25 წლის ფერმერი უკანაფშავიდან

© FB/ Nodar Tokhosashviliნოდარ ტოხოსაშვილი
ნოდარ ტოხოსაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად მთაში არსებული უამრავი პრობლემისა, ახალგაზრდა ფერმერი ნოდარ ტოხოსაშვილი აქტიურად ამუშავებს მეურნეობას, იღებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და ახდენს მის რეალიზებას.

ნოდარ ტოხოსაშვილი 25 წლის ფერმერია. იგი ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე დუშეთის რაიონის სოფელ უკანაფშავში მეურნეობას მისდევს, ზამთრის პერიოდში კი სოფელს ტოვებს და დუშეთში იზამთრებს. მისი მეურნეობა მეფუტკრეობას, მებოსტნეობას და მესაქონლეობას მოიცავს. ნოდარი დიდ გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მთაში არ არის კომუნიკაცია, მობილური კავშირი, რის გამოც იქაური ახალგაზრდები სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან, რაც მათ საქმიანობას აფერხებს.

© FB/ Nodar Tokhosashviliნოდარ ტოხოსაშვილი
ნოდარ ტოხოსაშვილი - Sputnik საქართველო
ნოდარ ტოხოსაშვილი

– დაბადებიდან 7 წლამდე მუდმივად ვცხოვრობდი დედასთან ერთად უკანაფშავში, პირველი კლასი დედამ მასწავლა, შემდეგ გადმოვედით დუშეთში და სკოლაც აქ დავამთავრე. სოფელში მაშინ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობდა, იყო ელექტროენერგიაც. 18 წლის წინ წყალმა წაიღო ელექტრობოძები და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა ამ მხრივ. ადრე მეტი ხალისი იყო. როცა სოფელში ხალხია, ხდება ადამიანების სოციალიზაცია, ეს იმედს და მოტივს აჩენს.

– რამ განაპირობა ის, რომ მეურნეობისთვის მოგეკიდათ ხელი, ფერმერი გამხდარიყავით?

– ბავშვობიდან სოფლის მეურნეობაში ვიყავი ჩართული, დედას ვეხმარებოდი საქონლის მოვლაში, უკვე 5-6 წლისა მწყემსად დავდიოდი. იქ სხვა საქმე არაფერი იყო, გარდა სოფლის მეურნეობისა.

რამდენიმე წლის წინ გერმანიის ერთ–ერთ სოფელში ორი თვით მომიწია ცხოვრება. დიდხანს ვიყავი შთაბეჭდილებების ქვეშ, გამაოცა გერმანელი ხალხის შრომისმოყვარეობამ, მოწესრიგებულმა აგროსექტორმა. ამის მერე სულ ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლება ისევე ვიცხოვროთ საქართველოში, როგორც იქ ცხოვრობენ. ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი, სტიმული, რომ მეურნეობა წამომეწყო.

© FB/ Nodar Tokhosashviliნოდარ ტოხოსაშვილი
ნოდარ ტოხოსაშვილი - Sputnik საქართველო
ნოდარ ტოხოსაშვილი

– რა სახის მეურნეობა გაქვთ?

– მე და დედა გაზაფხულიდან შემოდგომამდე სოფელში ვართ. ვაწარმოებთ თაფლს. მთაში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მაღალი ხარისხის თაფლს ვიღებთ. ასევე გვაქვს სამი ჰექტარი მიწა, სადაც ყველანაირი ბოსტნეული მოგვყავს. მივდევთ მესაქონლეობას. საქონელს ვქირაობთ, რძის პროდუქტები შუაზე იყოფა, ნახევარი ჩვენია, ნახევარი მათი, ვისგანაც საქონელს ვქირაობთ. ყველი დედას ამოჰყავს, მე კი ვცდილობ ამ ყველაფრის რეალიზება მოვახდინო.

