19:02 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
68210

ალბათ სიკეთის გაკვეთილებს ბავშვები ყველაზე უკეთ მაშინ ითვისებენ, როცა ამის მაგალითი, მასწავლებლის სახით, თვალწინ აქვთ.

„ასეთ დროს ორმაგად ბედნიერი ვიყავი რადგან გვერდით ჩემი მოსწავლეები მედგნენ“- აცხადებს ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა ყურშუბაძე. იგი დღეს იმ სკოლაში მუშაობს, რომელიც თავად დაამთავრა. პანდემიანდე მის საქველმოქმედო საქმეებში, საკუთარი სურვილით მოსწავლეებიც იყვნენ ჩართული. ასეთი აქტივობა ზოგჯერ პროგრამულ სწავლებაზე მნიშვნელოვანია, მით უფრო დღეს...

შეკვეთილის პარკში
შეკვეთილის პარკში

- ქალბატონო თეონა, ამბობენ, ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს თუ როგორი მოსწავლე იყო თავად...   

- მე ყველაფერი მახსოვს, რადგან იმ სკოლაში ვმუშაობ მასწავლებლად რომელიც დავამთავრე. აქ თითოეული კედელი, საკლასო ოთახი და ამ ოთახებში დღემდე შემორჩენილი ნახატები ჩემი ბედნიერი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა. მიყვარს ეს სკოლა თავისი წარსულით და აწმყოთი. მე კარგი მოსწავლე ვიყავი, თუმცა ძალიან ცელქი, ვიდრე გოგოს შეეფერება. სულ ბიჭებთან ერთად ვიყავი, რადგან საერთო ენას მათთან უფრო ვნახულობდი.

თეონა ყურშუბაძე
თეონა ყურშუბაძე

- მასწავლებლებიდან რომელმა დაგამახსოვრათ თავი?

- არ შემიძლია არ გავიხსენო რუსუდან ვადაჭკორია, რომელიც ისტორიას გვასწავლიდა. იმ პერიოდში საკმაოდ  „დაუმორჩილებელი“ კლასი ვიყავით, არ არსებობდა რაიმე გაგვეპროტესტებინა და რუსუდან მასწავლებელს ჩვენთვის მხარი არ დაეჭირა. ასევე მინდა ვახსენო  ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი, აწ გარდაცვლილი მაია დოლიძე, რომელმაც თავისუფალ თემებზე მსჯელობა და კრიტიკული აზროვნება შემაყვარა. თამამად ვიტყვი, რასაც ახლა თანამედროვე მიდგომებს ვეძახით ეს ყველაფერი ჯერ კიდევ რუსუდან და მაია მასწავლებლის წყალობით ჩვენ უკვე გავიარეთ.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- მასწავლებლობა შედიოდა თქვენს გეგმებში?

- ვერასოდეს წარმოვიდგენდი ოდესმე მასწავლებელი თუ გავხდებოდი. ძალიან მინდოდა მსახიობობა და მონაცემებიც ხელს მიწყობდა, მაგრამ 90-იანებში როცა ეს ვახსენე ოჯახში, სადაც უმრავლესობა ექიმია ან იმ დროს საექიმოზე სწავლობდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დატრიალდებოდა?!. მაშინვე გამომიყვანეს მეცხრე კლასიდან და პედაგოგიურ კოლეჯში მიკრეს თავი. ოთხწლედი საკმაოდ წარმატებით დავამთავრე. მალე გამოჩნდა ვაკანსია მეორე საჯარო სკოლაში, სადაც კვირაში რვა საათს ვატარებდი და ხელფასი რვა ლარი მქონდა...

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- საინტერესოა თქვენმა პირველმა გაკვეთილმა როგორ ჩაიარა?

- პირველი გაკვეთილი ცხოვრებაში არ დამავიწყდება. მეორე კლასში ჩავატარე, თურმე დედაჩემი საკლასო ოთახის კარებთან იდგა და ჭურჭუტანიდან მადევდებდა თვალს. როცა ზარი დაირეკა გარეთ გამოვვარდი, რადგან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა. მერე ტირილი დავიწყე და როცა კარებთან დედაჩემი დავინახე ამან სულ გადამრია. მაშინვე განვაცხადე: ჩემი ფეხი აღარ იქნება სკოლაში! თუმცა ამის შემდეგ ოცი წელი გავიდა და მე ისევ სკოლაში ვმუშაობ. ახლა სადამრიგებლო კლასის მესამე თაობას ვზრდი.

თეონა ყურშუბაძე
თეონა ყურშუბაძე

- მოსწავლეებისთვის თქვენი სიკეთის გაკვეთილები საუკეთესო მაგალითია იმისთვის, რომ სიკეთის არსი რეალურად გაიგონ...

