ქართველი პიანისტის გერმანული აღიარება და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის მედალი

© FB/ Catherine Gordeladze-Beckerეკა გორდელაძე
ეკა გორდელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა "ქართველები უცხოეთში" გერმანიაში მოღვაწე წარმატებულ პიანისტზე, ეკატერინე გორდელაძეზე მოგვითხრობს.

7 წლის იყო, როცა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჰაიდნის კონცერტი შეასრულა. დღეს კი წარმატებული ქართველი პიანისტის, ეკატერინე გორდელაძის ერთ-ერთ გამოსვლას გერმანული პრესა „Frankfurter Rundschau“ ასე აფასებს: "მისი კონცერტი საფორტეპიანო სპექტაკლად იქცა, სადაც მაყურებელს სუნთქვა ეკვრის".ნიჭიერი პიანისტი ამჟამად ფრანკფურტში ცხოვრობს და აქტიურ საერთაშორისო საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. იგი დარმშტადტის შოპენის საერთაშორისო კონკურსისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მიერ დაწესებული პრემიის ლაურეატია. 2014 წელს მის კომპაქტ დისკს სახელწოდებით „ამერიკული რაფსოდია“ მიენიჭა „ამერიკის გლობალური მუსიკის პრემია“ (Global Music Award), რომელიც საუკეთესო ჩანაწერებისათვის კალიფორნიაში ყოველწლიურად გაიცემა. საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად ქართველი პიანისტი ფრანკფურტის მუსიკალურ უნივერსიტეტში ასწავლის და ქველმოქმედებისთვისაც იცლის.

© FB/ Catherine Gordeladze-Beckerეკა გორდელაძე კონცერტზე
ეკა გორდელაძე კონცერტზე - Sputnik საქართველო
ეკა გორდელაძე კონცერტზე

-ქალბატონო ეკატერინე, როდის დაიწყო თქვენი გერმანული წარმატებების კასკადი?

— პირველად როგორც სტიპენდიანტი, მასტერ-კლასებში მონაწილეობის მისაღებად კომპოზიტორ გია ყანჩელის ინიციატივით, გერმანიაში, პატარა იდილიურ ქალაქ ბუკოვში (ბერლინთან ახლოს) ვიყავი მიწვეული. ეს იყო 1994 წელი, საიდანაც ჩემი ამ ქვეყანასთან აქტიური ურთიერთობა დაიწყო. საქართველოში 6 წლის ასაკიდან კონცერტებს ვმართავდი, მშობლებმა ნიჭიერთა ათწლედში შემიყვანეს. 11 წლის ვიყავი, როცა ხელოვნების მუშაკთა სახლში ჩემი პირველი სოლო-კონცერტი გაიმართა. შემდეგ თბილისის კონსერვატორიასა და ასპირანტურაში განვაგრძე სწავლა არაჩვეულებრივი მუსიკოსის, ნოდარ გაბუნიას კლასში. ამას მოჰყვა დედასთან ერთად გერმანიაში გამგზავრება. მან სამუშაო კონტრაქტი მიიღო ფრანკფურტის ერთ-ერთ დიდ კლინიკაში და მე კი ცოდნის გაღრმავება დავიწყე კონრად ადენაუერის ნიჭიერთა დაფინანსების ფონდის სტიპენდიით. მოგვიანებით ფრანკფურტის და ვაიმარის მუსიკალური უნივერსიტეტები დავამთავრე. პარალელურად ჩემი საკონცერტო მოღვაწეობა პატარა მასშტაბის კონცერტებით, ე.წ. „სახლის კონცერტებით“ (Hauskonzerte) დაიწყო. შეძლებული მელომანი ოჯახები მპატიჟებდნენ კონცერტების ჩასატარებლად თავიანთ სახლებში, სადაც არაჩვეულებრივი ინსტრუმენტები იდგა (ასეთი ტიპის სალონური კონცერტები ძველი ტრადიციაა გერმანიაში, რომელსაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი). მასპინძლები ძალიან ცდილობდნენ ჩემთვის უფრო დიდი კონცერტები მოეწყოთ, ამიტომ თავიანთ სახლებში საკონცერტო აგენტებსა და მენეჯერებს პატიჟებდნენ. ამას მოგვიანებით უკვე დიდი დარბაზები და საჯარო კონცერტები მოჰყვა. შემდეგ შოპენის კონკურსის ლაურეატი გავხდი და ასე განვითარდა ჩემი შემოქმედებითი გზა.