უკანაფშავში ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. 95℅ ამ საქმით არის დაკავებული. მთავრობისგან იყო უფასოდ მიწის მოხვნა და ვაუჩერები, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. დიდი პრობლემაა თანამედროვე ტექნიკის დეფიციტი, სათიბი, საპრესი და ბოსტნეულის აგრეგატები. ხელის ტრაქტორები არის, მაგრამ დიდ ფართობზე მაინც ვერ ხდება მიწის დამუშავება. კარგი იქნება, სახელმწიფო თემებში თუ შეიყვანს მთაზე მორგებულ სასოფლო–სამეურნეო ტექნიკას. ხალხს შრომა შეუმსუბუქდება, მეტ მოსავალს მოიყვანენ და  მეტ შემოსავალს მიიღებს.

– როგორ ახერხებთ რეალიზაციას? ასე შორს რომ ხართ ქალაქიდან, საქმეს არ ართულებს?

– დუშეთში ჩამომაქვს მთელი სეზონის ნაშრომი. აქედან ფეისბუქის გვერდზე ვდებ და ამის საშუალებით მიკავშირდება მსურველი, შემდეგ კი თბილისში ვაწვდი.

– ზამთრის პერიოდში როგორ პირობებში უწევს აქ ხალხს ცხოვრება?

– ზამთარს მე და დედა ბარში ვატარებთ, დუშეთში. ჩვენთან ერთად რამდენიმე სხვა ოჯახიც ტოვებს სოფელს. უკანაფშავის ბოლო სამ სოფელში სამი ოჯახი რჩება ზამთარში. სანამ თოვლი მოვა, მოიმარაგებენ პროდუქტებს, შეშას, თივას და ასე ხვდებიან ზამთარს. როცა თოვლი მოდის, გზა იკეტება, მხოლოდ რამდენიმე კვირაში ერთხელ ტრაქტორით იწმინდება. მთაში ზამთარი საკმაოდ მკაცრია და ცხოვრებაც, შესაბამისად, რთული. 

სამწუხაროდ, აქ ადამიანების ნაკლებობაა. ახალი არ არის ის ფაქტი, რომ მთა დაცარიელდა, მოხუცები იხოცებიან, ახალგაზრდები მოვდივართ, სოფლები ცარიელდება, ასეა თითქმის ყველგან. არ არის კომუნიკაცია, არ აქვს სიგნალის მიღება მობილურ ტელეფონს. არ გვაქვს ელექტროენერგია. როდესაც არაგვი დიდდება, გზაც ხშირად ფუჭდება და ხან რამდენიმე კვირა არ გვაქვს გზა.

© FB/ Nodar Tokhosashviliნოდარ ტოხოსაშვილი
ნოდარ ტოხოსაშვილი - Sputnik საქართველო
ნოდარ ტოხოსაშვილი

– კომუნიკაციის არარსებობა, ალბათ, დიდ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას?

– პირველ რიგში ახალგაზრდებს, ინტერნეტის თაობას არ გვაქვს ელემენტარულად მობილური ინტერნეტი, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. დღეს ყველამ იცის, რომ საქმიანობის 80 პროცენტი მობილურით და ინტერნეტის დახმარებით კეთდება, ჩვენ კი ამას მოწყვეტილები ვართ. ამას გარდა, რაც ყველაზე ცუდი ფაქტია, სამაშველო ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება რომ დაგვჭირდეს, ვერ შეატყობინებთ.

© FB/ Nodar Tokhosashviliნოდარ ტოხოსაშვილი
ნოდარ ტოხოსაშვილი - Sputnik საქართველო
ნოდარ ტოხოსაშვილი

– როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხალხი დაუბრუნდეს მაღალმთიან რეგიონებს?

– უპირველესად უნდა მოხდეს პრობლემებზე დროული რეაგირება, თვეობით და კვირაობით არ უნდა გაიწელოს პრობლემის გადაჭრა. შემდეგ, ელემენტარული ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, გზა, ხიდი, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, კავშირგაბმულობა. ასევე უნდა მოხდეს მეწარმეობის განვითარება, ხალხის ადგილზე დასაქმება, დოვლათის შექმნა და ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერება, ამან შეიძლება დაამაგროს და დააბრუნოს მოსახლეობა მთაში.

ყველა ახალი ამბავი
0