დღეს ჩვენს აივანს მორთვაც კი არ ჭირდება… ერთადერთი მისი სამკაულია ბროწეულის ხეზე ოდნავ გადაშლილი, შესანიშნავი და სხვნაირად ალისფერი ყვავილები… იმდენად ლამაზი, რომ მათი გაბროწეულობაც კი დაგენანება კაცს…
ყველა ამ ყვავილს, რა თქმა უნდა მოუწყვეტელად, თითოეული თქვენგანის სახელით ვუძღვნი და ვჩუქნი ჩვენს დღევანდელ სტუმარს…
შესანიშნავ, უნიჭიერეს, ულამაზეს, უკეთილშობილეს სოფიკო ჭიაურელს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს… 1937 წლის 21 მაისს…
ამ წუთში დავაკვირდი, საქართველოში (და, მე მგონი, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად დამახასიათებელი ფენომენია), ზოგიერთ სახელს უგვაროდაც რომ ვიძახით, კონკრეტული ადამიანები წარმოგვიდგებიან თვალწინ… მაგალითად — ილია… ვაჟა… ნატა… ვერიკო… და ასეთი სულ რამდენიმე ადამიანია…. ხოდა, სოფიკოს რომ ამბობენ — ერთადერთი სოფიკო წარმოგვიდგება თვალწინ, ყოველთვის, ნებისმიერ ასაკში მომხიბვლელი, მომღიმარე და ეშხიანი… სოფიკო ჭიაურელი…
რაღა თქმა უნდა, ასეთი დედ-მამის შვილი, განსაკუთრებული რომ იქნებოდა, სავარაუდოდ, თავიდანვე არავის ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ… ეს მისია, ერთის მხრივ, ძალიან საპატიოა, მაგრამ, მეორეს მხრივ, საშინლად საპასუხისმგებლო… ხშირად, ორი დიდი ხელოვანის შვილები ცოტა ინერციით, ცოტაც პროტექციით აგრძელებენ თავისი სახელგანთქმული მშობლების საქმეს… სოფიკო ჭიაურელის ერთადერთი პროტექცია იყო — ლეგენდარული და დიდი დედ-მამის — ვერიკო ანჯაფარიძის და მიხეილ ჭიაურელის შესანიშნავი გენები…
და, ალბათ, რამხელა პატივია და ბედნიერება, როდესაც სხვა უამრავ მაღალ წოდებასთან, მათ შორის, შოთა რუსთაველის სახელობის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიასთან ერთად, შენი დედის — ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატი რომ გახდები… ეს არის, ალბათ, „იმ ტაძრამდე“ მიმავალი გზა…
სოფიკო ჭიაურელმა 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ.
ის პირველად ეკრანზე გამოჩნდა 1957 წელს, ციცინოს როლში, რეჟისორ რეზო ჩხეიძის არაჩვეულებრივ და საოცრად თბილ ფილმში „ჩვენი ეზო“… ამდენი წელი გავიდა და დარწმუნებული ვარ, ის, 20 წლის სოფიკო ყველას გახსოვთ…
მერე იმდენი როლი ითამაშა თეატრსა და კინოში, რომ მათი ჩამოთვლა შეუძლებელია, ყველა გვახსოვს და ყველა გვიყვარს… მაგრამ, მისმა ფუფალამ თენგიზ აბულაძის განუმეორებელ ფილმში „ნატვრის ხე“ სულ სხვა სოფიკო დამანახა… არ მეგონა, რომ მას ჩემი გაკვირვება კიდევ რაღაცით შეეძლო… თურმე, შეძლო და მერეც არაერთხელ შეძლო…
დიდი ბედნიერება მქონდა — ქალბატონ სოფიკოს პირადად ვიცნობდი… დღემდე მახსოვს, რომ ყოველ მის დანახვაზე, ისეთი სითბო მეღვრებოდა გულში… საოცარი გაღიმება იცოდა შორიდან… თუ ახლოს გავბედავდი ხოლმე მისვლას, ჩამეხუტებოდა… აუცილებლად რაღაცა კომპლიმენტს მეტყოდა და ბოლოში დაამატებდა — „ნამდვილი ანჯაფარიძე ხარო“…
