პარიზის ყველაზე მაღალი დამა...

© photo: Sputnik / ირინა კალაშნიკოვაეიფელის კოშკი, ქალაქი პარიზი
ეიფელის კოშკი, ქალაქი პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ადრე გავრიჟრაჟდი და, აივანზე გასულმა, ვახტანგ გორგასალივით ამაყად გადავხედე მყუდრო და სხვანაირად შარმიან თბილისს. შორიდან ჩემი მეგობარი და ჩემი ღამენათევი ლექსების პირველი შემფასებელი, მთაწმინდაზე მოკალათებული ანძა შემომეგება და მთხოვა, მისი შორეული პარიზელი მეგობრისთვის მიმელოცა დაბადების დღე…

დიახ, ზუსტად ამ დღეს, 1889 წლის 31 მარტს შედგა ლეგენდარული ეიფელის კოშკის ოფიციალური გახსნა, რომელზეც საფრანგეთის დროშა აფრიალდა. სულ მაინტერესებდა, რას ეძახდა გუსტავ ეიფელი თავისი სახელობის ქმნილებას – "ჩემი კოშკი", თუ განყენებულად "ეიფელის კოშკი" (თითქოს მას არ ეხებოდა)? აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში სულ უბრალოდ და პროზაულად შეარქვა — "დროშის 300-მეტრიანი სამაგრი", ან "300-მეტრიანი კოშკი". თავიდან ეიფელის კოშკი აშენდა როგორც დროებითი კონსტრუქცია, რომელსაც უნდა შეესრულებინა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე შესასვლელი სიმბოლური თაღის როლი, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდა ცნობილი გამოთქმა — "არაფერი არ არსებობს დროებითზე უფრო მუდმივი". დღეს ეიფელის კოშკი პარიზის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა მნახველების რაოდენობით, თუმცა საინტერესო და საოცარი ისაა, რომ სტატისტიკურად ის ყველაზე ბევრ მნახველში (25%) იწვევს "იმედგაცრუების" გრძნობას. როგორც ჩანს, გადამეტებული იმედების დამყარება კოშკებზეც კი არ ღირს.

აღსანიშნავია, რომ ეიფელის კოშკის გახსნის შემდეგ პარიზის და მთელი საფრანგეთის შემოქმედებითი ინტელიგენცია გამოთქვამდა აღშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ კოშკი ამახინჯებდა პარიზის დახვეწილ, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტილს. კოშკს "საქარხნო კვამლის მილს" და "პარიზის ცაზე მელნის მახინჯ ლაქას" ადარებდნენ. არქიტექტურულ სიახლეს განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ ალექსანდრ დიუმა, შარლ გუნო და გი დე მოპასანი. ერთხელ ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ გი დე მოპასანი ყოველდღე სადილობდა კოშკის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში, მივარდნენ მას და ჰკითხეს – "რა გინდათ აქ, თუ ასე ვერ იტანთ ამ კოშკს?" რაზეც დიდმა მწერალმა უპასუხა: "ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ მოჩანს!" არადა, პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე დღეს წარმოუდგენელია…

ცნობილია, რომ პარიზის ოკუპაციის დროს საფრანგეთის დედაქალაქში სწორედ ჰიტლერის ჩასვლის წინ მწყობრიდან გამოვიდა ეიფელის კოშკის ყველა ლიფტი და ფიურერმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ გადახედა პარიზს "ზემოდან". როგორც კი გერმანულმა ჯარებმა პარიზი დატოვეს, ლიფტები საეჭვოდ სწრაფად ამუშავდა.

