ნეტავ გაწვიმდეს! ამბობენ, შვიდ მაისს წვიმა თუ დაგასველებს...

CC BY 2.0 / t.germeau / NYC LOVEბედნიერება და წვიმა
ბედნიერება და წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქმე ისაა, რომ 7 მაისის წვიმას ქართველები ტრადიციულად ბედნიერების წვიმას ეძახდნენ. ჩვენ წინაპრებს სჯეროდათ – თუ ამ დღის წვიმით დასველდებოდნენ, ბედნიერები იქნებოდნენ.

მოკლედ, ქალიშვილები იკრიბებოდნენ, სახლების ბანებსა და ეზოებში ცეკვასა და სიმღერას იწყებდნენ, თან მომლოდინე მზერით ცისკენ იყურებოდნენ... არავინ იცის, ვინ და რატომ მოიგონა მსგავსი ლეგენდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ წესს ჩვენი ბებიები ყმაწვილქალობაში ბეჯითად იცავდნენ.

შვიდი მაისის წვიმაგამოვლილებიდან სინამდვილეში რამდენი გრძნობდა თავს ბედნიერად – ამაზე სტატისტიკა არავის უწარმოებია. მარტო ამ ერთი მაგალითიდანაც ჩანს, რომ ჩვენში ბედნიერების ადვილად (!) მიღწევის არც ისე ცოტა გზა და საშუალებაა მოფიქრებული... გაიხსენეთ გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხიდან“ მეოცნებე ელიოზის პერსონაჟი. მსგავსი ნატურა დამახასიათებელია ქართველისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ხეზე ზის და ბედნიერებას უცდის...

ვეცადეთ ჩვენს რესპონდენტებთან გაგვერკვია, თუ ვის ახსოვს შვიდი მაისის წვიმასთან დაკავშირებული ეს ტრადიცია და როგორია ბედნიერების ფორმულა მათი წარმოდგენით...

CC BY 2.0 / Eleazar / Another moment stolen to the rainბედნიერება და წვიმა
ნეტავ გაწვიმდეს! ამბობენ, შვიდ მაისს წვიმა თუ დაგასველებს... - Sputnik საქართველო
ბედნიერება და წვიმა

ფატი თურმანიძე, მსახიობი: რა თქმა უნდა, შვიდმაისის წვიმაზე მსმენია და ახლა, როცა მკითხეთ, გამახსენდა წვიმა და წვიმაში ჩემი სირბილი და ტრიალი. უფროსებისგან ვიცოდი – ამ დღეს წვიმით რაც უფრო კარგად დასველდებოდი, მით უფრო ბედნიერი იქნებოდი. ასე რომ, ბავშვობაში 7 მაისს თუ წვიმდა, გარეთ გავდიოდით და ვსველდებოდით. ქვეცნობიერში გაცოცხლდა კადრები: როგორ დარბის წვიმაში პატარა ფატი ბზრიალა, კოპლებიანი კაბით... ბედნიერების ჩემეული ფორმულა კი ასეთია: სიყვარული პლუს პოზიტივისა და სიკეთის გაცემა, რომელიც უკან აუცილებლად დაგიბრუნდება.

გარდა იმისა, რომ ჩვენი წინაპარი შვიდი მაისის წვიმას ბედნიერებას უკავშირებდა, ამ დღის წვიმის წყალს სამკურნალო თვისებასაც მიაწერდა – თვლიდა, რომ თუ ამ დღეს წვიმის წყლით თავს დაიბანდნენ, ეს თმის ხარისხს გააუმჯობესებდა. ამ ამბავზე ეს ხალხური სტროფიც მიუთითებს:

„შვიდ მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო.

შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო.

შვიდ-შვიდი ნაწნავი თავზე დამეფინაო“...

ზოგადად წვიმის წყლის მაგიურობის შესახებ ფაქტები ფრანგებისა და გერმანელების ფოლკლორშიც არის შემორჩენილი, მაგრამ შვიდი მაისის წვიმის ბედნიერებასთან დაკავშირება ალბათ მხოლოდ ქართველის ფანტაზიის ნაყოფია...

CC BY 2.0 / Alagich Katya / 000096360019ბედნიერება და წვიმა
ნეტავ გაწვიმდეს! ამბობენ, შვიდ მაისს წვიმა თუ დაგასველებს... - Sputnik საქართველო
ბედნიერება და წვიმა

ლიცი შუბითიძე, მწერალი: შვიდი მაისის წვიმაზე არაფერი მსმენია. რაც შეეხება ბედნიერების ფორმულას, ჩემთვის ესაა ჰარმონია ოჯახში, ჰარმონიული ურთიერთობა სამსახურში, სამეზობლოსა და სამეგობროში...

ზაზა მაღალაშვილი, პოეტი:  სამწუხაროდ, წვიმაზე არაფერი მსმენია, ეეჰ, ეტყობა ჩამოვრჩი მაისის წვიმებს!.. ის კი ვიცი, რომ ბედნიერება ინდივიდუალურია. პირადად ჩემთვის ბედნიერება იქნება, თუ პოლიტიკა არ შემეხება და საკუთარი საქმის კეთების დრო მომეცემა... ამის მერე კი ბედნიერი დღეები თავისით (წვიმის გარეშეც) მოვა!..

ვახტანგ ბერიძე, რეჟისორი: ვინაიდან ბავშვობა სოფელში გავატარე, ხალხურ წეს-ჩვეულებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს მეხსიერებაში. მახსენდება, ბებო გვეუბნებოდა ხოლმე, რომ 7 მაისის წვიმა უნდა შეგვეგროვებინა, ამით უნდა გვებანავა და მაშინ ჯანმრთელები, ლამაზები და იღბლიანები ვიქნებოდით. ჩვენც ველოდებოდით 7 მაისს და ვნატრობდით, რომ ამ დღეს გაწვიმებულიყო. წვიმის წყალს სიხარულით ვაგროვებდით, მაგრამ იმას ვერ ვიხსენებ, მაშინ ამ რიტუალს რას ვეძახდით. ახლა, როცა წლები გავიდა, შეიძლება ვთქვა, რომ მაშინდელი რიტუალი ალბათ ჩემთვის ბედნიერების წვეთების შეგროვებასავით იყო. შორიდან ისე მეჩვენება, რომ წვიმის თითოეულ წვეთში მზის, სიყვარულისა და ბებოს სურნელი იყო...

თბილისში დღეს მზიანი ამინდია... შვიდი მაისის წვიმა ალბათ აგვცდა, თუმცა არაფერია, მაინცადამაინც წვიმას ნუ დავუკავშირებთ ჩვენს ბედნიერებას, მისი შეგრძნების სხვა გზებიც არსებობს. დავურეკოთ ან სულაც შევხვდეთ ჩვენთვის საყვარელ ადამიანს და კიდევ ერთხელ ვუთხრათ როგორ გვიყვარს და რა ბედნიერებაა, რომ ის არსებობს!..

 

ყველა ახალი ამბავი
0