ჯინსები მეცვა „Levi Strauss”-ი, გულში უკრავდა ვალსი შტრაუსის...

© photo: Sputnikჯინსები
ჯინსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანზე მკაცრი „დრეს-კოდია“ გამოცხადებული… ანუ, დაიშვებიან მხოლოდ ჯინსიანი სტუმრები… თუმცა, მნიშვნელობა არა აქვს, ჯინსის შარვალი გეცმევათ, ქურთუქი, პერანგი, ფეხსაცმელი, კეპი, სარაფანი, კაბა თუ ჯინსის ჩანთა გექნებათ გადაკიდებული… მთავარია, ჯინსის ერთი ელემენტი მაინც გამკობდეთ…

თქვენი არ ვიცი და დავბერდი ქალი და დღემდე ჯინსები — ჩემი ყველაზე საყვარელი ტანსაცმელია… რადგანაც მათში ძალიან დაცულად და მყუდროდ ვგრძნობ თავს… თანაც ყველანაირი ფერისა და ფასონის ჯინსებს ვეთაყვანები — ვიწროს, განიერსა და ფართხუნას, წელში გამოყვანილს, დაბალწელიანს… ყველანაირი მქონია… ერთადერთი რასაც ვერ ვიგებ — ჯინსებს მაღალ ქუსლებზე რომ ატარებენ… თუმცა, ალბათ იმიტომ, რომ ამ სიმბიოზს განსაკუთრებული სიარული შვენის… აი, მაგალითად ასეთი…

რადგანაც ასე მიყვარს ჯინსები, სრულიად ბუნებრივია, რომ მათი შემქმნელი — გენიალური და მოუსვენარი კაცი — ლებ შტრაუსიც (მომავალში — ლევი სტრაუსი) ძალიან მიყვარს… მოუსვენარი კი იმიტომ გახლდათ, რომ დაიბადა ბავარიაში და ხომ შეეძლო, მაგალითად, წყნარად მიერთვა ბავარიული სოსისი და ზედ კარგად ჩაციებული ბავარიული ლუდიც დაეყოლებინა, მაგრამ… არა… ის შტატებში წავიდა, ემიგრაციაში, ხოლო 1853 წელს, 24 წლის ასაკში, უზარმაზარი ტვირთით, რომელიც უბრალო ტილოსგან შედგებოდა, იმედიანად მიცურავდა სან-ფრანცისკოში, სადაც „ოქროს ციებ-ცხელება“ ბობოქრობდა…

შტრაუს-სტრაუსმა საქონელი ზუსტად 2 დღეში გაყიდა, რადგანაც სწორედ გათვალა ყველაფერი — ტილო სან-ფრანცისკოს წყალივით და ჰაერივით ჭირდებოდა — კარვებისთვის და ურიკებისთვის… აპირებდა ახალი საქონლის ჩამოსატანად წასვლასაც, მაგრამ შეამჩნია, რომ პორტში იდგა უამრავი (700-მდე) მიტოვებული გემი, ხოდა… მთელი მოგებული ფულით მათი აფრები შეისყიდა და დაიწყო მაღაროელებისა და ოქროს მაძიებლებისთვის განიერი და გამძლე შარვლების კერვა… იმავე წელს გახსნა მაღაზია «Levi Strauss & Co»…პირველი ჯინსები იყო ყავისფერი და კომბინიზონს უფრო ჩამოგავდა… შემდეგ ტილო შეცვალა უფრო რბილმა ფრანგულმა ქსოვილმა „denim“, რომელსაც ღებავდენენ იტალიურ გენუაში წარმოებული ლურჯი საღებავი — ინდიგოთი… შემდეგ ჯიბეებზე, ოქროს ზოდების სიმძიმით რომ ხშირად იხეოდა, გაჩნდა აღვირის სამაგრები… ხოდა, აბა, ჯინსი სხვა კი არაფერია…

ცხოვრება იცვლება… ჩემს შვილიშვილს, ანდრიას პირველი ჯინსი ჰქონდა, რამდენიმე თვის რომ იყო, მე კი მხოლოდ 17 წლის ასაკში მომეცა პირველი ჯინსის შეძენის შანსი… სკოლა რომ ოქროს მედალზე დავამთავრე, დედამ მითხრა — იშოვეო და რაც არ უნდა ღირდეს, გიყიდიო… ვიშოვე, მაგრამ ის „რაც არ უნდა ღირდეს-ზე“ ძვირი ღირდა (100 რუბლი) და დედასთვის არაფერი მითქვამს… და მხოლოდ 19 წლის ასაკში მიყიდეს ჯინსი… მოსკოვში, ცნობილ სპეკულიანტ დილბარასთან… აშკარად პატარა მქონდა, მაგრამ საწოლზე დამაწვინა და ისე შემიკრა… რა ბედნიერი ვიყავი…ძლივს დავდიოდი, მაგრამ სამაგიეროდ, ჯინსებში…

რა თქმა უნდა, ჯინსებს ლექსიც მოვაყოლე…

იცით, გუშინ რა მოხდა… სიხარულით ვივსები… გუშინ დედამ მიყიდა დილბარასთან ჯინსები…

ისე მიჭერს ძალიან, მიწითლდება ღაწვები, და საერთოდ ვერ ვიკრავ, ტახტზე თუ არ დავწვები…

