05:24 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2512152

1 მარტი მებაღეებისთვის მეორე და, შესაძლოა, უფრო მთავარი „ახალი წელია“, ამიტომ ისინი ამ დღეს განსაკუთრებულად ხვდებიან და ამგვარ განწყობას ყვავილების საშუალებით დანარჩენებსაც უზიარებენ.

ამ დროს ხუდადოვზე არსებული თბილისის ედემის ბაღი – „გარდენია“ გამორჩეულად შემოსილი და საზეიმოა.

მისმა მთავარმა მებაღემ კარგად იცის, რომ აქ მოსულ სტუმარს მარტო მცენარეებს კი არა, მათთან ერთად განწყობასა და დამოკიდებულებასაც ატანს, ამიტომ აქ ყვავილებს, შეიძლება ითქვას, სხვა ფასად — „გაზაფხულის ფასად“ ჰყიდიან…

ალბათ სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ გახადა ეს ადგილი არა მარტო ყვავილების მოყვარულთათვის, ყველა ესთეტისთვისაც ასეთი ახლობელი და მშობლიური. ადგილი, სადაც ყველაფერი ბუნებრივია. ამიტომ, ზურა შევარდნაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „აქ შენც ნამდვილი ხარ და ვერ ითამაშებ“… 

გარდენია
„გარდენია“ ახალ სეზონს საზეიმოდ მორთული ეგებება

- ბატონო ზურა, როგორ ხვდება გაზაფხულს „გარდენია“?
— როგორც ყოველთვის. ყველა მებაღისთვის 1 მარტი არის ახალი წელი, როგორც ჩვენი ოჯახები და მეგობრების ოჯახები ხვდებიან ხოლმე ახალ წელს ახალი სურვილებით და იმის იმედით, რომ ეს წელი წინა წელს აჯობებს, სწორედ ასეთია ჩვენი განწყობაც თებერვლის ბოლოს. მართალია, ამ წუთებშიც ჯერ ისევ ვაწყობთ, ვალამაზებთ და ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებს ღირსეულად შევხვდეთ, მაგრამ, მგონი, წლევანდელ წელს კარგი პირი უჩანს და ამიტომ ჩვენც იმედიანად ვართ.

გარდენია
ეს ულამაზესი კუთხე ბაღს გასულ წელს შეემატა და ვინც ნახვა ვერ მოასწარით - გირჩევთ, აუცილებლად ნახეთ!

- როგორც თავად ახსენეთ, ახალ წელს ყველა სიახლეს ელის და ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ასე იქნება?
— რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მოსაწყენი იქნებოდა, ყველაფერი ერთფეროვანი ყოფილიყო და ისეთივე, როგორიც წინა წელს იყო. ზამთარში მებაღეს ფიქრის დრო აქვს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს, იმაზე დაფიქრდეს, წინა წელს რა შეცდომები დაუშვა და თავისი სამუშაო უკეთესად როგორ უნდა შეასრულოს. გაზაფხულს ახალი იდეებით, ახალი შემართებით, ახალი მცენარეებით და ახალი კოლექციით უნდა შევხვდეთ. ჩვენ აღარ ვიზრდებით, სიფართესა და სიგანეში გაზრდას ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენ ვიზრდებით ხარისხით, ასორტიმენტით, ჩვენ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ვხვეწთ და ვყალიბდებით, სწორ მიმართულებებს ვიძენთ. წელს უფრო მეტ კმაყოფილ ადამიანს ვისურვებდი, მეტი სურვილი მე არ მაქვს.


კაფე გარდენიაში
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
კაფე "გარდენიაში"
- შესაბამისად, ალბათ, სტუმართა რაოდენობაც ყოველ წელს იმატებს?
— დიახ, მაგრამ სტუმართა რაოდენობის გაზრდა დიდ წარმატებას მაინცდამაინც არ ნიშნავს და წარმატება სტუმრის რაოდენობით არ განისაზღვრება. ჩვენ ძალიან ბევრი მადლიერი სტუმარი გვყავს და ჩემთვის ყველაზე დიდი ფასი და წონა იმ მადლობას აქვს, რომელსაც ადამიანები ჭიშკრიდან გასვლისას, დამშვიდობების დროს მეუბნებიან. აღფრთოვანებული სახეები, სატელეფონო ზარები, სადაც მადლობას მიხდიან — ეს ყველაფერი მომდევნო გაზაფხულისთვის ახალ ენერგიას, სტიმულს და ძალას გვაძლევს.

