უნიკალური ანსამბლი, რომელსაც საბჭოთა კავშირში უცხო ენაზე სიმღერის უფლება მისცეს

© photo: Sputnik / Vladimir Bogatiriov / გადასვლა მედიაბანკშიანსამბლი ორერა
ანსამბლი ორერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
6 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლი „ორერა“ საიუბილეო კონცერტს გამართავს.

ალბათ დამეთანხმებით, განსაკუთრებით ასაკიანი მაყურებელი, რომ ანსამბლი „ორერა“ დიდი ხანია მუსიკალური სამყაროს მოვლენად იქცა. მან თავიდანვე აირჩია მხოლოდ მისთვის განკუთვნილი გზა, რომლის ერთგული დღემდე დარჩა. ანსამბლმა არსებობის მანძილზე ექვსი თაობა გამოიცვალა, კონცერტებით მთელი მსოფლიო შემოიარა და მრავალი ალბომი აქვს გამოცემული.

ანსამბლის ბიოგრაფია 1958 წელს იწყება, თუმცა, მისი ოფიციალური შექმნის თარიღად 1961 წელი ითვლება. „ორერა“ მთელ საბჭოთა კავშირში პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი იყო, რომელიც უცხო ენათა ინსტიტუტში ჩამოყალიბდა. თავიდან ვოკალური კვარტეტის წევრები იყვნენ: რობერტ ბარძიმაშვილი, თეიმურაზ დავითაია, ზურაბ იაშვილი და თამაზ ფანჩვიძე.

მალე ანსამბლს შეემატნენ პროფესიონალი მუსიკოსები: თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი, გენო ნადირაშვილი, მოგვიანებით — ნანი ბრეგვაძე და ბუბა კიკაბიძე. ასე გაჩნდა საბჭოთა კავშირში პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი. საიუბილეო კონცერტამდე ანსამბლის ხელმძღვანელსა და სოლისტს, ბატონ გენო ნადირაშვილს დავუკავშირდით.

© SPUTNIK/ Sergey Guneevანსამბლი "ორერა".
ანსამბლი ორერა. - Sputnik საქართველო
ანსამბლი "ორერა".

– ბატონო გენო, გილოცავთ ანსამბლის იუბილეს, რა იყო ის წლები თქვენთვის და თუ გრძნობთ თავს იმ ლეგენდის ნაწილად, რომელსაც „ორერა“ ჰქვია?

— გეტყვით, რომ ეს წლები იყო: დიდი სიხარული, გამოცდა, წარმატება, ურთიერთობები, მოკლედ – მთელი ცხოვრება. „ორერამდე“ არსებობდა უცხო ენების ინსტიტუტის ვაჟთა კვარტეტი. 1961 წელს ფილარმონიაში როგორც პროფესიონალები მიგვიწვიეს. მე ანსამბლში 1964 წელს „რეროდან“ მივედი. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როცა ბატონმა რობერტმა ანსამბლში დამიძახა. მას კოლექტივის გაძლიერება უნდოდა. მე კონტრაბასზე და საყვირზე ვუკრავდი და ჩემი მისვლით ანსამბლში გაჩნდა კონტრაბასი, რომელსაც დასარტყამი და სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტები სჭირდებოდა. ასე შეიქმნა რვაკაციანი ბენდი და „ორერას“ დიდი წინსვლაც მაშინ დაიწყო. 1964 წელს ქალბატონი ნანი, 1966 წელს კი — ბუბა შემოგვიერთდა. ამით ანსამბლი უფრო გაძლიერდა და ახლებურად გაჟღერდა.

– იმ დროის საბჭოთა კავშირი რკინის ფარდით იყო დანარჩენი სამყაროსგან გამიჯნული, „ორერას“ ეს არ შეეხო, პირიქით, ამ მხრივ განებივრებულიც იყავით…

— ნამდვილად ასე იყო. ჩვენ შემოვიარეთ ყველა კონტინენტი და დაახლოებით 90 ქვეყანა. ეს, რა თქმა უნდა, ზღაპარი იყო, რადგან მაშინ უცხოეთში გასვლა დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

– ამის გარდა კიდევ რა პრივილეგიით სარგებლობდა ანსამბლი „ორერა“?

—  გეტყვით, რომ „ორერა“ საბჭოთა კავშირში ერთადერთი ანსამბლი იყო, რომელსაც ოფიციალურად მისცეს უფლება უცხო ენაზე ემღერა. ასეთი უფლება იმ დროს მართლა არავის ჰქონდა. ეს ფაქტი იმანაც განაპირობა, რომ ბიჭებმა უცხო ენების ინსტიტუტი დაამთავრეს და თავისი როლი ამანაც ითამაშა. ჩვენ სიმღერებს ვასრულებდით 28 ენაზე. აფრიკაში აფრიკულად ვმღეროდით, ინგლისში — ინგლისურად, ავღანეთში — ავღანურად და ასე შემდეგ…

– ასე ვთქვათ, მუსიკალური პოლიგლოტი გამოდიხართ?