ეიფელის კოშკმა თავისი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ფერი — ყვითლიდან მოწითალო-მოყავისფრომდე. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კი ეიფელის კოშკი არის "ეიფელისფერი". სწორედ ამ დასახელებით არის დაპანტებული იმ ფერის საღებავი, რომელსაც ქალბატონი კოშკი "ატარებს". სხვათა შორის, ეიფელის კოშკი რომ ქალბატონია, ამაში ეჭვი პირველივე დღიდან არავის შეპარვია, თანაც, მიუხედავად "სოლიდური წონისა" (7300 ტონა), საკმაოდ ტანადია (სიმაღლე უწყობს ხელს — 324 მეტრი), ყველაზე ძლიერი ქარის დროსაც კი მისი გადახრა 15 სანტიმეტრს არ აღემატება.

საფრანგეთის ხელისუფლება და ფრანგი ხალხი ეიფელის კოშკს ეროვნულ ღირსშესანიშნაობად და სიმდიდრედ მიიჩნევს და სათუთად უფრთხილდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეიფელის კოშკს ბევრი სანერვიულო ჰქონდა. მან გადაიტანა რამდენიმე ხანძარი, მას "ნაღმავდნენ" ტერორისტები, "ყიდდნენ" აფერისტები და ხშირად იყენებდნენ ეფექტურად თავის მოკვლის მსურველები…

ერთ უნიკალურ ფაქტზე მინდა შევჩერდე. ერთხელ ერთმა უიმედოდ შეყვარებულმა ქალბატონმა თავის მოკვლა გადაწყვიტა და ეიფელის კოშკიდან გადახტა. სასწაულია, მაგრამ ის გადარჩა, რადგან დაეცა ავტომობილზე. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ცოლად გაჰყვა ამ ავტომობილის მფლობელს…

ამას წინათ გავიგე ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი: თურმე, გუსტავ ეიფელმა თავისი კოშკის კონსტრუქციის შექმნისას გამოიყენა მე-19 საუკუნის შვეიცარიელი პროფესორის გერმან ფონ მაიერის მიერ მენჯის ძვლისა და სახსრის გამოკვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ამ ნაწილში მინიატურული ძვლები ისეა განლაგებული, რომ ადვილად უძლებენ ჟამთა სვლას და ადამიანის წონას. სწორედ ეს ყოფილა ეიფელის კოშკის აგების მთავარი პრინციპი.

გუშინწინ კი გაზეთში Le Figaro გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარიზის ხელისუფლებამ ეიფელის კოშკის ირგვლივ ტყვიაგამძლე მინის ტიხრების დაყენება გადაწყვიტა. ეს ზომები საჭიროდ ჩათვალეს ქვეყანაში ტერორისტული აქტების გახშირების გამო. სამუშაოები დასრულდება 2018 წლის ზაფხულში. საწყენია, რომ შესანიშნავი ნაგებობა მინებით იქნება შებოჭილი, მაგრამ, რას იზამ – ტერორისტებისგან არა მხოლოდ ადამიანები, კულტურის ძეგლებიც ზიანდებიან.

დღეს არ შემიძლია არ დავიტრაბახო, რომ საქართველოშიც არსებობს ეიფელის ხიდი, რომელიც დიდი არქიტექტორის და მშენებლის კონსტრუქციის მიხედვით არის აგებული და ერთმანეთს აკავშირებს ულამაზეს წაღვერსა და ცემს. ბავშვობაში უამრავჯერ გამივლია ამ ხიდეზე საყვარელი "კუკუშკით", მაგრამ მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. დღეს კი, როდესაც ვიცი, ამ შესანიშნავ ხიდსაც მინდა მივულოცო ამ შემთხვევაში მისი პარიზელი ნათესავის — ეიფელის კოშკის დაბადების დღე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთმა წამყვანმა ნავთობკომპანიამ პარიზში, სწორედ ეიფელის კოშკთან ნავთობის მარაგი (40 მილიონ ბარელამდე) აღმოაჩინა. იმედია, ადამიანები გაუფრთხილდებიან პარიზის განუმეორებელ სიმბოლოს, რადგან ვერავითარი სიმდიდრე ვერ შეედრება სილამაზეს…

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ეიფელის კოშკივით დახვეწილ დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0