გზა პოეზიამდე ტკივილის გავლით – თავიდან დაწყებული სულ სხვა ცხოვრება

© photo: courtesy of Suliko Jamalashviliსულიკო ჯამალაშვილი
სულიკო ჯამალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
არავინ იცის, ბედისწერა ვის რას უმზადებს, ადამიანის ფსიქიკაც ამოუცნობია. ზოგჯერ ტრავმის შემდეგ ადამიანი სრულიად ახალ და მისთვის უჩვეულო ცხოვრებას იწყებს. სულიკო ჯამალაშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა...

კახეთში ცხოვრობს, ოფიციალურად სოლომონი ჰქვია, მაგრამ სოფელში სულიკოს ეძახიან, შინაურები სიყვარულით ჩიკორათიც მიმართავენ. საგარეჯოში პოლიტექნიკური ტექნიკუმი დაამთავრა, პროფესიით საქონელმცოდნეა. ახალგაზრდობაში ფეხბურთით იყო გატაცებული და მხოლოდ სპორტით ცოცხლობდა.

25 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში მოხვდა და მას შემდეგ ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. თუმცა, ამის მერე კახური სიჯიუტით გააგრძელა ცხოვრება – არაერთი სპორტული შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებულიც გახდა. რაც მთავარია, მის ცხოვრებაში გაჩნდა ერთი ჭირვეული ქალღმერთი, რომელიც ყველას არ სწყალობს, მაგრამ მის მიმართ, რატომღაც, მოწყალე აღმოჩნდა. თანაც იმდენად, რომ მისი ლექსები „თანამედროვე ქართული პოეზიის“ მრავალტომეულშია შეტანილი!

– ბატონო სულიკო, იმ საბედისწერო ამბის შემდეგ, ცხოვრების წესის გარდა, კიდევ ბევრი რამ შეიცვალა, რა მოხდა მაშინ თქვენში?

– 1985 წელს ავტოკატასტროფაში მოვხვდი, ნერვი დამიზიანდა და მას შემდეგ ინვალიდის სავარძელს ვარ მიჯაჭვული. მანამდე მარტო ფეხბურთი მიყვარდა და ბურთს დავდევდი. დაიჯერებთ? წიგნი გადაშლილი არ მქონდა! კითხვა ავარიის მერე დავიწყე და რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი წავიკითხე. არ მეგონა, ამ განსაცდელს თუ გადავიტანდი, მაგრამ ყველაფერს გავუძელი... ახლა სოფელ გიორგიწმინდაში ვცხოვრობ. მიყვარს თავისუფლება და ოჯახის შექმნაზე არასდროს მიფიქრია. ლექსების წერაც ამ ამბის მერე, 25 წლის ასაკში დავიწყე.

© photo: courtesy of Suliko Jamalashviliსულიკო ჯამალაშვილი
გზა პოეზიამდე ტკივილის გავლით – თავიდან დაწყებული სულ სხვა ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
სულიკო ჯამალაშვილი

– ამის სტიმული რა გახდა?

– მაშინ უშუქობის პერიოდი იყო და, ერთ დღეს ხელში ჩამივარდა გაზეთი, მგონი, „ახალგაზრდა კომუნისტი“ იყო. იქ პოეტ ანა სნეგინას ქართულად ნათარგმნი ლექსი იყო დაბეჭდილი, მისი ბოლო სტროფი ახლაც მახსოვს: 

„ქარებს მივუშვერ მზედაკრულ ხელებს

და ატყდებოდა სულში ავდრები,

შენ კონიაკის ბოთლივით მერე

გამომცლიდი და გადამაგდებდი“.

მოკლედ, ეს ლექსი რატომღაც ისე მომეწონა, რომ თუ მანამდე მარტო სპორტის ამბებს ვკითხულობდი, ამის მერე ლექსებსაც გადავავლებდი ხოლმე თვალს. ბოლოს უკვე მარტო ლექსებს ვეძებდი. ჰოდა, ერთ დღესაც დავჯექი და დავწერე. წამოვიდა და წამოვიდა. როცა ღამე გამეღვიძებოდა, ლექსი უნდა დამეწერა. ეტყობა, ამის სურვილი მანამდეც მქონდა და იმ ამბის მერე ხომ მთელი ძალით ამოხეთქა.