გარდენია
გარდენიას ახალი წლის პირველი მახარობლები

— ბატონო ზურა, მაინც რა არის თქვენი „გარდენიის“ წარმატების მიზეზი – ის, რომ პირველები ხართ ამ სფეროში, რომ აქ პროფესიონალები არიან დასაქმებული, თუ თქვენი, პიროვნული ფაქტორი და პოპულარობა?
— შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირველები არ ვართ, ამ სფეროში გარკვეული ტრადიცია ჩვენ უკვე დაგვხვდა. საქართველო ნიჭიერი ხალხით დასახლებული ქვეყანაა და ჩვენ პირველები არ ვყოფილვართ.

გარდენია
გაზაფხულის ფერები „გარდენიაში“

- თქვენსავით პოპულარული მარტო მიხეილ მამულაშვილი და მისი ცნობილი ბაღი მახსენდება…
— მიხეილ მამულაშვილი რომ არსებობს ჩვენს ისტორიაში, ეს ფაქტი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვთქვათ, ამ სფეროში პირველები ვართო. ის ბაღი იმ დროს ძალიან პოპულარული იყო და ამ ადამიანსაც დიდი შესაძლებლობები ჰქონდა. ჩვენ პირველები არ ვართ, მაგრამ ვთვლი, რომ წარმატებულები ნამდვილად ვართ. ჩვენი წარმატება არც სტუმრებისა და არც გაყიდული მცენარეების რაოდენობით არ განისაზღვრება. ჩემი აზრით, ჩვენი პოპულარობისა და წარმატების მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობა. ჩვენ არ ვართ იმაზე ორიენტირებული, რაც შეიძლება მეტი ყვავილი წაიღონ ჩვენგან, პირიქით, მეც და ჩვენს თანამშრომლებსაც ძალიან გვტკივა, როცა მცენარეები მიაქვთ.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- ეს ხომ საქმისადმი არაკომერციული დამოკიდებულებაა?!
— გეთანხმებით, ეს მართლაც არაკომერციული დამოკიდებულებაა, რადგან ჩვენ მარტო მცენარეებს არ ვატანთ ადამიანებს, მათთან ერთად განწყობასა და დამოკიდებულებას, ემოციას ვატანთ და მცენარეს სხვა ფასად ვაძლევთ. მე მგონი, ჩვენი წარმატების გასაღებიც ამაშია. ჩვენი ბაღი არ არის მარტო პატარა სანერგე, სადაც მცენარეები გამოჰყავთ. ჩვენ ადამიანებს იმის პატარა მაგალითს ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საქმე მთელი გულით გააკეთოს…

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება


- როგორ ფიქრობთ, ყვავილებთან დამოკიდებულებაში თუ იცნობა ადამიანის ბუნება?
— კი, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილად, ჩვენ პატარა ფსიქოლოგებიც ვართ და ამის პრეტენზიაც გვაქვს. არც ისეა საქმე, რომ მარტო მცენარეებში ვერკვევით. ჩვენთან მოსულ იმდენ სხვადასხვა ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომ ნელ-ნელა მათი მოსმენაც ვისწავლეთ და მათი პრობლემების გაგებაც. საერთოდ, მებაღეები პირველები არიან, ვისაც ადამიანები საკუთარ ფიქრებს უზიარებენ. ჩვენ ხომ მებაღეები ვართ? ჩვენთან საუბარი ადვილია, ამიტომ ადამიანები საკუთარ ნამდვილ განცდებს არ გვიმალავენ და თამაშიც არ სჭირდებათ. ხშირად საკუთარ პრობლემებზე, განწყობებსა და ემოციებზე გვიყვებიან. ჩვენთვის ადამიანის გაგება და შეცნობა ბევრად ადვილია, მცენარეებთან მიმართებაში ვგულისხმობ…

