ბამბუკი ჩვენი არსობისა: ბამბუკის „ოსტრი“, მურაბა და სხვა კულინარიული შედევრები ბათუმში

© courtesy of Nana Kontcelidze ბოტანიკურ ბაღში
ბოტანიკურ ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ თქვენ ეგზოტიკური კერძების მოყვარული ხართ, მაშინ ეს მასალა აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

ჩვენში ბამბუკისგან დამზადებულ ნივთებს და ავეჯს რომ ფართოდ იყენებენ და მოსწონთ, დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ახლა საუბარი გვექნება კულინარიაში მის გამოყენებაზე. ოდესმე გაგისინჯავთ ბამბუკისგან დამზადებული კერძები, მაგალითად, ბამბუკის ოსტრი, სალათა, ბამბუკის ფხალი ან მურაბა? აქვე გეტყვით, რომ ისინი საოცარი გემოთი გამოირჩევა, დაბალკალორიულია და ამასთან ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბამბუკის ახალგაზრდა ამონაზარდები, როგორც საკვები, მსოფლიოს ყველაზე სასარგებლო და პოპულარულ პროდუქტთა ხუთეულშია შესული.

ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით ბათუმის ბოტანიკური ბაღის დეკორატორს, ამ სფეროს გამოცდილ სპეციალისტს, ქალბატონ ნანა კონცელიძეს.

© photo: courtesy of Nana Kontcelidzeნანა კონცელიძე
ბამბუკი ჩვენი არსობისა: ბამბუკის „ოსტრი“, მურაბა და სხვა კულინარიული შედევრები ბათუმში - Sputnik საქართველო
ნანა კონცელიძე

– ქალბატონო ნანა, საუბარი იმით დავიწყოთ, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საინტერესო გამოფენებს აწყობს. მათ შორისაა ბამბუკის გამოფენა, სწორედ მათზე გვსურს, რომ ისაუბროთ...

– პირველად ბამბუკების გამოფენა 2015 წლის აპრილის თვეში ჩავატარეთ, მაშინ, როცა ბამბუკის ის სახეობები იზრდება, რომელსაც საკვებად ვიყენებთ. ესაა მოსოსა და მადაკეს სახის ბამბუკები, რომელიც აპრილში იწყებს ზრდას. ამ დროს გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ბამბუკის დაგემოვნების საშუალება აქვთ.

– რომელი კერძების დამზადება შეიძლება ბამბუკისგან?

– პირველივე გამოფენაზე ჩვენ ბამბუკისგან დამზადებული 33 დასახელების სხვადასხვა კერძი წარმოვადგინეთ. ეს იყო სხვადასხვა სალათა, შეკაზმული ფხალი, ღვეზელი და სხვ. ამ პროდუქტით ჩვენ დავაინტერესეთ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაგან მინდა გამოვყო ქობულეთის კულინარიული ტექნიკუმი „ახალი ტალღა“. ის განსაკუთრებულად დაგვიდგა გვერდში. ჩვენ მას ვაწვდით ნედლეულს და ვასწავლით როგორ უნდა დამუშავდეს. მას სპეციფიკური დამუშავება სჭირდება. ამის მერე თავისებურად კაზმავენ. ამ ტექნიკუმმა შარშანდელ გამოფენაზე ბამბუკისგან დამზადებული ტოლმაც კი შესთავაზა მომხმარებელს.

© photo: courtesy of Nana Kontcelidzeბამბუკისგან დამზადებული კერძი
ბამბუკი ჩვენი არსობისა: ბამბუკის „ოსტრი“, მურაბა და სხვა კულინარიული შედევრები ბათუმში - Sputnik საქართველო
ბამბუკისგან დამზადებული კერძი

– ანუ ინგრედიენტები იგივე რჩება, ოღონდ ბამბუკი ჩაენაცვლება ხორცს?

– კი, ბატონო, ასეა. გემოთი არანაკლებია, ვიდრე ხორცისგან დამზადებული ტოლმა.

– თავად ბამბუკისგან დამზადებული რომელი კერძი მოგწონთ?

– მე ბამბუკის მურაბა მიყვარს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ეს ჩემი საავტოროა, მერე კიდევ ყავასთან ბამბუკის ცუკატები ძალიან გემრიელია...

– თუ არის საკმარისი რაოდენობის ნედლეული, რომ ის მომხმარებელს მიაწოდოთ?

– მართალია, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გვაქვს ბამბუკის რამდენიმე პლანტაცია, მაგრამ იქ ბამბუკის მოჭრა არ შეიძლება, აკრძალულია. ეს მარცვლოვანი კულტურა 10-20 მეტრამდე იზრდება. ის სწრაფად მრავლდება და იპყრობს ახალ სივრცეებს. წლების მანძილზე ბამბუკის ძვირფას ნედლეულს ახალი ამონაყარის სახით ჩვენი მებაღეები ამტვრევდნენ და ადგილზე ყრიდნენ. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ ავსტრალიის და ჰიმალაის ფლორისტულ განყოფილებებში ბამბუკი ისე შემოიჭრა, რომ ევკალიპტებიც კი გაახმო.