— დიახ, ასე გამოდის. ყველა სიმღერის ტექსტი არ გვესმოდა, უბრალოდ ვიმახსოვრებდით და უცხო ქვეყანაში რომ ჩავდიოდით, ვკითხულობდით რაზე იყო სიმღერა. სხვათა შორის, იმდენად უაქცენტოდ ვასრულებდით, რომ ადგილობრივებს ეგონათ მათი ენა ვიცოდით. როცა სიმართლეს იგებდნენ, უკვირდათ და გიჟდებოდნენ. კონცერტებზე სიმღერებს ბისზე სამჯერ-ოთხჯერ ვასრულებდით, მეტს ვერ ვასწრებდით.

– ახლაც ჩამესმის თქვენი ხმა, როცა ფრენკ სინატრას სიმღერას Strangesrs in the night ასრულებდით…

— კი, ბატონო, დაკვეთა მიღებულია! ჩვენ კონცერტზე თუ მოხვალთ, ამ სიმღერას აუცილებლად მოისმენთ.

– გმადლობთ… ბატონო გენო, ესტაფეტა ახალგაზრდებს ისევ გადაეცით, ასე რომ,  ანსამბლი სიცოცხლეს და ტრადიციას დღესაც აგრძელებს.

— „ორერამ“ ექვსი თაობა გამოიცვალა. ძველებიდან მარტო მე და თემურ დავითაია დავრჩით. ჩვენ ახლაც ავიყვანეთ ახალგაზრდები და ანსამბლი თავის სიცოცხლეს აგრძელებს. ჩვენ არ გადავუხვიეთ იმ გზას, რაც ბატონმა რობერტმა თავიდანვე აირჩია. ბიჭებს, რომლებიც ჩვენთან მოდიოდნენ, კონკურსის წესით ვარჩევდით. გამარჯვებულები ანსამბლში რჩებოდნენ. ისინი ჩვენ სიმღერებზე იყვნენ გაზრდილი და ამიტომ პროგრამაში შესვლა უადვილდებოდათ. 6 დეკემბერს ფილარმონიაში ჩვენ კონცერტზე დარწმუნდებით, რომ ტრადიციულ წინსვლას ისევ ვაგრძელებთ.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ ამბავი, რომლის მოყოლაც დღემდე გახალისებთ?

— გასტროლებიდან გავიხსენებ ერთ ამბავს: მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში გვქონდა კონცერტი. სხვათა შორის, ის დარბაზი, „როსია“ მაქვს მხედველობაში, ისევე, როგორც თბილისის საკონცერტო დარბაზი, ჩვენ გავხსენით. მოკლედ, ერთი კონცერტის წინ ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, რომ ნანისთვის რაღაც მოგვეწყო. მიდის კონცერტი და როიალთან მდგარი ნანი რომელიღაც სიმღერას ასრულებდა (ახლა არ მახსოვს ზუსტად რომელ სიმღერას). მაგრამ ჩვენ ყველაფერი ავურიეთ: ზურა იაშვილმა აიღო ჩემი კონტრაბასი და ამ კონტრაბასიანად როიალის ქვეშ შეძვრა, მე დასარტყამ ინსტრუმენტებთან დავჯექი, ბუბა მიჩოჩდა იქ, სადაც როიალის პედლებია და ნანი იჯდა. ერთ მომენტში ნანიმ შემთხვევით ჩაიხედა და როიალის ქვემოთ ბუბას თავი დაინახა, მოულოდნელობისგან სიცილი აუტყდა. ამ დროს დარბაზში სინათლეც აანთეს და როცა მაყურებელმა დაგვინახა ვინ სად ვიყავით, ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი. კონცერტი ლამის ჩაიშალა, რადგან მაყურებელი ხუთი წუთი ვერ ჩერდებოდა.

– ალბათ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ გამორჩეული ბედის ხელოვანი ხართ…

— შემიძლია და ამას ყოველთვის ვაღიარებ – ბედნიერი ვარ, რომ ამ ანსამბლში მოვხვდი, ჩემი ცხოვრება მას დავუკავშირე და უკვე 30 წელია, რაც ანსამბლს ვხელმძღვანელობ.

– გისურვებთ „სრული სვლით“ გააგრძელოთ ცხოვრებაც და სიმღერაც, ძალიან გვიყვარხართ…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0