06:25 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
124730

ახალი წელი დროა, როცა წლის განმავლობაში დაგროვილ სახალისო ამბებს, ან იმ ისტორიებს ვიხსენებთ, რომელთა მოყოლა არასოდეს გვბეზრდება. ამ საახალწლოდ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს რესპონდენტებს ვთხოვოთ ერთი ასეთი ამბავი გაიხსენონ.

„სად ხარ, გამვლელო, შობა–ახალ წელს გილოცავ!“

მსახიობი და პოეტი ზაზა მაღალაშვილი:

ზაზა მაღალაშვილი
ზაზა მაღალაშვილი

სიცოცხლეს ვფიცავ, ნამდვილ ამბავს გიყვებით, რომელიც წელს, ძველი სტილით შობა დღეს, 25 დეკემბერს მოხდა. ღამის ორის ნახევარია და პოლიცია მირეკავს - მოქალაქე დაგვიკავშირდა, რომ თქვენი მანქანის გვერდითი მინა ბოლომდეა ჩაწეულიო. გავოგნდი, უცებ გამახსენდა, რომ იქვე, „ტორპედოზე“ მეწყო ჩემთვის ძვირფასი ნივთები – ზამთარ-ზაფხულის სათვალეები, სმუს-ჯაზის 20 დისკი და ტყავის ხელთათმანები, რომელიც აწ გარდაცვლილმა ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. გავცოცხლდი და უცებ გავთბი. მინდა მადლობა გადავუხადო და ულამაზესი ახალი წელი ვუსურვო იმ "გამვლელს", რომლის სახელი და გვარი არაფრით არ მითხრა პოლიციამ – არ გვაქვს უფლებაო. წარმოიდგინეთ, იმ შუაღამეს გაყინულ ქალაქში ქუჩაში ჩემს მანქანასთან დგას კაცი, პოლიციაში რეკავს და მის მოსვლამდე ფეხს არ იცვლის. ასეთი რამ პატარა სასწაულია და ძალიან დასაფასებელია...

ერთადერთი ნათურა, რომელიც გულს ათბობდა

მუსიკოსი ირაკლი ახალაია:

ირაკლი ახალაია
photo: courtesy of Irakli Akhalaia
ირაკლი ახალაია

დაახლოებით მეშვიდე-მერვე კლასში ვარ, უშუქობის წლები იყო. მაშინ ახალი წელი ორმაგად გვიხაროდა. პირველი ის, რომ ახალი წელი იყო და მეორე, რაც არანაკლებ გვიხაროდა - რამდენიმე საათით შუქი მოდიოდა. ის ერთადერთი გაჩახჩახებული ნათურა არა მარტო ოთახს ანათებდა, არამედ გულებსაც გვითბობდა. თოვლიც რაღაცნაირად თბილი ხდებოდა. საკრავებით შეიარაღებული მე და ჩემი დაიკო ახალი წლის დადგომამდე ვესტუმრებოდით ხოლმე მეზობლებს, სადაც თანატოლები გვეგულებოდა. ჯერ იმ ოჯახს ვამხიარულებდით და მერე ჩვენს თანატოლებს ჩვენთან, სახლში წამოვიყვანდით. ასეთი რაღაც მისტიკური სიხარული და ბედნიერება დილამდე გრძელდებოდა. მართლა საოცარი იყო, მენატრება ის წლები...

საახალწლო გადაღება ცნობილ მხატვართან, ანუ „ჯერ გარდაფხაძის დედა მოვ...ნ, მერე თქვენი ცეკასი“

კინორეჟისორი, კინოაკადემიის წევრი თენგიზ მალანია:

თენგიზ მალანია
თენგიზ მალანია

ეს ამბავი ახალი წლის დადგომამდე მოხდა. იმ დროს საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდია სულ რაღაც ერთი წლის ჩამოყალიბებულია. მე ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი ვარ, 19 წლის და უკვე რეჟისორის ასისტენტი... ამ ასაკში იმ დროს და თანაც ერთადერთ ტელევიზიაში მოხვედრა ნამდვილი საოცრება იყო. ჰოდა, ბედნიერებისგან კი არ დავდივარ, დავფრინავ! სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი რეზო ჩხეიძე თავის კაბინეტში მიბარებს. ვიცი, არაფერი დამიშავებია, მაგრამ კომუნისტური დროა და გულმა რეჩხი მიყო. ჯერ კიდევ შორსაა ის დრო, როდესაც ბატონი რეზო ჩემი უფროსი მეგობარი, მე კი მისი კოლეგა გავხდები. მის სამუშაო კაბინეტში შესულს სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი პატარა ბიჭს ფეხზე წამომიდგა, ხელი გულთბილად ჩამომართვა და ჩემი მღელვარებაც სადღაც გაქრა. 