– ვიცით, რომ ბამბუკის ბევრი ჯიში არსებობს და საკვებად რომელი გამოიყენება?

– ბამბუკის სახეობა, რომელსაც ჰქვია არუნდინარია, შხამიანია და მისი გამოყენება საკვებად არ შეიძლება. ამ შხამიან ნივთიერებებს ის თერმული დამუშავების შემდეგაც არ კარგავს.

© photo: courtesy of Nana Kontcelidzeკოლეგასთან ერთად
ბამბუკი ჩვენი არსობისა: ბამბუკის „ოსტრი“, მურაბა და სხვა კულინარიული შედევრები ბათუმში - Sputnik საქართველო
კოლეგასთან ერთად

– ანუ მოსახლეობა უნდა გავაფრთხილოთ, რომ ამ მასალის წაკითხვის შემდეგ ბამბუკებს არ დაერიონ, არამედ სიფრთხილით მოეკიდონ მათ.

– მათ უნდა იცოდნენ, თუ რომელი ბამბუკი გამოიყენება საკვებად. არის ბამბუკები, რომლის ჭამა ეგრევე შეიძლება, ანუ ისინი შესაძლებელია, რომ მოვტეხოთ და ისე მივირთვათ. მოსო და მადაკე კი ხარშვის დროს თავღია ქვაბში უნდა მოვათავსოთ და წყალი ორ-სამჯერ გამოვუცვალოთ. ამის შემდეგ გამოიყენება საკვებად.

– ბამბუკის ნედლეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს თუ შეიცავს?

– ბამბუკი ძალიან ყუათიანი და გემრიელია, ნაკლებად კალორიულია და ძალიან სასარგებლო. ის ორგანიზმისთვის აუცილებელ უჯრედისს შეიცავს, რაც კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვისაა კარგი. ბამბუკის საკვებად ხშირად გამოყენება ხელს უწყობს სახსრებს შორის სითხის აღდგენას. ამ ტიპის დაავადებები გავრცელებულია საქართველოში, მით უმეტეს, დასავლეთ საქართველოში.

– ბამბუკის წყალობით არიან აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები ადამიანები ასეთი ელასტიურები და ჯანმრთელები?

– კი, ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბამბუკის წყალობაა. ამ ეტაპზე საკვებად ვიყენებთ მსხვილ ბამბუკებს, რადგან წვრილი ბამბუკი ბევრი სჭირდება.

© photo: courtesy of Nana Kontcelidzeბამბუკისგან დამზადებული კერძები
ბამბუკი ჩვენი არსობისა: ბამბუკის „ოსტრი“, მურაბა და სხვა კულინარიული შედევრები ბათუმში - Sputnik საქართველო
ბამბუკისგან დამზადებული კერძები

– საქართველოში თუ იყენებდნენ ბამბუკს საკვებად ჩვენი წინაპრები?

– ქართველები მაინც ვერიდებოდით ხოლმე მის საკვებად გამოყენებას, ალბათ უფრო მარინადის, მჟავის სახით თუ ხდებოდა, მაგრამ ჩვენთან მცხოვრები სხვა ერის ხალხი უფრო აქტიურად იყენებდა.

– რესტორნებს თუ შესთავაზეთ და თუ ვინმე დაინტერესდა, სად შეუძლია ნედლეულის შეძენა?

– თუ ვინმეს უნდა, შეიძლება დაგვიკავშირდეს, მოლაპარაკება შედგება და მივაწვდით. უკვე რამდენიმე წელია, რაც რესტორნებს ვთხოვდით, რომ ჩვენთან ასეთ მოლაპარაკებაზე წამოსულიყვნენ და მათთვის ეს ნედლეული მიგვეწოდებინა. მერე კი კერძები თავად დაემზადებინათ და მიეღოთ გამოფენაში მონაწილეობა. წელს ეს ნედლეული უკვე რვა დასახელების რესტორანს დავურიგეთ. რამდენიმე მათგანმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი ნედლეული გამოიყენონ კულინარიულ საქმიანობაში. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, იმედი მაქვს, რომ ბამბუკის გემრიელი და სასარგებლო კერძები ქართულ სამზარეულოში დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს.

თუ ამ თემით დაინტერესდით, შეგიძლიათ 18 მაისს ეწვიოთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რომლის ზღვისპირა პარკში ბამბუკების გამოფენა გაიმართება და იქვე შეძლებთ ბამბუკის კერძების გასინჯვასაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0