პასტერნაკის ლექსი ბრეხტის პიესაში… პუშკინის სახელობის თეატრში...

© photo: Sputnik / ვლადიმერ პერვენცევი / გადასვლა მედიაბანკშირამაზ ჩხიკვაძე და კარლო საკანდელიძე სპექტაკლში "კავკასიური ცარცის წრე"
რამაზ ჩხიკვაძე და კარლო საკანდელიძე სპექტაკლში კავკასიური ცარცის წრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი მყუდრო და საყვარელი აივანი თბილისის ერთ-ერთ შესანიშნავ თეატრად უნდა გადავაქციოთ. ხომ იცით, როგორ მიყვარს თქვენი დაინტრიგება და თავიდან მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თქვენ გარდა დღევანდელ წარმოდგენას დაესწრება 3 საოცარი და ბუმბერაზი ადამიანი — დიდი რუსი პოეტი ალექსანდრ პუშკინი, დიდი რუსი პოეტი და პროზაიკოსი ბორის პასტერნაკი და დიდი გერმანელი პოეტი და დრამატურგი ბერტოლდ ბრეხტი, რომლებიც ერთმანეთს პირადად, სამწუხაროდ, არ იცნობდნენ (თუმცა, მოსკოვის პუშკინის სახელობის თეატრში ბრეხტის პიესაში „დოლები“ მთავარი გმირი კითხულობს პასტერნაკის ლექსს), მაგრამ დღეს ამ სამ ლეგენდარულ ადამიანს ჩვენთან მობრძანების საერთო მიზეზი გააჩნია…

დღეს გახლავთ ალექსანდრ სერგეევიჩის ხსოვნის დღე, ხოლო ბორის პასტერნაკი და ბერტოლდ ბრეხტი დაბადებული არიან სწორედ ამ დღეს — 10 თებერვალს (სულ ერთი წლის განსხვავებით, შესაბამისად, 1890 და 1989 წელს).

მართალი გითხრათ, კიდევ ერთი იუბილარის, ცნობილი მზვერავისა და ძალიან საინტერესო პიროვნების – რუდოლფ აბელის მოწვევაც მინდოდა, მაგრამ ამ კომპანიაში რაღაც ვერ წარმოვიდგინე და თავი დავანებე…

დიდხანს ვფიქრობდი, სად მომეყარა ერთად თავი ამ შესანიშნავი სამი სტუმრისთვის და ბოლოს მოვიფიქრე: რა თქმა უნდა, ჩვენ რუსთაველის თეატრში, რა თქმა უნდა, ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით საოცარი ბატონი რობერტ სტურუას მიერ დადგმული „კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერაზე, რომელიც შედგა 1975 წელს (მე 14 წლის ვიყავი) და რომელიც გახდა მოვლენა არა მხოლოდ თბილისის არამედ, თამამად ვიტყვი, მთელი მსოფლიოს თეატრალურ ცხოვრებაში.

ყველას გვაქვს ნანახი პრემიერა თუ არა, შემდგომი წარმოდგენები აუცილებლად. უამრავი აღფრთოვანებული რეცენზია და შეფასება გვაქვს წაკითხული ამ სპექტაკლზე და საშინლად ვამაყობდით, მაგრამ მე მინდა დღეს გაგიზიაროთ იმ პრემიერის შესახებ მოგონებები, რადგან ეს მოგონებები ღრმად ჩამრჩა გულში, ისევე, როგორც იმდროინდელი გემრიელი თბილისი და ლამაზი ურთიერთობები.

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ნუ მიწყენენ — დღევანდელ თბილისს თავისი ხიბლი გააჩნია, მაგრამ, ხომ იცით, ყველას თავისი ახალგაზრდობა უყვარს… გავა დრო, თქვენც „გაიზრდებით“ ჩემსავით და ასევე ტკბილად მოიგონებთ უკვე დღევანდელ თბილისს.

