ძვირფასო, სული მევსება თოვლით...

© photo: Sputnik / Levan Avlabreli სახლი, სადაც ცხოვრობდა გალაქტიონ ტაბიძე
სახლი, სადაც ცხოვრობდა გალაქტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატია, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ოთხი წლის წინ დაიწერა ჩვენი რედაქციისათვის აწ უკვე გარდაცვლილი საოცრად ნიჭიერი ქალბატონის ლელა ანჯაფარიძის მიერ...

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს პირველად უნდა დავიტრაბახო: ამ დილით, სავარაუდოდ, თითქმის ყველა თქვენგანზე უფრო პრივილიგირებული ვარ, რადგან გუშინ ვიყავი იმ ბუმბერაზი კაცის სახლ-მუზეუმში (მის სასაცილომდე ძველ, შავ, ტრაპეციის ფორმის ტელეფონსაც კი მორიდებით შევახე ხელი), ვისი დაბადების დღეც არის დღეს, და ვინც ყველას გვიყვარს გულში. როცა პატარა ვიყავი, სიტყვას „მიყვარხარ“ „გულში“ რომ ვამატებდი, ნიშნავდა, რომ მიყვარდა უსაშველოდ. დღესაც, როცა „გავიზარდე“, ვამატებ ხოლმე, გრამატიკის ყველა კანონის დარღვევით…

ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ გალაკტიონ ტაბიძე – დიდი გალაკტიონი, ან, უბრალოდ, ჩვენი გალა, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1891 წლის 17 ნოემბერს.

ჩვენი მესაიდუმლე, ჩვენი სიამაყე, ჩვენი ღირსება, ნიჭი და გემოვნება! ჩვენი, ანუ ქართული, ქართული, ანუ – მთელი სამყაროსი… 

რადგან ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია შეიგრძნოს და წარმოთქვას:

„ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული…“

ან 

„ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი“…

რადგან ადამიანისთვის, რომელსაც ძლიერ უყვარს „იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა“ და თანაც „ათრობს მაისის თვალები“, რომელმაც იცის, რას ნიშნავს „დაბინდულ ქლიავის ფერი“, რომლისთვისაც „ქარი ქრის“ სამჯერ, რომელსაც გულის წკიპამდე უყვარს თავისი მერი, რომელიც რითმავს „სილაში ვარდს“ „სილაჟვარდესთან“… 

© ეროვნული არქივიგალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერები
ძვირფასო, სული მევსება თოვლით... - Sputnik საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერები

არ არსებობს საზღვრები – ის გენიოსია და ეკუთვნის, ალბათ, კოსმოსს…

მე არც ფილოლოგი ვარ, არც ლიტერატურული კრიტიკოსი და საერთოდ, ალბათ, უფლებაც არ მაქვს გალაკტიონზე საუბრის. ეს უბრალოდ ემოციის ამოხეთქვა იყო იმის შემდეგ, რაც შესანიშნავმა ქალბატონმა, გალაკტიონის მუზეუმის დირექტორმა ნატო გაბისონიამ პატარა ექსკურსია მომიწყო მარჯანიშვილის ქუჩის N4 სახლის მეორე სართულზე განთავსებულ გემრიელ და მყუდრო ბინაში, სადაც 1935-1959 წლებში ცხოვრობდა გალაკტიონ ტაბიძე.

პირველ რიგში საშინლად შემრცხვა, რომ ეს ადგილი მხოლოდ ასეთ სოლიდურ ასაკში მოვინახულე. როგორ შეიძლებოდა უამრავი წლის განმავლობაში არ გამჩენოდა სურვილი, გადამებიჯებინა იმ ზღურბლზე, რომლის იქითაც დააბიჯებდა დიდი გალაკტიონი? მენახა მისი წიგნების კარადა, საწერი მაგიდა და, ბოლოს და ბოლოს, შემესუნთქა „იმ“ ჰაერში გაბნეული ერთი ლამაზი რითმა მაინც…

მით უმეტეს, რომ ბავშვობაში უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი და სწორედ ამ სახლის წინ, რომელზეც გაკრული იყო მემორიალური დაფა, ყოველ დილით ვჯდებოდი წიწილისფერ ტროლეიბუსში, რომელიც პირველი საშუალო სკოლისკენ მიმაქანებდა.