© FB/ Catherine Gordeladze-Beckerეკა გორდელაძე
ეკა გორდელაძე - Sputnik საქართველო
ეკა გორდელაძე

-გერმანიაში მოღვაწეობის დროს საკმაოდ დიდმა და პრესტიჟულმა აუდიტორიამ გაგიცნოთ…

— ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ხელოვნებას ასე აფასებენ. მსმენელის ყურადღებას და სიყვარულსაც აშკარად ვგრძნობ და მათგან ძალიან დადებით ემოციებს ვიღებ. დღესდღეობით დატვირთული საკონცერტო განრიგი მაქვს. ჩემი საკონცერტო გამოსვლებიდან გამოვყოფდი სოლო-კონცერტებს ისეთ დარბაზებში, როგორიცაა, მაგალითად მიუნჰენის ფილარმონია, (Philharmonie im Gasteig München) ფრანკფურტის რადიოსა და ტელევიზიის დიდი დარბაზი (HR Sendesaal Frankfurt), ვისბადენის კურჰაუზი, (Kurhaus Wiesbaden), ლისტის სალონი ვაიმარში, (Liszt Salon Altenburg/Weimar), შოპენის სახლი პალმა დე მალორკაზე (Chopin Haus in Valdemossa/Mallorca). აგრეთვე აღვნიშნავ ჩემს გამოსვლას ფესტივალზე „The Next Generation III“ დორტმუნდში მევიოლინე დავიდ გარეტთან (David Garrett) ერთად.  როგორც სოლისტი დაკრული მაქვს კობურგის ფილარმონიის ორკესტრთან (Philharmonischen Orchester Landestheater Coburg), მაინცის სახელმწიფო ორკესტრთან (Mainzer Staatsorchester), ფორცჰაიმის სამხრეთ-დასავლეთის კამერულ ორკესტრთან (Südwestdeutschen Kammerorchester Pforzheim), ახალგაზრდა ევროპის ფილარმონიის ორკესტრსა (Junge Europa Philharmonie) და დორტმუნდის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად (Dortmunder Philharmoniker). აქვე მინდა ვახსენო ჩემი წლევანდელი საკონცერტო გამოსვლა კონრად ადენაუერის ვილაში იტალიაში, სადაც საფორტეპიანო საღამოთი პოლიტიკის და ეკონომიკის ფორუმს ვხსნი. ამ ფორუმზე ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ეკონომისტები იკრიბებიან ყოველწლიურად. აქ კონცერტის ჩასატარებლად უკვე მეორედ ვარ მიწვეული. ძალიან აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით გამოირჩეოდა 2016 წელი, მრავალი საფორტეპიანო საღამო გავმართე გერმანიასა და შვეიცარიაში და აგრეთვე სოლო კონცერტით ლონდონის ცნობილ წმინდა მარტინის ეკლესიაში (St. Martin in the Fields) გამოვედი.

© courtesy of Catherine Gordeladze-Beckerეკა გორდელაძე
ეკა გორდელაძე - Sputnik საქართველო
ეკა გორდელაძე

- ქალბატონო ეკატერინე, ხელოვნების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის თქვენი ასეთი ნაყოფიერი საქმიანობა სხვადასხვა ჯილდოთი აღინიშნა.