მოკლედ, როცა ოჯახში გამომიცხადეს, რომ პრემიერაზე მივდიოდით, ისე გავიპრანჭე, ვერც კი წარმოიდგენთ. პოლონელ ცნობილ მკერავთან შეკერილი საფრანგეთის რევოლუციის ფერებში გადაწყვეტილი კაბა ჩავიცვი და წავედით თეატრში… თანაც, უბილეთოდ, რადგან იმედი გვქონდა, რომ ლოჟაში დაგვსვამდნენ, როგორც ყოველთვის… დამთავრდა იმით, რომ დედას ერთ-ერთმა კოლეგამ ტელევიზიიდან საკუთარი ადგილი დაუთმო ლოჟაში, მამა კულისებში გავიდა, მე კი, ასეთი გამოპრანჭული, კიბეზე მოვკალათდი გაბრაზებული ბეღურასავით… რადგან მთელ რუსთაველის თეატრში ერთი სკამიც კი არ დარჩა რიგის ბოლოში მისადგმელი.

მაგრამ როდესაც სპექტაკლი დაიწყო… ყველაფერი დამავიწყდა – არასდროს არ მინახავს ასეთი ფეიერვერკი, ასეთი დღესასწაული სცენაზე, ამდენი განუმეორებელი მსახიობი და ამას ყველაფერს ამშვენებდა გია ყანჩელის მუსიკა, გოგი მესხიშვილის მხატვრობა, იური ზარეცკის ქორეოგრაფია…

სპექტაკლის დროს სულ ერთხელ გავიხედე გვერდზე და თვალში მომხვდა ლოჟაზე გადმოკიდებული არისტოკრატიულად თხელი და დახვეწილი ხელი – ბუნებით და გენებით რომაა, ისეთი და არა სილამაზის სალონში ყოვეკვირეული სიარულით „გამოწრთობილი“.

ცოტა ღრმად ჩავიხედე ლოჟაში და დავინახე ერთი შეუდარებელი ქალბატონი. ანტრაქტის დროს თვალი არ მომიშორებია. ყველაფრით მომწონდა, უკვე შეყვარებული ვიყავი. იყო ისეთი სათნო, მომღიმარი, ხალისიანი, შარმიანი და თანაც, საშუალო ასაკზე მეტი ხნის. ვერ მოვითმინე და მამიკოს ვკითხე, ვინ არის–მეთქი. ვიგრძენი, ესიამოვნა, რომ ვკითხე, და მიპასუხა, ეს არის ვინც არისო – დიდი ევგენი მიქელაძის მეუღლე, ქალბატონი ქეთევან ორახელაშვილიაო.

ისეთი თვალებით შევხედე, მიმიყვანა და გამაცნო. რა ვქნა, ის ანტრაქტებიც კი სხვანაირი იყო და სპექტაკლზე ნაკლებად არ დამრჩა მეხსიერებაში… 

იცით, რა არის საწყენი? განახლებული ოპერის თეატრის გახსნაზე რომ ვიყავი… საოცარი შენობა, თავისი განსაკუთრებული აურით, გადასარევი სპექტაკლი, შესანიშნავი მაყურებელი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩვენ ცოტა დავკარგეთ ურთიერთობის ნიჭი. ხალხი ყველა ჯგუფ-ჯგუფად იდგა, არ იყო რაღაც ის ერთიანობა და ერთობა, რომელიც მაშინ არსებობდა თეატრებში.

არც ეს არის პრობლემა, ჩვენ, ქართველები უდავოდ ნიჭიერი ხალხი ვართ და ამას ყველაფერს აღვადგენთ, მთავარია, თეატრებში ვიაროთ ხშირად და არა მხოლოდ პრემიერებზე. თეატრი ხომ კინო არ არის, ერთი და იგივე სპექტაკლი ორ სხვადასხვა დღეს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

ჩვენი დღევანდელი სპექტაკლიც დასრულდა… მე კი იმ ბენუარის ლოჟასთან მივედი, ჩვენი საოცარი სტუმრები რომ არიან დაბრძანებულნი – მათი შთაბეჭდილებები მაინტერესებდა…

ალექსანდრ სერგეევიჩმა ბრძანა — „გაჰყვე დიდი კაცის ფიქრებს — ყველაზე შემეცნებადი მეცნიერებაა“… 

ბორის პასტერნაკმა — „ზღაპარი სხვა არაფერია, თუ არა პროზა, რომელსაც გენიოსი შეეხო“…

ბერტოლდ ბრეხტმა კი ვერაფერი ვერ თქვა — აღფრთოვანებისგან ცრემლები ედგა თვალში…

მოდით, ვნახოთ პატარა ნაწყვეტი ამ შესანიშნავი სპექტაკლიდან:

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და თეატრივით ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0