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- თქვენი ბავშვობის გაზაფხულს რომელი ყვავილის სურნელი ახლავს?
— ალბათ მწვანე, ხასხასა ბალახის სურნელი… გაზაფხული გურიაში ბევრად უფრო ადრე დგება, ვიდრე ჩვენთან, ხუდადოვის ქუჩაზე, ამიტომ იქაური განწყობა დღემდე მომყვება. როცა ადამიანი იგრძნობს, რომ დღე უფრო გრძელია, ვიდრე წინა კვირაში იყო, უკვე იმ დღეებიდან მიჩნდება ნოსტალგია იმ სურნელისა, რომელსაც ახალი ბალახი გამოსცემს. აი, ბალახზე რომ გაივლი და რომ გაიჭყლიტება — ეს სუნი მესიზმრება კიდეც…

ზურა შევარდნაძე
ზურა შევარდნაძე

- ახლა ცოტა სენტიმენტალურ განწყობაზე გადავედით და, ბუნებრივია, სწორედ ეს განწყობა მოაქვს ყვავილებთან და ყველაფერ ბუნებრივთან ჩვენს დამოკიდებულებას, ასეა?
— ასეა და სენტიმენტების გარეშე, აბა, ვინ ვართ? თუ ცოტა ნაღველი არ ახლავს თუნდაც გაზაფხულს, რა გაზაფხულია?! ამიტომ ეს გრძნობა საჭიროა. ახლა ამ წუთებში ჩვენ სტრესში ვართ, ამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ამდენი ადამიანი გველოდება, როდის გავხსნით ჭიშკარს… აქ ორი მომენტია: ერთი, რომ გვიხარია ამ ადამიანებთან ისევ შეხვედრა და, მეორე, გვინდა ისე დახვდეთ, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ. ამისთვის კი ბევრი ენერგია, შრომა და ფიქრი გვჭირდება.

გარდენია
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია"

- საინტერესოა, ადამიანების მსგავსად რამდენ ყვავილს ცნობთ?
— უნივერსიტეტში ერთი არაჩვეულებრივი ლექტორი, პროფესორი შურა ერქომაიშვილი მყავდა და ის ასე გვეუბნებოდა, თუ 2000 მცენარეს თავისი ლათინური სახელითა და გვარით ვერ სცნობ, მაშინ არ შეიძლება ბოტანიკოსობაზე გქონდეს პრეტენზიაო. მე სანამ მებაღე გავხდებოდი, ბოტანიკოსი ვიყავი, ამიტომ საშუალო ბოტანიკოსობაზე პრეტენზია მაინც მაქვს, თუ ამას სამებაღეო განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებასაც დავამატებთ, მაშინ 2000 ყვავილის ამოცნობა ნამდვილად შემიძლია.
- თქვენი ცხოვრების გერმანულმა პერიოდმა რა შეცვალა თქვენში?
— სისტემაში მოყვანის ცოდნა–გამოცდილება მიმაღებინა. ის მასწავლა, რომ შენი ცხოვრების ერთ დღეს, ერთ კვირას, ერთ გაზაფხულს, ან ერთ წელსა და სეზონს უნდა უყურო. ბაღს უყურო როგორც არა კონკრეტულად ერთ შესასრულებელ სამუშაოს, არამედ უყურო როგორც სისტემას, ზუსტად განსაზღვრო საქმე რითი უნდა დაიწყო, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა დასრულდეს.
- ანუ, ზემოთ რომ ვახსენეთ, ის სენტიმენტები მოაწესრიგა?
— დიახ, ჩემი სენტიმენტები დააცხრო. გერმანიაში მას ნაკლებად სცნობენ და ემოციების ხარჯვით დიდად თავს არ იწუხებენ. უფრო საქმით არიან დაკავებული, ამიტომ იქ მიღებულმა განათლებამ ჩემი რომანტიკული ბუნება ცოტა გააწონასწორა.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexancer Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- ამბობენ, ყვავილებს უყვართ, როცა მათ ელაპარაკებიანო, თქვენ ელაპარაკებით მათ?
— იცით, აქ ლაპარაკი, ალბათ, გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება, თორემ ვის სცალია, რომ, მაგალითად, იაპონური კომშის ბუჩქებს ელაპარაკოს?! ლაპარაკი ჩემ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ გაიგო, ის რას გეუბნება. ყვავილი ხომ შენ ტყვეობაშია, შენ ბაღშია, ქოთანშია მოქცეული, ამიტომ ბევრი რამ აწუხებს და თავს ლაღად ვერ გრძნობს. შესაბამისად, უნდა გესმოდეს, რას გეტყვის ის შენ. მაგალითად, გეუბნება: მწყურია, მცივა, ახლა მზე მჭირდება, ახლა ქარი მიბერავს და აქ ვერ ვგრძნობ თავს კარგადო. ან კიდევ: ბევრი წყალი მოგივიდა და არ მომწონს, ვიხრჩობიო. თუ ამის მოსმენას შეძლებ, ჩათვალე, რომ ისინი გელაპარაკებიან და შენც შენი მოქმედებით მათ პასუხობ. ანუ, ყველაფერს აკეთებ, რომ მათ უკეთესად იგრძნონ თავი. ეს უკვე მათთან მეტყველებასა და საუბარს ნიშნავს.