ერთხელ, მოსკოვში როცა ვმუშაობდი საელჩოში, ბატონი ზურაბ აბაშიძის ელჩობის პერიოდში — ჩვენთან ბატონი კოტე მახარაძის წიგნის პრეზენტაცია ჩატარდა… მთელი მოსკოვის ინტელიგენცია ესწრებოდა… საელჩოში ტევა არ იყო… ქალბატონი სოფიკო და ბატონი კოტე დანიშნულზე ცოტა გვიან მობრძანდნენ, თანაც დაგვიანებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ… ბატონ კოტეს უნდა მოესწრო წიგნზე ავტოგრაფების დატოვება და ხალხი კი უკვე საელჩოს დერეფნებში დადიოდა, ამიტომაც შევთავაზე, ქვევით, პატარა და მყუდრო კაფეში ჩასვლა…
შევედით… ბატონი კოტე მიუჯდა მაგიდას და დაიწყო წიგნების ხელმოწერა… უნდა გამოგიტყდეთ და იმ დღეს რაღაცა სერიოზული პირადი პრობლემები გამიჩნდა და ქალბატონმა სოფიკომ შეამჩნია… გვერდზე გამიყვანა… არაფერი არ უკითხავს, მაგრამ ისეთი თვალები ქონდა და ისე შემომხედა, რომ ყველაფერი მოვუყევი… ასე მეგონა, გვერდში უახლოესი ადამიანი მედგა…
ქალბატონმა სოფიკომ კი. მომიყვა პატარა და შესანიშნავი ისტორია იმაზე, ბატონი კოტე მისი გულისთვის თოვლიან ხევში რომ გადაეშვა და ისიც რომ გაჰყვა… ბოლოში კი ერთი შესანიშნავი რჩევა მომცა — „თუ გიყვარს, აპატიეო… თუ ვერ აპატიებ, ესე იგი, არ გყვარებიაო“… მერე ადგა და ბატონი კოტეს მაგიდასთან მივიდა…
ვითომ არაფერი… სულ რაღაცა უბრალო ფრაზა… სამწუხაროდ, მას მერე ქალბატონი სოფიკო აღარ მინახავს და ვერ ვუთხარი, რომ მისმა იმ დღეს ნათქვამმა სიტყვებმა ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამე შეცვალა…რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ…
ყველამ იცის ქალბატონი სოფიკოს და ბატონი კოტეს სიყვარულის ამბავი, რომელიც 30 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მჯერა, რომ დღესაც გრძელდება, ოღონდ სხვა განზომილებაში… ეს ის უბედნიერესი შემთხვევაა, როდესაც ორი ადამიანი უერთმანეთოდ ვერ არსებობდა, ვერ ქმნიდა, ვერ სუნთქავდა… თბილისში თავის დროზე განთქმული დონ-ჟუანი სოფიკოს ისეთი შეყვარებული თვალებით უყურებდა, რომ შენც რაღაცა ძალა გეძლეოდა… რადგანაც სიყვარულზე დიდი ძალა არ არსებობს… მარტო ამას რომ მოუსმინო ადამიანმა, ყველაფერი გასაგები ხდება…
მშვენივრად მესმის, რომ წუთისოფელს თავისი კანონები აქვს და მათი შეცვლა ადამიანებს, სამწუხაროდ, არ ძალუძთ… მაგრამ ასეთ დიდ და მართლა გამორჩეულ ადამიანებზე რომ ვწერ, რომლებმაც თავისი წასვლით გული მხოლოდ კი არ გვატკინს… დაგვიცარილეს… მგონია ხოლმე, იქნებ შეიძლებოდა მათთვის რაღაცა გამონაკლისი რომ ყოფილიყო… არწასვლა თუ არა, იქნებ, დაბრუნება მაინც შეეძლოთ… როდისმე…მერე… ჩვენი შემდგომი თაობების გასახარებლად…
და ბოლოს, გულდაწყვეტილები რომ არ დაგტოვოთ… და რადგან პირველ როგში ეს თავად ქალბატონ სოფიკოს არ მოეწონებოდა, მაინც მინდა დავასრულო ასეთი აფეთქებული და ოპტიმისტური სოფიკოთი…
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სოფიკოსავით მზიან დღეს!!!