01:46 15 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას (13)
29710

რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა ავტოგასამართ სადგურზე ჩამსხმელი ოპერატორის ამპლუაში მოსინჯა ძალები და მოგვიყვება, თუ რა ექსპერიმენტი ჩაატარა მძღოლებისთვის.

საქართველო ყოველდღე ზუსტად ისე ხმაურიანად და აქტიურად იღვიძებს, როგორც ეს ოთხმილიონიან ქვეყანას ეკადრება. დილიდანვე ქუჩები და ავტოგასამართი სადგურები ავტომობილებითაა გადაჭედილი. საწვავის ღირებულებაც ხან იკლებს, ხანაც იმატებს და რიგებში მძღოლებიც ყოველდღე განიხილავენ რამდენად ხარისხიანი საწვავით ავსებენ ავზებს.

იცით თუ არა, რომ საწვავის გამოგონების გარიჟრაჟზე ხარისხს მისი დაგემოვნებით ადგენდნენ? თუმცა, როგორც არ უნდა გხიბლავდეთ ბენზინის არომატი და სურნელი, ნუ ეცდებით ხარისხის ამ გზით გადამოწმებას, უბრალოდ, როცა მიბრძანდებით ავტოგასამართ სადგურზე, ჰკითხეთ ჩამსხმელ ოპერატორს. მანამდე კი ჩააქრეთ ძრავი და გაეცანით მათ საქმიანობას. ჩვენ ასე მოვიქეცით.

Автозаправочная станция. Из серии Репортер Sputnik меняет профессию - заправщик
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ბენზინგასამართ სადგურზე

სანამ პროფესიას ისევ შევიცვლიდი და ჩამსხმელი ოპერატორი გავხდებოდი, იმის დასადგენად, თუ რამდენად ზუსტი რაოდენობის საწვავს გვისხამენ ავტოგასამართ სადგურებში, გადამღები ჯგუფის წვერებმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი. მივუთითეთ 1 ლიტრი ბენზინი და გვაინტერესებდა, რა რაოდენობის საწვავი მოთავსდებოდა ლიტრიან ბოთლში. ლიტრიანი ბოთლი ბოლომდე გაივსო. მართალია, ჩვენ მხოლოდ ერთი სადგური შევამოწმეთ, თუმცა გარკვეულწილად 90-იანების „გადმონაშთი“ მოსაზრება იმაზე, რომ ავტოგასამართ სადგურებში საწვავს „გვპარავენ“, სტერეოტიპად დარჩა.

Автозаправочные станции
© photo: Sputnik / Алексей Сазонов
გავარკვიეთ, რომ საწვავს ბეზინგასამართ სადგურზე არ გვპარავე

რადგან სადგურზე პირველად ვიყავი, ჩემი იქ ყოფნით მთლად უსაფრთხოდ აღარ მომეჩვენა გარემო, ამიტომ რამდენიმე ოპერატორს და ყურადღებიან ინსპექტორს დავუმეგობრდი და თავდაპირველად უსაფრთხოებაში დავრწმუნდი. როგორც სხვა ოპერატორებმა, ასევე მეც ჩავიცვი ცეცხლგამძლე ქურთუკი. საწვავის დაქცევის შემთხვევაში, რათა ხანძარი თავიდან აგვერიდებინა, ყველა კუთხეში დამხვდა ქვიშა და 6 და 50 კილოგრამიანი ცეცხლმაქრები. ამას გარდა, ობიექტზე არის რამდენიმე პულტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გამოვიძახოთ დაცვის პოლიცია. თუმცა ამჯერად ექსპერიმენტისა და ცრუ განგაშისგან თავი შევიკავეთ. საქმეს შევუდექი ინსტრუქტორთან ერთად. ინსტრუქტორმა რამდენიმეთვიანი ტრენინგი ერთ დღეში ჩამიტარა.

Автозаправочная станция. Из серии Репортер Sputnik меняет профессию - заправщик
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
უსაფრთხოეის ნორმების დაცვა ბენნზინგასამართ სადგურზე ძალიან მნიშვნელოვანია

როგორც ყველა პროფესიას, ასევე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორებსაც ჰყავთ ინსტრუქტორი, რომელიც ამოწმებს რამდენად მოწესრიგებულია თანამშრომელი სამუშაო საათებისას, რამდენად ზუსტად იცავს დადგენილ წესებს, როგორიც არის: კლიენტთან თავაზიანი დახვედრა, გადამოწმება გადახდის ფორმისა და საწვავის, და დამშვიდობება სიტყვებით: „გმადლობთ, კეთილ მგზავრობას გისურვებთ“.

საწვავის ჩამსხმელ პერსონალს გავლილი ჰქონდა სპეციალური ტრენინგი საწვავის შევსების ტექნიკის შესახებ. ასევე საწვავის დაღვრის შემთხვევაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების პროცედურის შესახებ. ასე რომ, მათთან მუშაობა უფრო მეტად საინტერესო გახდა. ყურადღება მივაქციეთ ერთ გარემოებას – ქალბატონები არ ჩანდნენ.

