15:30 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
რამაზ ჩხიკვაძე

ქართველი აზდაკი – რამაზ ჩხიკვაძე

© photo: Sputnik / ვასილი მალიშევი
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
454560

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, ზამთრის ბოლო დღეს და გაზაფხულის წკიპზე ჩვენს აივანს ესტუმრება უდიდესი მსახიობი, უსაყვარლესი, უნიჭიერესი, უთბილესი კაცი, რომელიც ყველას გვიყვარს. ეს გახლავთ ბატონი რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1928 წლის 28 თებერვალს.

ახლა კი, დილიდანვე რომ კარგ განწყობაზე დაგაყენოთ, ერთად მოვუსმინოთ მის მიერ სხვანაირად, მხოლოდ მისთვის ჩვეული ეშხით შესრულებულ ვაჭარი პანკეს კუპლეტებს საოცარი ვარდოსა (სოფიკო ჭიაურელი) და ტურფას (ნანული სარაჯიშვილის) თანხლებით:

რამაზ ჩხიკვაძის მამა ცნობილი მუსიკათმცოდნე გრიგოლ ჩხიკვაძე იყო, დედა კი ვოკალისტი ელენე გაჩეჩილაძე. პატარა რამაზს ბავშვობიდან შესანიშნავი მუსიკალური მონაცემები ჰქონდა, მაგრამ თავად თეატრი არჩია, და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მისი მასწავლებელი, საოცარი მიშა თუმანიშვილი იხსენებდა, რომ ძნელი იყო რამაზის, როგორც მსახიობისა და მუსიკოსის ერთმანეთისგან გამიჯვნა, ისე იყო მასში ეს ორი ნიჭი შერწყმული. რეჟისორის თქმით, ბატონი რამაზი როლს კი არ „ხედავდა“, „ისმენდა“.

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რამაზ ჩხიკვაძემ მუშაობა დაიწყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც უამრავი შესანიშნავი სახე შექმნა, რომლებიც დღემდე გვახსოვს და სევდანარევი სიყვარულით ვიხსენებთ.

იცით, რა მაოცებდა ყველაზე მეტად ბატონი რამაზის შემოქმედებაში? მისი არაჩვეულებრივი გარდასახვის ნიჭი. ხომ ამბობენ, რომ მსახიობებს რაღაც ამპლუა გააჩნიათ, ე.წ. თავისი როლები. ის კი ერთნაირად დამაჯერებელი იყო როგორც აკოფას როლში „ხანუმაში“, ისე მეფე ლირის ტრაგედიის გადმოცემაშიც… დაუვიწყარია მისი მამაო ოხროხინე ფილმში „ნატვრის ხე“, თედო „ბებერ მეზურნეებში“, ლუკა ბაბუა „ნერგებში“… თანაც, ბატონი რამაზი კიდევ ერთ სტერეოტიპს არღვევდა — ხშირად ამბობენ ხოლმე – ეს მსახიობი თატრის მსახიობია, ეს – კინოსიო. რამაზ ჩხიკვაძე კი ყველგან შესანიშნავი იყო, თანაც არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, როლი მთავარი იყო თუ ნაკლებად მთავარი.

შეუძლებელია ბატონი რამაზის ყველა როლის ჩამოთვლა, რომელიმე როლს რომ არ ეწყინოს… მისი შემოქმედებაც იმდენად აღიარებულია და შეფასებული, რომ მე რა უფლება მაქვს რამე დავამატო მოკრძალებული ემოციების გარდა. ის გახლდათ შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი. ამაზე დიდი ჯილდო ქართველ კაცს რა უნდა ჰქონდეს. საოცრად ეროვნული და ქართული სულის კაცი იყო…

რამაზ ჩხიკვაძე
© photo: Sputnik / ვლადიმერ პერვენცევი
რამაზ ჩხიკვაძე

ნამდვილმა ნიჭმა საზღვრები არ იცის და ისიც მშვენივრად გვახსოვს, შოთა რუსთაველის თეატრის საზღვარგარეთულმა გასტროლებმა რა ტრიუმფით ჩაიარა. ბატონი რობერტ სტურუას სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“, ბატონი რამაზისა და მთელი შესანიშნავი შემადგენლობით, მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლს შორის მოხვდა, ხოლო რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე – ყველა დროის რიჩარდების ათეულში ჩაეწერა. მას საზღვარგარეთის პრესამ „კავკასიის მეფეც კი უწოდა“…

რა ვქნა, უნდა გამოვტყდე, რომ მე ყველაზე მეტად მაინც ბატონი რამაზის აზდაკი მიყვარს. ასჯერ რომ ვნახო და მოვისმინო, არ მომბეზრდება. ზეპირად ვიცი, მაგრამ მაინც… ისიც ვიცი, რომ თქვენც ჩემთან ერთად სიამოვნებით მოისმენთ:

ბედნიერი ვარ, რომ პირადად მთლად ბავშვობიდან ვიცნობდი ბატონ რამაზს. ვამაყობ იმით, რომ ისიც მიცნობდა. რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლებზე ყოფნის დროს ვერ მოვითმინე და გავექანე მისკენ დერეფანში, მივრბოდი და თან თავში გამიელვა, იქნებ ვეღარ მიცნოს–მეთქი – 20 წელი არ ვყავდი ნანახი. ორივე ხელი გაშალა და ჩამიხუტა. ეს ბავშვი მთლად მამამის ჯემალის დამსგავსებიაო — უთხრა ბატონ რობიკოს და მერე დაამატა, ისე, დედაშენს დამსგავსებოდი, ჯობდაო. თან თვალები უციმციმებდა ეშმაკურად… 

ძალიან მიყვარს ბატონი რამაზი, თავისი ისეთი თბილისურობით, რომელიც სრულებით არ არის გეოგრაფიული მცნება და „მსოფლიურობაში“ გადადის, მიყვარს მისი სიყვარულის ნიჭით, ასე რომ უყვარდა და ხელისგულზე და გულისხელზე რომ ატარებდა თავის ულამაზეს ნატაშას… 

რამაზ ჩხიკვაძე მეუღლესთან - ნატალია ჩხიკვაძესთან ერთად
© photo: Sputnik / რუხკიანი
რამაზ ჩხიკვაძე მეუღლესთან - ნატალია ჩხიკვაძესთან ერთად

ისინი პირველად ერთმანეთს შეხვდნენ გემზე, შემთხვევით და ამ ულამაზესმა და გამორჩეულმა ქალბატონმა ბატონი რამაზის გული მოიგო… ბატონი რამაზი იხსენებდა: „ნატაშა რომ დავინახე, უზომოდ მომეწონა და ჩემ ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე ცოლის შერთვაზე, ასეთ ქალს შევირთავდი-მეთქი. ცხოვრებაში სხვა არავისზე მიფიქრია“. ვგიჟდები მამაკაცზე, რომელსაც არ ეშინია სიყვარულის გამოხატვა და არ თვლის ამას სისუსტედ.

ბატონ რამაზს და ჩემს ბიძიას ზურაბ ანჯაფარიძეს ერთი ოცნება ჰქონდათ – შეესრულოებინათ საქოსა და სიკოს პარტია ოპერაში „ქეთო და კოტე“. სამწუხაროდ, ამ ოცნების ასრულება ვერ მოასწრეს. ზურიკოს, არ ვიცი, როგორ გამოუვიდოდა, მაგრამ ბატონ რამაზს კი სერიოზული რეპეტიცია ჰქონდა გავლილი „ხანუმაში“:

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და იმ დიდი თაობის მადლით და ნიჭით განათებულ დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

მთავარი თემები