13:19 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
112840

ეს მასალა იმაზეა, თუ რა გააკეთეს ქართველებმა იმისთვის, რომ პანდემიის დროს ამერიკაში ერთმანეთი არ დაეკარგათ...

თავის დროზე უკვე გაგაცანით ნიუ-იორკში მცხოვრები პლასტიკური ქირურგი მაია აქვავივა-დვალაძე, რომელსაც ამერიკაში კულინარიის სფეროში ნოვატორად თვლიან. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის ცენტრში მან ქართული რესტორანი გახსნა.

მას შემდეგ, რაც იქ „ლოკდაუნი“ გამოცხადდა და მსგავსი ობიექტები დახურეს, უსაქმოდ მაინც ვერ გაჩერდა და ამერიკულ მეგაპოლისში რაჭული ოდა წამოჭიმა.

რაჭული ოდა მანჰეტენზე
რაჭული ოდა მანჰეტენზე

- ქალბატონო მაია, თქვენი რესტორანი უკვე ცნობილია ნიუ-იორკში...

- დიახ, ეს ამბავი ჩვენთვის ძალიან საამაყოა. რესტორანი ჩვენ 2019 წელს გავხსენით. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ დღეს ეს ადგილი არა მარტო ქართველებშია პოპულარული, ამერიკელებშიც, რაც ძალიან გვეამაყება. ნიუ-იორკმა ქართული გემო ჩვენი დახმარებით გაიცნო და ქართული სტუმარმასპინძლობაც აქ ნახა.

რაჭული ოდა მანჰეტენზე
რაჭული ოდა მანჰეტენზე

- თავიდან, როცა „ლოკდაუნი“ გამოცხადდა, ნიუ-იორკი, თურმე, კარვების ქალაქს ჰგავდა...

- როცა რესტორნები დაკეტეს, უფლება მოგვცეს, რომ outside dining გაგვეკეთებინა. მაშინ გვეგონა, ყველაფერი მალე დამთავრდებოდა, ამიტომ კარვები დავდგით. მთელი ნიუ-იორკი მართლა კარვების ქალაქს დაემსგავსა. მერე 25% დაუშვეს რესტორნებში ხალხი, ახლა ისევ აკრძალეს. ეს შეფუთული კარვები კი ზამთრისთვის უვარგისი აღმოჩნდა.

რაჭული ოდა მანჰეტენზე
რაჭული ოდა მანჰეტენზე

- ვიცი, რომ გამოსავალი მაინც იპოვეთ, ამჯერად რა მოიფიქრეთ?

- როცა რესტორანი დაგვიკეტეს, უფლება მოგვცეს, რომ ხის ოდა ავაშენოთ იქ, სადაც მანქანების პარკინგია. მთავრობამ შემოგვთავაზა – თუ რამის შნო გაქვთ, ა, ბატონო, და გამოიყენეთ ეგ ადგილიო. ახლა უამრავი რეგულაცია მოქმედებს და სტანდარტში უნდა ჩავმჯდარიყავით. ჰოდა, არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ და ფიცრული რაჭული ოდა ჩავდგით. ბევრი ჩვენი კლიენტი დღემდე გვიჭერს მხარს და ყველანაირად გვეხმარება, რომ ეს კრიზისი გადავიტანოთ.

ქართველები რაჭულ ოდაში
ქართველები რაჭულ ოდაში

- წლების მერე ალბათ ეს ამბავი რთული დასაჯერებელი იქნება...

- წლების შემდეგ, როცა შვილიშვილს მოვუყვები, მანჰეტენზე, “აფერ ისტ საიტზე” (Upper East Side) ოდა ავაშენეთ–მეთქი, ალბათ იფიქრებს, ბებიაჩემს ალცჰაიმერმა მოაკითხაო. არადა, მართლა ავაშენეთ. ყველამ იცის, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისი ვარ. მჯერა, ყველაფერი კარგად არის და უკეთესად იქნება. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდით, მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი.

მაია აქვავივა
მაია აქვავივა

- შეგიძლიათ დაასახელოთ ისინი...

- მათგან ერთ-ერთი თბილისელი ებრაელია, რომელიც ყველანაირად გვერდში გვიდგას. ოღონდ ოდა არ დამიკეტოთ და რაც საჭირო იქნება, აქ ვარო. ამას რომ გეტყვის ადამიანი, მით უმეტეს ნიუ-იორკში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ ოდის არქიტექტორ-დიზაინერი თავად გახლავართ. პროექტის ავტორი და მშენებელი დავით ცხვარიაშვილია და მისი გუნდი: ალექს პოპოვი, ლევან სუხიაშვილი, პაატა ალავიძე და ლაშა მაისურაძე. მოკლედ, დღეს ოდა მზადაა, გვერდით „ჩეჩმა“ ტუალეტიც არის აშენებული. ოდესმე ყველაფერს სიცილით გავიხსენებთ და ვიამაყებთ, რომ ეს შევძელით. ა, ბატონო, ავაშენეთ!..

ახალი წელი ნიუ-იორკში
ახალი წელი ნიუ-იორკში

- 31 დეკემბრის ღამეს სად შეხვდით?

- ჩვენ 31-დან ვქეიფობთ, ახალ წელს ნიუ-ჯერსიში შევხვდით ჩემი ერთ-ერთი პარტნიორისა და მეგობრის ლაშა მაისურაძის სახლში, მის მეუღლესთან და სტუმრებთან, ანუ რაჭველებთან ერთად. ჩვენს სუფრაზე ყოველთვისაა და ახლაც იყო რაჭული ლორი, ლობიანი და წითელი ღვინო.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- მეკვლე თუ გყავდათ?

- მეკვლის ტრადიცია უცვლელია, ოდაში მე ვიყავი მეკვლე, ლაშასთან ლაშას შვილი ნიკოლოზი და ძაღლი ჩარლი იყო.

- უკვე ვხვდებით, რომ პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა...

- მართლაც ასეა. ვიცი, ეს რთული პერიოდი რომ ჩაივლის, ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია. ცხოვრებაში რაც გვეძლევა, გაკვეთილია, სულ რაღაცას ვსწავლობთ. მთავარია, გამოცდა კარგად ჩავაბაროთ და „მაღალ კლასში“ გადავიდეთ. კიდევ, სიყვარული არ დავკარგოთ - გვიყვარდეს ღმერთი, სამყარო და ერთმანეთი!..

მთავარი თემები