ეს იშვიათი შემთხვევა ბათუმში, დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახში დაფიქსირდა. წყვილს 2012 წელს ოთხი ტყუპი შეეძინა. ტყუპებს ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას უფროსი და ნინი ჰყავთ. მალევე მათ კიდევ ერთი ძმა, პატარა ალექსანდრე შეემატათ. სირთულეების მიუხედავად, ალბათ დამეთანხმებით, რომ ამაზე დიდი ბედნიერება მშობლებისთვის არ არსებობს. „Sputnik–საქართველო“ ტყუპების დედას ნონა ვარშანიძეს ესაუბრა.
— დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ბათუმში. დავამთავრე საზღვაო აკადემიის ეკონომიკური ფაკულტეტი. 23 წლის ვიყავი, როცა მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი შევქმენით. პირველი შვილი გოგონა გვყავს.
– რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა გაიგეთ, რომ ერთდროულად ოთხ ტყუპს ელოდებოდით?
— მე თვითონაც ტყუპისცალი ვარ, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოთხი ტყუპი მეყოლებოდა. თავიდან ცოტა მოულოდნელი იყო. ფსიქოლოგიური მომენტია, გაოგნებული ვიყავი, ვფიქრობდი რა და როგორ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ყველაფრისა, არაჩვეულებრივი ორსულობა მქონდა, ყოველგვარი გართულებების გარეშე დაიბადა ორი გოგო და ორი ბიჭი. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ ბევრს ეგონა, რომ ხელოვნური განაყოფიერება გავიკეთე. ზოგი მეკითხებოდა რამე ანომალიით ხომ არ იყვნენ ბავშვები დაბადებული. ერთი სიტყვით, გარშემო ბევრი კითხვები უჩნდებოდათ. არანაირი ხელოვნური ჩარევა არ ყოფილა, ბუნებრივად ჩაისახნენ ეს ბავშვები და სრულიად ჯანმრთელები არიან.
– მშობიარობა არ გაგიჭირდათ?
— თბილისში გავაჩინე ბავშვები. სპეციალურ აღრიცხვაზე ვიყავი აყვანილი. საკეისრო კვეთით დაიბადნენ. ერთი ბიჭი 2,200 კგ, მეორე 2 კგ, გოგონები 1,900 კილოები იყვნენ. თავიდან ბუნებრივად ვკვებავდი, შემდეგ ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე.
– რთული არ იყო ოთხი ახალშობილის მოვლა? ვინ გეხმარებოდათ?
— წარმოიდგინეთ, როგორია ოთხი ახალშობილის ერთდროულად გამოკვება, გამოცვლა, ბანაობა, დაძინება და ა.შ. მთელი ოჯახი აქტიურად ვიყავით ჩართული ამ პროცესში. ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარებოდა, ასევე დედაჩემი, უფროსი გოგო… საბედნიეროდ, არ იყვნენ ჭირვეული და რთულად გასაზრდელი ბავშვები.
– მატერიალური თვალსაზრისითაც არ იქნებოდა მარტივი.
— რა თქმა უნდა. რომ დავთვალეთ მათი პამპერსი, კვება, ჰიგიენის საშუალებები, თვეში 5000 ლარი გვიჯდებოდა.
– სახელმწიფო გიწევთ დახმარებას?
— მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი გვაქვს და წელიწადში ერთჯერადად 2000 ლარს გვირიცხავენ.
– გვანან ტყუპები ერთმანეთს?
— თუ შეხედავ, მიხვდები, რომ დედმამიშვილები არიან, თუმცა ტყუპებს არ ჰგვანან. სხვადასხვა კვერცხუჯრედში იყვნენ, ალბათ ამიტომ არ ჰგვანან ერთმანეთს.
– ახლა უკვე დიდი გოგო-ბიჭები არიან…
— კი, უკვე დიდები არიან. მომავალ წელს სკოლაში მივლენ. ჯერ ბაღში დადიან. დამყავს ფიგურულ სრიალზე. ძალიან მოსწონთ და საკმაოდ კარგადაც გამოსდით.
– ამ ეტაპზე თუ გეხმარებათ ვინმე?
— ძალიან რთულია დროის განაწილება. ყველაფერს ვერ გავწვდები. ძიძები მეხმარებიან, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებიც.
– როგორც ვიცი, ტყუპების მერე ერთი შვილი კიდევ გააჩინეთ.
— დიახ, ვფიქრობდით, რომ ცოტანი ვიყავით, ამიტომ მეექვსე შვილიც გავაჩინეთ, ბიჭი. ახლა სამი გოგო და სამი ბიჭი გვყავს. უფროსი ქალიშვილი უკვე სტუდენტია. ტყუპები 5 წლისანი არიან, პატარა ალექსანდრე კი 3 წლისაა. ძალები დაბალანსებულია ჩვენ ოჯახში…