© photo: courtesy of Suliko Jamalashviliსულიკო ჯამალაშვილი
გზა პოეზიამდე ტკივილის გავლით – თავიდან დაწყებული სულ სხვა ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
სულიკო ჯამალაშვილი

– ერთ დღესაც „თანამედროვე ქართული პოეზიის“ მრავალტომეულში მოხვდით...

– დიახ, ჩემი 33 ლექსია შესული „თანამედროვე ქართული პოეზიის“ მე-17 ტომში სახელად „მზის არილი“. პირველად რომ დავწერე, ვითომ ვმასხრობდი. მერე სოციალურ ქსელებში გამოვაქვეყნე და ისეთი კომენტარები დამიდეს, რომ მივხვდი, წერა უნდა გამეგრძელებინა.

– ადრე შშმ პირების შეჯიბრებებზეც გამოდიოდით...

– რაც შეეხება სპორტს, ეს იყო დიდი ხნის წინ, როცა ისევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით. მაშინ მკლავჭიდში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი და იქ მეორე ადგილი დავიკავე. სხვათა შორის, 1991-1992 წლებში კიევში ვმონაწილეობდი შშმ პირების მარათონში, ეტლით საკმაოდ გრძელი მონაკვეთი სწრაფად გავიარე.

© photo: courtesy of Suliko Jamalashviliახლობლებთან ერთად
გზა პოეზიამდე ტკივილის გავლით – თავიდან დაწყებული სულ სხვა ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ახლობლებთან ერთად

– რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოს?

– სულიერად უნდა იყოს ძლიერი. მე დეპრესია არასოდეს დამმართნია, პირიქით, იმ ამბავმა უფრო გამაძლიერა. ავარიის მერე რეაბილიტაციისთვის მოსკოვში ვიწექი და თავზე დედაჩემი მედგა. როცა ვეტყოდი, დედა, წყალი მინდა–მეთქი, იქვე რუსები იყვნენ და ისინი ეუბნებოდნენ, არ მიაწოდოთ, თვითონ ადგეს და დალიოსო, ისწავლოს, რომ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოსო. ამის მერე გავემგზავრე ყირიმში, სადაც სამკურნალოდ ბურდენკოს სანატორიუმში აღმოვჩნდი. იქ ხუთი თუ ექვსი წელი ვიარე. იმ სანატორიუმში ჩემი ასაკის ქართველებიც იყვნენ, სხვებზე იყვნენ დამოკიდებული. მე ასე არ ვარ. ჩემი ხელები რომ გაჩვენათ, ფეხებზე მსხვილი მკლავები მაქვს, იმიტომ რომ უფრო აქტიურად ვიყენებ და ამიტომ განმივითარდა.

© photo: courtesy of Suliko Jamalashviliშშმ პირების ერთ-ერთ ღონისძიებაზე
გზა პოეზიამდე ტკივილის გავლით – თავიდან დაწყებული სულ სხვა ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
შშმ პირების ერთ-ერთ ღონისძიებაზე

– ამ საუბრის ლამაზი ფინალისთვის თქვენი ერთი ლექსი დაგვიტოვეთ...

– სხვათა შორის, ერთ ჩემ ლექსზე გაჟღერებულ სიმღერას დათო გასიტაშვილი ასრულებს. საფინალოდ ამ ლექსს გიტოვებთ:

„მზერა შევატოვე დასალიერს,

როცა უცოდველმა დაგაბიჯე,

ისევ წყევლა-კრულვა დამაწიე -

ნეკნი ხელმეორედ ამომგლიჯე.

ასე მატარებდი ნება–ნება,

ქარი თავს იკლავდა დარიალთან,

მერე შეღამება შევიკედლე,

თვალწინ ამახია განთიადმა...

ო, რა უსაშველოდ გარბის წლები,

მეც ხომ ადამივით ბევრჯერ ვცოდე,

შენ ჩემს დაღვინებას მოესწრები,

მე შენს დაქალებას – ვერასოდეს“...

 

ყველა ახალი ამბავი
0