სხვის თვალებში დანახული ბედნიერება – კიდევ ერთხელ სიკეთეზე

გამოწერა
ამ დღეებში, როდესაც კაცობრიობა თავსდატეხილმა, უცნობმა ვირუსმა საგონებელში ჩააგდო, ალბათ ყველაზე მეტად მათ გაუჭირდათ, ვინც სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყანაშია სამუშაოდ ჩასული.

ასეთ დროს ყველაზე მეტად აფასებ სანუგეშო სიტყვას და დახმარებისთვის გამოწვდილ ხელს, ღმერთს მადლობას სწირავ იმისთვის, რომ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი მოგივლინა...

ეს ამბავიც მორიგ სიკეთეზეა, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში ერთი პოსტის საშუალებით შევიტყვეთ და მისი ადრესატიც მოვძებნეთ.

პოსტის ავტორი იტალიაში ყოფნის 11 თვის შემდეგ ოჯახმა მოულოდნელად დაითხოვა ეკონომიკური მიზეზის გამო, თანაც ისე, რომ ხელფასიც არ გადაუხადა. პოსტით საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის ფულს ითხოვდა...

„უცებ პირადში მომდის შეტყობინება – გამარჯობა, სად ხართ? ან ბილეთს გიყიდით და გადმოგიგზავნით ან თანხას ჩაგირიცხავთო. ამას მწერს აბსოლუტურად უცნობი ადამიანი, რომელსაც კედელზე არც უაქტიურია. აი, ასე ჩუმად არავის დასანახად მომწერა პირადში და დახმარება შემომთავაზა. საოცარი შეგრძნება იყო, ეს იყო საქციელი, რომელმაც შეიძლება რწმენა დაგიბრუნოს, გამოგაჯანრთელოს, კაცობრიობა შეგაყვაროს, ეს იყო ჩუმი სიკეთე. ქალბატონი იყო ემიგრანტი იტალიაში თამარ ჩხეიძე. მეორე დღეს ჩემმა მეგობარმა ამიღო ბილეთი და მე სახლში დავბრუნდი. თითქოს წვრილმანია, მაგრამ ერთ სიცოცხლედ ღირს“.

ჩვენ დავინტერესდით და ეს პიროვნება აღმოჩნდა იტალიაში მყოფი თამარ ჩხეიძე, რომლის პირად გვერდზე ბევრი სამადლობელი სიტყვა დაგვხვდა.

© photo: courtesy of Tamar Chkheidzeთამარ ჩხეიძე
სხვის თვალებში დანახული ბედნიერება – კიდევ ერთხელ სიკეთეზე - Sputnik საქართველო
თამარ ჩხეიძე

როგორც ემიგრანტებისგან გავიგეთ, ქალბატონი თამარი, თურმე, დიდი ხანია, რაც ბევრ ჩვენიანს და, რაც მთავარია, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ეხმარება.

- ქალბატონო თამარ, პროფესიით პედაგოგი როდის გახდით ემიგრანტი?

- ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2003-დან 2011 წლამდე ვმუშაობდი. ემიგრანტი 2011 წელს გავხდი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

© photo: courtesy of Tamar Chkheidzeთამარ ჩხეიძე
სხვის თვალებში დანახული ბედნიერება – კიდევ ერთხელ სიკეთეზე - Sputnik საქართველო
თამარ ჩხეიძე

- გავიგე, ბევრი გემადლიერებათ. ამ პოსტის დამწერს, ვინც დახმარებას ითხოვდა, პირადად თუ იცნობდით?

- პირადად არ ვიცნობდი. ის პოსტი, სადაც ბილეთის თანხას ითხოვდნენ, ემიგრანტების გვერდზე ვნახე გამოქვეყნებული. „მიკა მიკა“ (მირანდა დგებუაძე) ითხოვდა დახმარებას, მას იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის ყიდვა უნდოდა. მე პირადში მივწერე, რომ დავეხმარებოდი და ბილეთის თანხა შევთავაზე. მეორე დღეს მირეკავს და მეუბნება, რომ ვიღაც ღვთისნიერს საქართველოდან უკვე უყიდია მისთვის ბილეთი. საუბრის დროს გავიგე, რომ თურმე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია. ვიფიქრე, უფალმა მომცა შანსი, რომ დავხმარებოდი და ჩემს შვილს მის ანგარიშზე თანხა ჩავარიცხვინე.

© photo: courtesy of Tamar Chkheidzeთამარ ჩხეიძე
სხვის თვალებში დანახული ბედნიერება – კიდევ ერთხელ სიკეთეზე - Sputnik საქართველო
თამარ ჩხეიძე

- როგორც მითხრეს, აქ მყოფ ბევრ ქართველს დაეხმარეთ...

- ფულად დახმარებას ვუწევ ისეთებს, ვინც უმუშევარია და გარეთ გასვლის უფლება არ აქვს. ბევრს თანხა ონლაინ გზით, ტელეფონით და დამალულად გადავურიცხე. ჩემი ასეთი ქველმოქმედებით მადლობას ვუხდი უფალს. ასე რომ, ბედნიერი ვარ... წუხელ ერთმა მომწერა, წამლის ფული უკვე მაქვსო, ამიტომ დღეს მშვიდად დავიძინებ...

© photo: courtesy of Tamar Chkheidzeთამარ ჩხეიძე
სხვის თვალებში დანახული ბედნიერება – კიდევ ერთხელ სიკეთეზე - Sputnik საქართველო
თამარ ჩხეიძე

- ამდენს რომ გასცემთ, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ბევრი თანხა გაქვთ, სად მუშაობთ?

- როცა ემიგრაციაში ხარ, დიდი თანხა არასოდეს გაქვს. მეც სხვების მსგავსად ოჯახში ვმუშაობ – 93 წლის ბებოს ვუვლი. ფლორენციის ერთ პატარა გარეუბანში ვცხოვრობ. მე თვითონაც ვალი მაქვს აღებული და თანხას მის დასაბრუნებლად ვაგროვებ. დასახმარებელი ფულიც იმ თანხიდან გავეცი. არა უშავს, ვიმუშავებ, კიდევ მოვაგროვებ და ვალსაც გავისტუმრებ. მთავარი ადამიანის სიცოცხლეა.

© photo: courtesy of Tamar Chkheidzeთამარ ჩხეიძე
სხვის თვალებში დანახული ბედნიერება – კიდევ ერთხელ სიკეთეზე - Sputnik საქართველო
თამარ ჩხეიძე

- სიკეთე რა არის?

- სიკეთე სხვის თვალებში დანახული ბედნიერებაა... არ აქვს მნიშვნელობა, როგორია შენი ცხოვრება. ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე გადაუხადე ღმერთს მადლობა იმისთვის, რომ ეს დღეც მშვიდობიანად გაგითენდა, რადგან ამ დროს შეიძლება ვიღაც გადარჩენისთვის იბრძვის...

ყველა ახალი ამბავი
0