სხვათა შორის, ჩემი უკრაინელი დედიკოც სიამაყით ჰყვებოდა, რომ ერთხელ ტროლეიბუსში მას ადგილი დაუთმო თავად გალაკტიონმა, სავარაუდოდ, ისიც სწორედ ამ გაჩერებაზე ჩასკუპდა ტროლეიბუსში.

© ეროვნული არქივიგალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერები
ძვირფასო, სული მევსება თოვლით... - Sputnik საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერები

ყველას ჩვენი გალაკტიონი გვყავს, ყველა ჩვენებურად ვართ მასთან დაკავშირებული. მაგალითად, მე სკოლის ოქროს მედალს სწორედ მას უნდა ვუმადლოდე, რადგან გამოსაშვებ გამოცდაზე ხელი ჩავიქნიე ორ საპროგრამო, კარგად მომზადებულ თემაზე და ავირჩიე თავისუფალი თემა — „რატომ მიყვარს გალაკტიონი“. თანაც გავბედე და მასზე ლექსი დავწერე. ქვევით ნაჩქარევად მივაწერე „საკუთარი“ და სასწრაფოდ დავტოვე აუდიტორია. საოცრად გამიკვირდა, მაგრამ „ფრიადიც“ მივიღე და მედალიც. ალბათ გალაკტიონი დამეხმარა, თორემ, აბა, რა ლექსი უნდა შემექმნა, რომ მედლის მისაღებად საჭირო ოთხივე ინსტანციაში „ფრიადი“ დაეწერათ?

მერე კიდევ ერთი საინტერესო “შეხვედრა“ მქონდა გალაკტიონთან: მესამე კურსზე საშინელ ავარიაში მოვხვდი და მიჯაჭვული ვიყავი საწოლს. ერთხელ გამომეღვიძა ღამით, ფანჯარაში ანათებდა ულამაზესი მთვარე, ყველას ეძინა. პირველი, რაც გამახსენდა, იყო „ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე“… გადმოვძვერი საწოლიდან, მოვძებნე კალამი და ქაღალდის ნაგლეჯი და მთვარის შუქზე რუსულ ენაზე ვთარგმნე „მე და ღამე“. რა თქმა უნდა, ისე არ ვთარგმნე, როგორც საჭიროა, მაგრამ ეს ჩემ ცხოვრებაში პირველი თარგმანი იყო და საუნივერსიტეტო კონკურსში მეორე ადგილიც მივიღე. ბუნებრივია, ისევ გალაკტიონი დამეხმარა – ალბათ, ისიც მიხვდა, რომ ძალიან მიყვარდა…

და კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება: ყოველ ზაფხულს დავდიოდით დასასვენებლად სოხუმში. როგორც წესი, 28 აგვისტოს, მარიამობაზე ყველა ვიკრიბებოდით ტყეში და ჩვენი თამადა, შესანიშნავი გურამ საღარაძე კითხულობდა გალაკტიონის „დედაო ღვთისავ, მზეო მარიამს“… ისე კითხულობდა, რომ დღემდე არ შემიძლია ამ ლექსის მოსმენა სხვისი შესრულებით.

უამრავი რამ მაქვს წაკითხული გალაკტიონ ტაბიძეზე. მისი ლექსები დღემდე მავსებს და მაოცებს. მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს გალაკტიონის ერთი ლექსი: 

„ის მიდიოდა ქუჩაში ერთი…

მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი“…

რაშია, იცით, საქმე და რა არის ყველაზე მტკივნეული?

გალაკტიონი მართლა „ერთი“ მიდიოდა და, სინამდვილეში, სულში მართლაც იყო „ლირი, ყველასგან მიტოვებული“, და, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ ის იყო მიუკარებელი, ამპარტავანი ან ამბიციური… ის, უბრალოდ, თავის ნიჭსა და გენიაში იყო აბსოლუტურად დაუცველი… 

რადგან, სამწუხაროდ, კაცობრიობამ ჯერჯერობით ვერ ისწავლა ასეთი ადამიანების დაფასება, და იმის გაცნობიერება, რომ მათი ღალატი და მათი შური არ შეიძლება…

ხომ არ შეიძლება შეგშურდეს, მაგალითად, მზის, ან უღალატო კაცს, რომელსაც „სული ევსება თოვლით“…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და გალაკტიონით გაჟღენთილ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0