გარდენია გაზაფხულის შესახვედრად ემზადება
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
"გარდენია" გაზაფხულის შესახვედრად ემზადება

- საერთოდ, ადამიანებს ქვეცნობიერად ყვავილებთან თუ აიგივებთ ხოლმე?
— რა თქმა უნდა. მცენარეები ცოცხალი ორგანიზმები არიან, მაგრამ იმის არ მჯერა, რომ მათ ნერვული სისტემა აქვთ და სტკივათ. თუმცა ადამიანის ცხოვრებას თავისი სასიცოცხლო ციკლით ძალიან ჰგვანან. მცენარე ითესება, შემდეგ ეს თესლი ღვივდება, გაღვივებული თესლიდან აღმოცენდება, სავეგეტაციო ორგანოებს ივითარებს, შემდეგ ყვავის და ესაა ყველაზე საუკეთესო პერიოდი, რაც კი შეიძლება მცენარის ცხოვრებაში არსებობდეს. და როცა ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, აყვავდება! ის მაშინ ყველაზე კარგი სანახავია. შემდეგ დაიყვავილებს – ამ დროს უკვე ცუდი შესახედია, იმიტომ რომ მთელი ენერგია ამ ყვავილობას მოახმარა და მერე დაღმა სვლას იწყებს. ბოლოს გამომშრალი, გამოწურული, დახარჯული, დაუძლურებული კვდება… და ამიტომ ეს მებაღისთვის ნათლად დასანახი ამბავია. ამიტომ ეს სასიცოცხლო ციკლი და თანმიმდევრობა, როგორც ადამიანების შემთხვევაში, ყვავილებშიც დაცულია. ოღონდ დამატებით ჩვენ ვმღერით, ვცეკვავთ და სხვა ისეთ რამესაც ვაკეთებთ, რაც მცენარეებს არ შეუძლიათ.


- ბატონო ზურა, ამ გაზაფხულის პირს თქვენი ედემიდან დეპრესიულ ქართველებს რას ეტყოდით?
— არ არიან ქართველები დეპრესიულები! ეს უბრალოდ მოდაა ახლა ასეთი, რომ იძახონ დეპრესია გვჭირსო! მე დეპრესიულ ქართველს არ ვიცნობ და თუ სადმეა, მას ასე ვეტყოდი: გარეთ გამოდით! მზიანი დღეები და გაზაფხულია! არ შეიძლება ამ დროს სახლში იჯდე! უფულოდაც შეიძლება გარეთ გამოსვლა, გავლა–გამოვლა, ის, რომ თვალს წყალი დაალევინო, შეიგრძნო გაზაფხულის სურნელი. ამას რომ დააკლდე – ეს ხომ საცოდაობაა?!.

მთავარი თემები