01:24 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
20588870

იზიკო გოგრიჭიანი კერძო რეპეტიტორია, წლებია ბავშვებს ამზადებს. ამასთან ქმნის ხელნაკეთ ნივთებს, რაც თავდაპირველად ჰობი იყო, შემდეგ კი შემოსავლის წყაროდ იქცა.

იზიკოს და მისი დედამთილის ვიდეომ, სადაც მან დედამთილს ფეხმძიმობის ამბავი ამცნო, ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო. ემოციური ვიდეო ასი ათასობით ადამიანმა ნახა.

იზიკო, 27 წლის, რუსთავიდან:

- 18 წლიდან ვმუშაობ კერძო რეპეტოტორად და მყავს ჩემი მოსწავლეები, ვგიჟდები მათზე. პარალელურად მაქვს ჩემი სამყარო, ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს და საკმაოდ წარმატებული გვერდიც მაქვს. ეს ჩემი განტვირთვის საშუალება იყო, მაგრამ სამი წლის წინ პატარა ბიზნესად ვაქციე. მყავს საოცარი მეგობრები, თუმცა ჩემი საქმიანობის გადამკიდე ხშირი კონტაქტი ვეღარ მაქვს, ძირითადად მეუღლესთან ერთად ვატარებ დროს, მოსწავლეებთან და ჩემს მომხმარებლებთან.

იზიკო გოგრიჭიანი
photo: courtesy of Iziko Gogrichiani
იზიკო გოგრიჭიანი

- თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე, რამდენი ხანია, რაც დაოჯახდით?

- ვინც მე მიცნობს, იცნობს ჩემს მეუღლესაც. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და, რაც თავი მახსოვს, შეყვარებულები ვართ. 14 წლიდან ერთად ვართ. ფაქტიურად ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით. ოჯახის შექმნა არ ვიჩქარეთ. 10 წელი შეყვარებულები ვიყავით. ჩემი ინიციატივით შეფერხდა ჩვენი ოჯახის შექმნა და 10 წლის თავზე მივხვდით, რომ ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო ჩვენს ურთიერთობაში. ყველაფერი მონოტონურად მიდიოდა. 24 წლის ასაკში შევქმენით ოჯახი და ძალიან ბედნიერი ვარ, სწორი არჩევანი რომ გავაკეთე. პროფესიით მეხანძრე-მაშველია. მოგეხსენებათ, რთული პროფესიაა, სულ დაძაბული ვარ, თუმცა მეამაყება ხალხის სამსახურში რომ ვხედავ.

იზიკო გოგრიჭიანი მეუღლესთან ერთად
photo: courtesy of Iziko Gogrichiani
იზიკო გოგრიჭიანი მეუღლესთან ერთად

- თქვენმა ვიდეომ, თუ როგორ ახარეთ დედამთილს თქვენი ორსულობა, სოციალური ქსელი დაიპყრო. მოგვიყევით ეს ამბავი, როგორ და რატომ გაგიჩნდათ ასეთი იდეა?

- კი, ნამდვილად. ჩემი დედამთილის ვიდეო ჩემი მეუღლის ვიდეოზე ემოციური იყო და მიხვდებით ახლა რატომაც. ოჯახი რომ შევქმენით, თავიდანვე ვიცოდით, რომ შვილი ორი წელი მაინც არ უნდა გვყოლოდა. მინდოდა ფინანსურად მყარი ოჯახი გვქონოდა და არავის დასახმარებელი არ ვყოფილიყავით. მართლაც ნაყოფიერი იყო ეს 3 წელიწადი, საკუთარი ფინანსებით შევიძინეთ ბინა და დადგა საკითხი, რომ გვინდოდა ოჯახში ბავშვი. სიმართლე რომ გითხრათ, ეს სურვილი ჩემს მეუღლეს სულ ჰქონდა, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. 3 წელი გვისრულდებოდა ივნისში და უკვე შვილზე ფიქრიც დავიწყეთ. ჩემი დედამთილი პროფესიით ექთანია, პირველი მას გავანდე, რომ უკვე მზად ვიყავი ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ თვეები ისე გადიოდა, რომ დადებითი პასუხი არ ჩანდა. ამიტომ დედამთილმაც მირჩია, რომ ექიმთან წავსულიყავით. ძალიან განვიცდიდით. ამდენი წელი არ მინდოდა და იქნებ მე რომ მოვინდომე, ვეღარ დავრჩენილიყავი ფეხმძიმედ. ეს ფიქრები არ მასვენებდა. ძალიან განვიცდიდი. ვფიქრობდი დაკარგულ სამ წელზე და თავს ვიდანაშაულებდი, უკვე ექიმის ძებნას ვიწყებდი, რომ ტესტმა ორი ხაზი აჩვენა. ამ დროს მეუღლე ცვლაში იყო (კიდევ კარგი, თორემ ვერ მოვითმენდი და მაშინვე ვეტყოდი). ვერ აღვწერ რა ბედნიერება იყო ჩემთვის, სრული შოკი. როცა დავწყნარდი, ზუსტად მაშინ მოვიქირე, რომ დედამთილისთვის ქილა გამეკეთებინა და ოჯახის წევრების სურვილები (რომელიც უკვე გამზადებული მქონდა საჩუქრად) გამომეყენებინა და ჩემი სიხარულიც ასე გამენდო. მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან გვეგონა ექიმთან ვიზიტი და მკურნალობა დამჭირდებოდა. ქილაზე კი ვერც იეჭვებდა, რადგან დიდი ხანი მთხოვდა მისთვის ისეთი ქილა გამეკეთებინა, რასაც საიტზე ვყიდდი და ოჯახის წევრების წერილები ჩამეყარა. ასე რომ, მისთვისაც ეს ამბავი სრული შოკი და მოულოდნელობა იყო.

