09:27 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2364040

მარიამ ღუდუშაური და შუშანა ბებო დღეს ინტერნეტ-სივრცეში ყველაზე პოპულარული ბებია-შვილიშვილია. მათ ვიდეოებს ასიათასობით ნახვა აქვს, უამრავ ადამიანს შეაყვარეს თავი.

შუშანა ბებო 84 წლისაა, განსაკუთრებით უყვარს თავის მოვლა, წითელი ტუჩსაცხი და ფრჩხილის ლაქი. თვლის, რომ ქალი სახლშიც და გარეთაც სულ ფორმაში უნდა იყოს. მარიამი უფრო ვრცლად გვესაურა შუშანა ბებოზე, მის განვლილ ცხოვრებაზე და ახლოს გაგვაცნო ბევრისთვის საყვარელი ქალბატონი.

მარიამი და შუშანა ბებო
მარიამი და შუშანა ბებო

- ასიათასობით ადამიანი უყურებს თქვენს ვიდეოებს, თუმცა ალბათ ახლოს ძალიან ცოტა გიცნობთ. გაეცანით ჩვენს მკითხველს.

- პირველ რიგში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხალხს ამხელა სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ბებო მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგი იყო, ამასთან მუშაობდა ინტერნატში, ზრდიდა ბავშვებს, ეხმარებოდა მათ საგნების მომზადებაში. რაც შემეხება მე, ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში პიარ-მენეჯმენტზე, წელს ჩავაბარე და პირველ კურსზე ვარ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა და ბებო. 

შუშანა ბებო დედაჩემის დედაა. ბებოს განსაკუთრებით უყვარს ცეკვა და სიმღერა. დღე არ გავა, რომ ფანდურზე არ დაუკრას და არ იმღეროს. გიჟდება წიგნების კითხვაზე, ამასთან მთელი დღის განმავლობაში ქსოვს. სულ ამბობს, უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლიაო. მოკლედ, მთელი დღის განმავლობაში ერთად ვერთობით.

მარიამი და შუშანა ბებო
მარიამი და შუშანა ბებო

- ელოდით, რომ თქვენი და შუშანა ბებოს ვიდეოებს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა?

- ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამდენი ხალხი გაგვიცნობდა. ორი თვეც არ არის გასული, რაც გამოვჩნდით სოციალურ ქსელში და უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გვიცნობს და ვუყვარვართ. თავიდან საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი, მანამდეც ხშირად ვდებდი ბებოს ვიდეოებს ჩემს პირად გვერდზე. ანალოგიურად დავდე ვიდეო „ტიკტოკზეც“ და საკმაოდ მალე აიტაცა ხალხმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად თვალს გვადევნებს და ამხელა სიყვარულით აბედნიერებს ბებოს.

მარიამი და შუშანა ბებო
მარიამი და შუშანა ბებო

- რომელი იყო პირველი ვიდეო, რომელმაც ასეთი პოპულარობა მოგიტანათ?

- პირველ დღეს რამდენიმე ვიდეო დავდე ერთდროულად. ამ ვიდეოებიდან კი განსაკუთრებული პოპულარობა „ჩიფსის“ ვიდეომ მოიპოვა.

- წლები გარკვეულწილად ცვლის ადამიანს. თქვენი ბავშვობა გაიხსენეთ, როგორი ბავშვი იყავით და შუშანა ბებო როგორი იყო მაშინ, რამდენად იყო ჩართული თქვენ აღზრდაში?

- ბებოსთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. დღესაც ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანია. ყველაფერი იცის ჩემ შესახებ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დედაზე ახლო ურთიერთობა ბებოსთან მაქვს. საკმაოდ მოსიყვარულე და თბილი ბავშვი ვიყავი. ის სიყვარული, რაც დედის მიმართ უნდა გამომეხატა, ყველას მიმართ გამოვხატავდი და, ასე ვთქვათ, ვივსებდი დედის მონატრებას. ბებოს მეექვსე შვილიშვილი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ. ბებოს ბავშობიდან ვაბრაზებდი, განსაკუთრებით, შოკოლადებზე.

როგორც აღვნიშნე, ბებომ გამზარდა, დედობრივ სიყვარულს და სითბოს მისგან ვიღებდი. ყველაფერი კარგი და ძვირფასი მახსოვს მისგან, ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა ჩემზე. ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და უსაზღვროდ მიყვარს.

- ხშირად ახსენებს მეუღლეს. მის შესახებაც მოგვიყევით.

- ბებოს მეუღლე მძღოლად მუშაობდა. შემდეგ, როდესაც თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ბებო და პაპა მეზობელი სოფლებიდან იყვნენ და ხშირად უწევდათ ერთმანეთის ნახვა. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ორმოცი წელი იცხოვრეს ერთად და ოთხი შვილი შეეძინათ.

- ალბათ რთული იყო შუშანა ბებოსთვის მისი დაკარგვა. როგორ იხსენებს ერთად გატარებულ წლებს?

- ბებოსთვის ძალიან ძვირფასია პაპასთან ერთად გატარებული დრო – განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული ჰქონდათ.

- რა თვისებებით ჰგავხართ ბებიას და რა თვისებებით გინდათ რომ ჰგავდეთ?

- ბებოს არაფრით არ ვგავარ, მაგრამ ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს. თითქმის ყველა საკითხში ვუგებთ ერთმანეთს. ჩემი „ბისკვიტი“ ქალის ეტალონია ჩემთვის. ყოველთვის მეუბნება, ქალი ფორმაში უნდა იყოს და თავს უნდა უვლიდესო. თუ დამინახავს, რომ სახლში ხალათით დავდივარ, მაშინვე ჩხუბს მიწყებს და მეუბნება, ძროხების მოსაწველად რომ მივდიოდი, ჯერ პომადას ვისმევდი, და შენ რა „მოფლაშული“ დადიხარო. მეც მინდა, რომ მას ვგავდე და მისნაირი სიბერე მქონდეს.

- უთქვენოდ ძალიან იწყენს. როგორ ფიქრობთ, როგორ შეეგუება, როცა პანდემიის შემდეგ უფრო ხანგრძლივად მოუწევს ხოლმე თქვენთან განშორება?

- დიახ, ჩემ გარეშე ვერ ძლებს. თუ სადმე მივდივარ, თუნდაც რამდენიმე საათით, მებუტება და ხმას არ მცემს. უნდა, რომ სულ მასთან ვიყო, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებ დილიდან საღამომდე სახლში ყოფნას. სახლიდან რომ გავდივარ, სულ მოწყენილია, პომადის წასმაც აღარ უნდა და ერთი სული აქვს მივიდე სახლში.

მთავარი თემები