- ქველმოქმედებას რაც შეეხება, ეს ჩემი ყველაზე მთავარი აქტივობა და საყვარელი დამატებითი საქმიანობაა. ეს თვისება ყოველთვის იყო ჩემს ბუნებაში, მაგრამ ადრეულ ასაკში არ მქონდა ამის შესაძლებლობა. მას შემდეგ რაც გავიზარდე, უკვე შევძელი, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებოდი. ამ მხრივ, გასაკუთრებით პანდემიის პერიოდში გავაქტიურდი. მე მყავს თანამშრომელი, რომელიც სოციალური მუშაკია, მისგან ვიგებდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ საჭიროებდა რეალურად დახმარებას-ეს იქნებოდა მრავალშვილიანი ოჯახი თუ ასაკოვანი ადამიანი, რომლისთვისაც სახლიდან გამოსვლა არ შეიძლებოდა. ამ საქმეში ჩავრთე ყველა ახლობელი, რომელიც ასეთ საქმეში მხარს მიჭერდა. ეს ხდებოდა თანხის ჩარიცხვით, შემდეგ მე ვყიდულობდი პროდუქტებს და მათ საკუთარი ავტომობილით ვანაწილებდი.

გაკვეთილზე
გაკვეთილზე

- თქვენი მოსწავლეებიც თუ იყვნენ ამ საქმეში ჩართული?

- პანდემიანდე მოსწავლეებთან ერთად, ვინც ამის სურვილს გამოხატავდა, მივდიოდით ბავშვთა სახლში და მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც მათთვის პატარა კონცეტრებიც ჩაგვიტარებია. ასეთ დროს ორმაგად ბედნიერი ვარ რადგან გვერდით ჩემი მოსწავლეები არიან.  დღის ბოლოს ენერგიადაცლილი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან თვალწინ მედგა იმ მოხუცების მადლიერებით სავსე თვალები და ბავშვების სიხარული...

აინშტაინის ფიგურასთან ერთად
აინშტაინის ფიგურასთან ერთად

- თურმე ქუჩის მაწანწალა ძაღლებზეც ზრუნავთ...

- უპატრონო ცხოვრელები ჩემი ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. მართალია, ადამიანებსაც უჭირთ, მაგრამ მათ იმის თქმა მაინც შეუძლიათ რა უჭირთ. ცხოველებისგან ამას ვერ ვიგებთ. ბოლო ორი წელია სოციალურ ქსელებში შევქმენი ჯგუფი „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“, რომელიც 5000 წევრისგან შედგება. მართლია, ჯგუფის ყველა წევრი აქტიური არ არის, მაგრამ აქაც დიდ როლს ისევ ჩემი სამეგობრო თამაშობს, ფიზიკურ დახმარებას ვგულისხმობ. დაავადებული ძაღლების მკურნალობა, მათი გამოკვება, ლეკვების დაბინავება საიმედო ოჯახებში- ეს ყველაფერი საკმაოდ რთული საქმეა და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

თეონა ყურშუბაძე
თეონა ყურშუბაძე

- ისევ სკოლას რომ მივუბრუნდეთ: გაიხსენეთ რაიმე ამბავი, რომელიც თქვენს გაკვეთილზე მოხდა...

 - ერთხელ როდესაც ახალდაწყებული მქონდა სკოლაში მუშაობა, ღია გაკვეთილის ჩატარება მთხოვეს. იმ კლასში იყო ტყუპი და: ანა და ლანა ჩხაიძეები, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს, ვერავინ არჩევდა. ვიფიქრე როგორ უნდა განვასხვავო ისინი ერთმანეთისგან მეთქი?!.. იცით, რა გავაკეთე? ერთ გოგოს შუბლზე დავაწერე „ლ” ,მეორეს „ა”. შემდეგ ღია გაკვეთილზე ბავშვებს თავისუფლად ვეძახდი სახელებს, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ არ შემეშლებოდა. როცა გაკვეთილი დამთავრდა, დირექტორმა გაოცებული სახით მკითხა: ასე ადვილად როგორ არჩევდი ტყუპ დებსო? მე ბავშვები მისკენ შევატრიალე და მათი შუბლი ვაჩვენე. უნდა გენახათ რამდენი იცინა...

თეონა ყურშუბაძე საქველმოქმედო აქციის დროს მოსწავლეებთან ერთად
თეონა ყურშუბაძე საქველმოქმედო აქციის დროს მოსწავლეებთან ერთად

- რა ფრაზას მისცემდით ბავშვებს „საზეპიროდ“- დიდ ცხოვრებაში წასაღებად?

- გააკეთე რაც გინდა, ნურავის მიბაძავ და იყავი ის, ვინც ხარ!..

 

მთავარი თემები