიასაშუალებიდან.

„მოვისმენთ რაღაც საშინელებას და გარკვეული დროის შემდეგ ვიგებთ, რომ სიმართლე არ ყოფილა. ამ შემთხვევაში, კანონის თანახმად, ასეთ ჟურნალისტს ჟურნალისტური საქმიანობა უნდა აეკრძალოს“, – განაცხადა ამაშუკელმა.

მრგვალი მაგიდის კიდევ ერთი მონაწილის, საინფორმაციო სააგენტო NewsDay-ს დირექტორის ავთანდილ ოთინაშვილის აზრით, მოსახლეობის ცნობიერებაზე უმუშევრობა, მძიმე სოციალური მდგომარეობაც მოქმედებს.

„მაგალითად, „რუსთავი 2“ მუდმივად ნეგატიურ მოვლენებს ეძებს, მუდმივად აშუქებს მათ. ყველას კარგად მოგვეხსენება, რა მიზანი და ფუნქციაც აქვს. ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ თუ „რუსთავი 2“-ს გამოვრთავთ, ყველაფერი კარგად იქნება, სიმართლისგან არც ისე შორსაა. არა იმიტომ, რომ თუ „რუსთავი 2“-ს გამოვრთავთ, მართლა ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ არხს აქვს თავისი ამოცანა, „იმედსა“ და „პირველ არხს“ – თავისი“, – განაცხადა ოთინაშვილმა.

ჟურნალისტ მერაბ ხაჩიძის აზრით, მასმედია საქართველოში ყველაზე ობიექტური 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო. მაშინ ქართული ჟურნალისტიკა პრაქტიკულად გათავისუფლდა სახელმწიფო ცენზურისგან. მასმედია გაწონასწორებული იყო და სახელმწიფოებრივად აზროვნებდა.

„ეს არ შედიოდა იმათ ინტერესებში, ვისაც სურდა ქვეყნის გარდაქმნა, გადაწყობა იმგვარად, როგორიც ის დღესაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ „ჟურნალისტების“ ის კასტა (ამას ყოველთვის ვამბობდი და მომავალშიც ვიტყვი), რომლის ხელშიც დღეს მთელი მასმედიაა მოქცეული. ეს აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე კონგლომერატია და მისთვის მთავარი არის ფული, რომელსაც უხდიან“, – აღნიშნა ხაჩიძემ.

ხაჩიძის თქმით, საჭიროა ჩამოვყალიბდეთ, როგორი ნეგატივისგან უნდა დავიცვათ თავი. იმ ნეგატივისგან, რომელიც ხალხის წინააღმდეგაა ჩაფიქრებული, თუ იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც ამ ნეგატივის რეალიზებით არიან დაკავებული.

„დღევანდელი მასმედია იმ ბავშვივითაა, რომელსაც ხელში ასანთი უჭირავს – არ იცი, როდის გააჩენს ხანძარს. არსებობს ერთადერთი გამოსავალი: თუ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები ყველაფერზე მაღლა დადგება, ასეთ მასმედიაზე მოთხოვნა აღარ იარსებებს და ის გაქრება. რადგან გაჩნდება მოთხოვნა ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ობიექტურ მასმედიაზე“, - აღნიშნა ხაჩიძემ.

ადამიანის ცნობიერების ნგრევის ავტორებს ძალიან გაუჭირდებათ თავიანთი მიზნების მიღწევა საქართველოში, აღნიშნა ხაჩიძემ. ქართული საზოგადოების ცნობიერების გარედან მართვა ვერავინ შეძლო, ვინაიდან ეს ძალიან ცნობისმოყვარე ერია. საქართველოში, ხაჩიძის აზრით, ყოველთვის მოიძებნება 3% ისეთი ინტელექტის, რომელიც მასას აიყოლიებს.

„პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს ერთადერთი ერია, რომელსაც ვერ მართავენ, იმიტომ რომ მას ყოველთვის ყველაფერი აინტერესებს, არანორმალურად ცნობისმოყვარეა“, – ხაზი გაუსვა ხაჩიძემ.

განათლება – კიდევ ერთი მთავარი თემაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ორი ისეთი უმნიშვნელოვანესი სფერო, როგორებიცაა ჟურნალისტიკა და პოლიტიკა, მთლიანად უარყოფენ განათლებას, აღნიშნეს ექსპერტებმა. შესაბამისად, არც ერთ სფეროს არ გააჩნია პერსპექტივა.

ექსპერტმა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში ჟურნალისტების როლზე ისაუბრა>>

„როდესაც ზამთარში გინდა ჩექმების შეძენა და ამის ნაცვლად ჩუსტებს მოგყიდიან, შენც ყიდულობ ამ ჩუსტებს და მიგაქვს სახლში – ეს გამყიდველის ბრალი არ არის. არ შემიძლია ერთი მაგალითი არ მოვიყვანო: როდესაც საქართველოში პოლიტოლოგი მაქსიმ შევჩენკო ჩამოვიდა, ბრიფინგზე ერთმა ჟურნალისტმა, თითქმის ბავშვმა, ჰკითხა, რატომ წამოვიდა ის კიევის „დინამოდან“. ანუ ეგონა, რომ ანდრეი შევჩენკოს ესაუბრებოდა. ბრიფინგის დასრულების მერე შევეცადე გამეგო მისგან, რატომ დასვა ასეთი სულელური შეკითხვა. გაოცებით შემომხედა და მითხრა, რომ არც ანდრეი შევჩენკოს იცნობდა, არც მაქსიმ შევჩენკოს და მხოლოდ ის იკითხა, რაც რედაქტორმა დაავალა“, – აღნიშნა ხაჩიძემ.

მთავარი თემები