იზიკო გოგრიჭიანი მეუღლესთან ერთად
photo: courtesy of Iziko Gogrichiani
იზიკო გოგრიჭიანი მეუღლესთან ერთად

- ალბათ ემოციები კადრს მიღმაც გაგრძელდა და უფრო მძრაფრადაც. ამის შესახებ მოგვიყევით, როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს ამბავს?

- კი, რა თქმა უნდა მეუღლის და დედამთილის გარდა სხვებიც გავახარეთ. მათთვისაც მოულოდნელი იყო. არავინ გვაწუხებდა კითხვებით – „შვილს არ აპირებთ?“, რადგან ყველამ იცოდა ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, უფრო სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით ვუყურებდი ყოველთვის...

იზიკო გოგრიჭიანი მეუღლესთან ერთად
photo: courtesy of Iziko Gogrichiani
იზიკო გოგრიჭიანი მეუღლესთან ერთად

- ახლა რამდენი თვის ხართ და თუ იცით ვის ელოდებით?

- ახლა სამი თვის ვარ და სულ რამდენიმე დღეში გავიგებთ სქესს. ერთი სული გვაქვს ვნახოთ ვინ არის, სახელებიც კი შერჩეული გვაქვს, გოგონას ნატალის ვარქმევთ, ბიჭს დამიანეს.

იზიკო გოგრიჭიანის ხელნაკეთი ნივთები
photo: courtesy of Iziko Gogrichiani
იზიკო გოგრიჭიანის ხელნაკეთი ნივთები

- თქვენ საქმიანობაზეც მინდა ვისაუბროთ. ხელნაკეთ ნივთებს ქმნით, როდის დაიწყეთ და რა ნივთებს ქმნით?

- ბავშვობიდან მიტაცებდა ხელნაკეთი ნივთების შექმნა, გადაკეთება. თავისუფალ დროს ასე ვისვენებდი, მაგრამ სამი წლის წინ პატარა ბიზნესად ვაქციე. ჩემი ნივთები უბრალო, მაგრამ დასამახსოვრებელია. საუკეთესო სუვენირია მეგობრის და საყვარელი ადამიანების გასახარებლად. ჩვილებისთვის საწოვარას სამაგრებსაც ვამზადებ და ერთი სული მაქვს გავიგო სქესი, რომ ჩემს შვილსაც გავუკეთო.

იზიკო გოგრიჭიანის ხელნაკეთი ნივთები
photo: courtesy of Iziko Gogrichiani
იზიკო გოგრიჭიანის ხელნაკეთი ნივთები

- ორსულობას ხელი ხომ არ შეუშლია საქმიანობაში?

- ისეთი საქმიანობაა, როცა მინდა შემიძლია შევისვენო, არავინ მაძალებს დათქმულ დროს ვიმუშაო. ასე რომ, საერთოდ არ მიშლის, პირიქით. ნივთების დარიგება მეუღლის მოვალეობაა. ის ხვდება კლიენტებს და კურიერის პროფესიასაც ითავსებს ჩემი საქმიანობისთვის.

 

მთავარი თემები