საერთოდ, ჯინსებთან ბევრი საინტერესო ისტორია მაქვს დაკავშირებული…

ერთხელ… სტუდენტობისას — იმ დროს უკვე მეორე ჯინსი მქონდა ნაყიდი — ცისფერი… მაღაზიაში შესანიშნავი ცისფერი ჯინსის პერანგი შევამჩნიე და ისეთივე ფერის ცისფერი ჩანთა… ორივეში დავხარჯე მთელი ჩემი სტიპენდია და სრული ბედნიერებისთვის ცისფერი ფეხსაცმელი უნდა მეყიდა…

იმ დროს ჩანთას ფეხსაცმელს ვუხამებდით… ეს უკვე მერე, მოსკოვში, ქსენია სობჩაკმა კინაღამ მოკლა პირაპირ ეთერში საკუთარი დედა — სენატორი იმის გამო, რომ მას ერთი და იმავე ფერის ჩანთა და ფეხსაცმელი ეცვა, ეს თურმე ახლა „გოიმობაა“… რა ვქნა, გოიმი ვიყავი და დავიწყე ცისფერი ფერის ფეხსაცმელზე ნადირობა… ბოლოს ვნახე რუმინული მაღალტანკეტკიანი ფეხსაცმელი, რომელიც ისე უხდებოდა და ავსებდა ჩემს, უკვე გამზადებულ ცისფერ კომპლექტს, რომ დილამდე ვერ ვითმენდი… არადა, ამ ჩემს ფეხს, განსაკუთრებით მარჯვენას, აქვს ერთი თვისება — ძალიან მორიდებულია და ასეთი დიდი ზომის რომ არის, მაღაზიაში ეტყობა, ერიდება და პატარავდება… მერე კიდევ სახლში ისევ დიდდება… ასე რომ, უნივერსიტეტის მე-2 ლექციაზე უკვე ვიგრძენი, რომ სიცოცხლე არ მინდოდა… ფეხსაცმელი კი არ მიჭერდა, მკბენდა, მგლეჯდა და მხეცივით მძიძგნიდა… ზოია კოსმოდემინასკაიასავით გავძელი ლექციების ბოლომდე და სახლში მივედი ტაქსით… მარა, რად გინდა… მეორე დღეს ისევ ჩავიცვი და ყველაფერი გამეორდა და ასე გრძელდებოდა ერთი კვირა… ბოლოს, დილით ჩემს ოთახში მამიკო შემოვიდა და 100 მანეთიანი მაჩუქა (ხელფასის დღე არ იყო და ეტყობა, სადღაც ისესხა…) ჩუმად მომცა, დედიკოს რომ არ გაეგო, ბავშვს რომ აფუჭებდა და მითხრა —„წადიო და ან სხვა ფეხსაცმელი იყიდეო ან სხვა შარვალიო“… აი ასეთი იყო… ყველაფერს ამჩნევდა შეუმჩნევლად…

მესამე ისტორია კი უკვე მაშინ მოხდა, ბატონი ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი რომ ვიყავი… კვირა დღე იყო, წყნარად ვიჯექი პრეს-ცენტრში და ვმუშაობდი… არსებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაური სამსახურში მოსვლას არ აპირებდა… ამიტომაც მეცვა ჯინსი და ბოტასი… მაგრამ ჯინსსაც ხომ გააჩნია… სამი ზომით დიდი იყო და უკანა ჯიბეებზე გობელენის ყვავილები ქონდა ამოქარგული… უცებ… ირეკება ტელეფონი და ბატონმა ედუარდმა — „სასწრაფოდ ჩამოდიო“… რა უნდა მექნა, ჩავედი, ხვალისთვის გამზადებული ინფორმაციებით დახუნძლული… კაბინეტში რომ შევედი ჯინსიანი, ცოტა გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია… სამაგიეროდ გრძელი კაბინეტიდან უკანა სვლით რომ გავედი… სავარაუდოდ, ძალიან გაუკვირდებოდა…

დღეს ჩემი ქალიშვილის ოთახში რომ შეხვიდე, იმდენი წყვილი ჯინსი კიდია… თვითონაც არ ახსოვს, რამდენი… კი ამბობს — ძველებიაო, მაგრამ ისე ხშირად ყიდულობს, რომ გაუგებარია — დაძველებას როგორ ასწრებს?

ღმერთმა შეარგოს… ასეც უნდა იყოს…. ჩვენი შვილები ჩვენზე ბედნიერი და ლაღი უნდა იყვნენ ყველაფერში…

მაგრამ… მე მაინც ვფიქრობ, რომ იმ ჩემს პირველ „ლევი სტრაუსებს“ სულ სხვა ფასი ჰქონდა და გემო… რისი გაგებაც მხოლოდ ჩვენი თაობის ხალხს შეუძლია…

ბოლოს კი მინდა შემოგთავაზოთ — თუ რა ახალი ტენედნციები არსებობს 2017 წლის ჯინსების მოდაში…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და კარგად მორგებული ჯინსებივით გემრიელ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0