- თენგიზ, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ტელეფილმების სტუდიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის საუკეთესო და გამოჩენილ მოღვაწეებზე მოკლე კინოსიუჟეტები მომზადდეს, რომლებიც საახალწლოდ ეთერით გადაიცემა. შენ ჩვენი სასიქადულო მხატვარი ელენე ახვლედიანი „გერგო". დარწმუნებული ვარ, რომ თავს გაართმევ და საინტერესო სიუჟეტს გადაიღებ.

დათქმულ დროს ჩვენი გადამღები ჯგუფის ავტობუსი გაჩერდა ქაშუეთის ეკლესიის ჩასახვევში, სადაც ქალბატონი ელენე ახვლედიანი ცხოვრობდა და იქვე არსებულ სამხატვრო სახელოსნოში ქმნიდა თავის შედევრებს. ვიდრე ბიჭები მაშინდელ უზარმაზარ კინოგადასაღებ და ხმის ჩამწერ აპარატურას ამოათრევდნენ, მეორე სართულზე ავირბინე და სახელოსნოს კარებზე მოკრძალებით დავაკაკუნე. კარი თავად მასპინძელმა, მაღალმა, ჭაღარაშერეულმა, სანდომიანმა, მაგრამ მკაცრი გამომეტყველების ქალბატონმა გამიღო. წამით სუნთქვა შემეკრა – ჩემ წინ ცოცხალი ლეგენდა, მხატვარი ელენე ახვლედიანი იდგა. უზარმაზარ სახელოსნოში შემიძღვა, სავარძელში მოკალათდა, ფეხი ფეხზე შემოიდო და თავისი ბოხი ხმით მითხრა: „გისმენთ, ყმაწვილო!"

დაბნეულობის გასაფანტად და ჩემი მისიისთვის მეტი მნიშვნელობის შეძენის მიზნით თავი გამოვიდე და იმდროინდელი ეპოქისთვის დამახასიათებელი ყველაზე იდიოტური ფრაზეოლოგია მოვიშველიე: ქალბატონო ელენე, ჩვენ დავალებული გვაქვს თქვენზე საახალწლო კინოსიუჟეტი შევქმნათ, რომელიც მომავალ თაობებსაც ექნებათ საამაყოდ. ეს დავალება საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარისგან, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატისგან, ამხანაგ კარლო გარდაფხაძისგან მოდის–მეთქი.

ცოცხალი ლეგენდის წინ ვზივარ და ველოდები მის აღფრთოვანებას. მან კი, არც აცია, არც აცხელა და მეუბნება – ჯერ გარდაფხაძის დედა მოვ...ნ, მერე თქვენი ცეკასი და ბოლოს თქვენი უმაღლესი საბჭოც თან მივაყოლეო!

წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! საბედნიეროდ, ქალბატონ ელენეს იმ ისტორიული კინოსიუჟეტის გადაღებაზე უარი არ უთქვამს...

რატომ სცემეს კახელებმა თბილისელი მხატვარი?

მხატვარი ალექსანდრე ბუზარიაშვილი:

ალექსანდრე ბუზარიაშვილი
ალექსანდრე ბუზარიაშვილი

ახალ წელს მოსაყოლ ამბებზე სულ სტუდენტობა მახსენდება ხოლმე... ერთხელ, სტუდენტობის დროს კახეთში მეგობრის ქორწილში წავიყვანე ძმაკაცი, რომელიც ახლა ცნობილი მხატვარია. შუა სუფრის დროს ეს ჩემი ძმაკაცი მალ-მალე გავარდება ხოლმე და ცეკვას იწყებს. მერე უცებ სადღაც დაიკარგა. დავუწყე ძებნა, გარეთ გამოვედი და რას ვხედავ – ეს ჩემი ძმაკაცი მოუქცევიათ შუაში კახელებს და ცემას უპირებენ. ძლივს გავაგდებინე ხელიდან. თურმე საქმე იმაში იყო, რომ ყოველი ცეკვის დროს რამდენი ხელებს გაშლიდა, მუსიკოსებს ფულის ნაცვლად სტუდბილეთს უჩვენებდა. ეს რამდენჯერმე გამეორდა. მოკლედ, გააგიჟა კახელები, რომლებმაც მისი ქცევა დაცინვად ჩათვალეს.