— ჩემი აზრით ხელოვანისთვის მარტო პრემია და ჯილდო არ უნდა გახდეს თვითდამკვიდრების მიზანი. დღესდღეობით ძალიან ბევრი საფორტეპიანო კონკურსი არსებობს მსოფლიოში და შესაბამისად ძალიან ბევრი ლაურეატია, რომელთა რიცხვიც ყოველწლიურად კიდევ უფრო იმატებს, მაგრამ სტაბილურად მათგან ნამდვილად მცირე რაოდენობა იმკვიდრებს თავს საკონცერტო სცენაზე. გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი თავისადმი კრიტიკული მიდგომა, დაუშრეტელი ძიება, ახალი იმპულსებისა და იდეების ძებნა, რაც პერსონალური სტილის ჩამოყალიბების საწინდარია და რაც ხელოვნებისთვის აუცილებელია. ჩემთვის პირადად მიღებული პრემიებიდან ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის საპატიო ლეგიონის პრემია და მედალი, რადგანაც ეს პრემია ისეთი ლეგენდარული პიანისტის მიერ არის გაცემული, როგორიც იყო ალექსის ვაისენბერგი, (Alexis Weissenberg), რომელსაც ძალიან ვაფასებდი და ვისთანაც დიდი ხნის პროფესიული ურთიერთობა, მეგობრობა და აზრთა ურთიერთგაცვლა მაკავშირებდა.

© FB/ Catherine Gordeladze-Beckerეკა გორდელაძე
ეკა გორდელაძე - Sputnik საქართველო
ეკა გორდელაძე

-თქვენი ასეთი პოპულარობის გამო ბუნებრივია, ხმის ჩამწერი სტუდიის ხშირი სტუმარიც ხართ. თქვენი მერამდენე სოლო კომპაქტ-დისკი გამოდის?

— მაისის თვეში გერმანულ ხმის ჩამწერ კომპანიაში BELLA MUSICA/ANTES EDITION გამოდის ჩემი მეოთხე სოლო კომპაქტ-დისკი სახელწოდებით „ცეკვის ფანტაზიები“ (Dance Fantasies), სადაც რამოს, ჩერნის, შოპენის, გოდოვსკის და რაველის საცეკვაო ჟანრის საფორტეპიანო ნაწარმოებებია ჩაწერილი. ამ დისკის პრეზენტაცია ფრანკფურტში, ბერლინსა და დრეზდენში გაიმართება.

-ქალბატონო ეკატერინე, ვიცი, რომ საქველმოქმედო კონცერტებსაც ატარებთ…

— ამის შესახებ აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოგახსენებთ, რომ 2015 წელს სხვა კონცერტებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარე. ამ კონცერტით, რომელიც ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს პატრონაჟით გაიმართა საქართველოში სტიქიით დაზარალებულებს დავეხმარე. რაც შეეხება 2017 წლის საკონცერტო სეზონს, პირველი საქველმოქმედო კონცერტი თებერვალში ჩავატარე ბად ჰომბურგის ტაძარში, სადაც ძალიან სოლიდური თანხა შეგროვდა თბილისის მეორე გიმნაზიას დასახმარებლად. ამ კონცერტის ორგანიზატორი ბად ჰომბურგში არსებული ქართულ-გერმანული საზოგადოება გახლდათ.

-როგორია თქვენი ცხოვრება, როდესაც კონცერტი არ გაქვთ?

— თავისუფალ დროს ძირითადად ჩემს ოჯახთან, მეუღლესთან და დედასთან ერთად ვატარებ. ძალიან მიყვარს ოპერა, ამიტომ ხშირად დავდივარ. მეტსაც ვიტყვი, პიანისტისთვის აუცილებელიც კი არის ვოკალურ ხელოვნებასთან სიახლოვე, რათა ე.წ. კანტილენა გაითავისოს და შემდეგ შეძლოს სასიმღერო მელოდიური და ლირიკული ხაზის გადმოცემა ფორტეპიანოზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აგრეთვე მიყვარს კინოხელოვნება და კინოდარბაზების ხშირი სტუმარი ვარ. საქართველოში პირველ რიგში ჩემი ახლობლები მენატრებიან, ასევე მენატრება ქართული კლიმატი და განუმეორებელი ქართული კერძები…

ყველა ახალი ამბავი
0