როგორც გავარკვიეთ, საქართველოს მასშტაბით ამ პროფესიით მხოლოდ ორად ორი ქალბატონი მუშაობს მიუხედავად იმისა, რომ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორის შესახებ არსად წერია, რომ მხოლოდ მამაკაცი უნდა იყოს...

როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები სამ დღეში ერთხელ სრულ დღე-ღამეს – 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. სადგურზე არის მოსასვენებელი ოთახი, სადაც ოპერატორებს შეუძლიათ დაძინება და განსაზღვრული გრაფიკით ენაცვლებიან ერთმანეთს. ყოველთვიური ანაზღაურება კი 350 ლარიდან იწყება.

Автозаправочная станция. Из серии Репортер Sputnik меняет профессию - заправщик
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ჟურნალისტი - ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი

ნებისმიერ ამინდში, ნებისმიერ სეზონზე 24 საათის განმავლობაში მოემსახურო ათასობით ადამიანს, ეს გარკვეულ სირთულესაც წარმოადგენს. ყველა ერთ ხასიათზე ვერ იღვიძებს, ზოგს ჩვენი თავაზიანობაც კი აღიზიანებს, თუმცა ამ დროსაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაბრაზება ცუდი ჩვევაა და მთავარი მიზანია მომხმარებელი ჩვენგან კმაყოფილი წავიდეს.

არიან დამღლელი მძღოლებიც. ოჰ, ეს ტაქსის მძღოლები!.. მთელი დღის განმავლობაში, 5-10 წუთის ინტერვალით ყოველ ჯერზე ახალი მძღოლი მოდიოდა და 50-ლარიანის, 100-ლარიანის დახურდავებას გვთხოვდა. შენ კი ამ დროს კლიენტს ავზს უვსებ...

ყველა მომსვლელს ერთნაირად თავაზიანად ემსახურები, თუმცა შენს დღის განწყობას მაინც ხალხი ქმნის. მე გირჩევთ, ნუ ეცდებით ოპერატორის გაბრაზებას.

სამუშაო საათებში ხშირია კურიოზებიც. შავი „მერსედესი“ შემოგორდა, რომლის მძღოლმა გვკითხა: „ჩემ მანქანას საით აქვს ავზი, საიდან მოვიდე?“; როდესაც ლურჯი „ოპელის“ მძღოლს სიგარეტის ჩაქრობა ვთხოვე, მეკითხება: „საფერფლე ხომ არ გაქვთ?“... თუმცა, ჩემი რჩეული გახდა წითელი BMW-ს მძღოლი (სქესს არ დავასახელებ): როცა ვკითხე, რომელი საწვავის ჩასხმა სურდა – რეგულარი, ევრო-რეგულარი, სუპერი თუ... მიპასუხა: „ვისოლის საწვავი მინდა“... ჩვენ ისიც კმაყოფილი გავუშვით.

Одна из автозаправочных станций в столице Грузии
© Sputnik / Alexander Imedashvili
ბენზინგასამართი სადგური

სანამ ინსტრუქტორი ნახავდეს, რომ მთავარ თემას გადავუხვიე, დროა სათქმელს დავუბრუნდე.

დღეს საწვავის ხარისხი ოქტანური რიცხვით განისაზღვრება. თუ ავტოგასამართ სადგურს აქვს „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი საწვავი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ავტომობილის ძრავი გამართულად მუშაობს, რადგან „ევრო 5“ სტანდარტი საქართველოში უმაღლესი ხარისხია. ჩვენ ხომ რიგში დგომისას ძირითადად იმას ვაკვირდებით, რამდენად გაიაფდა საწვავი და როგორი ხარისხის არის.

იცით, როცა ოპერატორი ვიყავი, რას ვაკვირდებოდი? უფრო მეტად ვამჩნევდი მოძველებული და გაუმართავი ავტომობილების რაოდენობას, რაც ჰაერის დაბინძურების მიზეზია. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს, ეს კი ჩვენ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ამის შემხედვარე გავბრაზდი და აღარ მინდოდა მათთვის საწვავის ჩასხმა, მაგრამ რა უფლებით...

Машина на автомобильной заправке
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ავტომანქანა ბენზინგასამართ სადგურზე

საინტერესოა, რა მოხდებოდა, ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი ამ გაბრაზებულ გულზე რამდენიმე დღით შვებულებაში რომ გასულიყო. ნეტავ, ისევ ხმაურიანად გაიღვიძებდა ქვეყანა? ისევ საწვავის ფასს მივაქცევდით ყურადღებას, თუ მძღოლები იმავე თავაზიანობით ვუპასუხებდით ოპერატორებს და იმასაც ვიფიქრებდით, რომ ჩვენ შემდეგ ის სხვა კლიენტს უნდა მოემსახუროს?

საწვავი ჩვენი განხილვის გარეშეც გაიაფდება ან გაძვირდება, რიგები კი ყოველთვის იქნება ავტოგასამართ სადგურებზე. ამიტომ გაიხსენეთ, რომ არც პირველი კლიენტი ხართ ოპერატორისთვის დღე-ღამის განმავლობაში და არც უკანასკნელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგად იცით რა მოხდება, თქვენს შვებულებას თუ დაამთხვევენ ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორები თავიანთ შვებულებას...

თემები:
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას (13)

მთავარი თემები