„ბავშვები არ შემიშინოთ“, ანუ შეზარხოშებული თოვლის ბაბუა

საცირკო ხელოვნების მსახიობი, სტაჟიანი თოვლის ბაბუა ოლეგ თავაძე:

ოლეგ თავაძე
ოლეგ თავაძე

შეიძლება ახალ წელს ვინმემ სურვილის შემთხვევაში სმა აირიდოს თავიდან, მაგრამ არა ქართველმა თოვლის ბაბუამ. ასე ხდება ყოველ ახალ წელს, სადაც სულ დავდივარ ხოლმე ოჯახებში, რათა ბავშვები გავახალისო. მოკლედ, „გაგანია“ 31-ია და გამოძახებაზე ვარ. ბავშვების მერე, როგორც ხდება ხოლმე, მათი მამების ხელში ვხვდები სუფრაზე. შარშანაც ასე იყო. აქ დალიე, ეს დამილიე... ჰოდა, ერთი...ორი...სამი... და ბოლო ოჯახში რომ მივედი, უკვე გადაღრეცილი ვიყავი. კარებზე ზარს ვაჭერ და ხელს ვერ ვიღებ. გამოდის მასპინძელი, მიყურებს გაოგნებული და თითი მიაქვს ტუჩებთან – სსსსუუუუ, მეუბნება. შევდივართ სამზარეულოში, იქაც დავლიე ორი ჭიქა და მასპინძელი მეუბნება – ძალიან გთხოვ, დილით მოდი რა, ბავშვები არ შემიშინოს თოვლის ბაბუამო. მოკლედ, წელს სხვანაირად მოვიქცევი, ახლა უკვე ვცდილობ აღარ დავლიო, გამოსწორდა კუჭკუჭი.

გაკვეთილების ნაცვლად იხვებზე ნადირობა

რაჭის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი გურამ გორდეზიანი:

გურამ გორდეზიანი
გურამ გორდეზიანი

რადგან ახალი წელი ყოველთვის ბავშვობას გვახსენებს, სკოლისდროინდელ ამბავს გავიხსენებ. სკოლაში ძალიან განვიცდიდი იმ ამბავს, რომ მასწავლებლის შვილი ვიყავი, რადგან ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაიძულებდა. ერთხელ ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა, ცხონებულმა ვენერა კიკვიძემ დავალება შემიმოწმა და როცა ვერ ნახა მისთვის მოსაწონი რამ, დამუნათება დამიწყო – რა არის ბიჭო ეს? მასწავლებლის შვილი მაინც არ იყო! მე, გაჯავრებულმა იმით, რომ მტკივნეულ ადგილზე დამაბიჯეს, ცივად მივახალე:

- ვერ მოვასწარი მასწ, იხვებზე ვიყავი სანადიროდ.

რა მითხრა თუ იცით? შენ, ჩემო გურამ, მატყუარაც ყოფილხარო. რატომ–მეთქი, შევეკითხე. აბა, როდის იყო ბატი იხვზე ნადირობდაო. მის პასუხზე მთელი კლასი ხარხარებდა და ამ ამბავს დღემდე ვიხსენებთ.

გურული კაცი მარშუტკაზე და გურულად დალოცვა

ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი გოდერძი გარაყანიძე:

მარცხნიდან: სიმფონიური ორკესტრის წევრი ვაჟა ცენტერაძე, დირიჟორი რევაზ ტაკიძე და ორკესტრის ვალტორნისტი და თეატრის ბიბლიოთეკარი გოდერძი გარაყანიძე
თ. გოგნიაშვილი.
მარცხნიდან: სიმფონიური ორკესტრის წევრი ვაჟა ცენტერაძე, დირიჟორი რევაზ ტაკიძე და ორკესტრის ვალტორნისტი და თეატრის ბიბლიოთეკარი გოდერძი გარაყანიძე

რადგან გურულებზე ძალიან ბევრი ანეკდოტია გავრცელებული და სხვებისგან განსხვავებით ჩვენ „მაი ანბავი არ გვწყინს“, მოგიყვებით ერთს: გურული კაცი გამოექცა თოხს და ყანას და თბილისში "მარშრუტკაზე" დაიწყო მუშაობა მეიდანი–ორთაჭალის რეისზე. ორთაჭალაში არის ე.წ. „ჩულქების ფაბრიკა“ – ხალხში ასე ეძახდნენ.

ერთხელ, როცა მიუახლოვდა ამ ფაბრიკას, ერთობ გადაპრანჭული ქალბატონი მგზავრი წამოიწია სავარძლიდან და ეუბნება:

- ბატონო, „ჩულქებთან” რომ მიხვალთ, შეჩერდით.

გურული მძღოლი კი პასუხობს:

- ქალბატონო, ჩულქებთან რომ მივალ, მერე რაღა გამაჩერებს?!

გურულმა ქალებმა რომ წყევლა იციან, ჩვენს მტერს, მტრისთვის სათქმელი „დასალოცი“ სიტყვებიც მახსენდება, გურიაში იციან თქმა: ვინცხამ რაცხა დაგვიშავოს, ილანჯუხმა მოსტეხა კისერი და იმფერი დამართოდეს, ორი ორს ეკითხებოდესო! რაც შეეხება საახალწლო დალოცვას, ბებიაჩემმა ასე იცოდა: ღმერთმა არ მოგაკლოთ მშვიდობა და ერთი ინჯრა დღეშიო!..

მთავარი თემები