06:50 21 თებერვალი 2017
პირდაპირი ეთერი
ელდარ შენგელაია, ჯანსუღ კახიძე, გიზო გაბისკირია

მე არ დაგწვავთ, იმნაირად ვანათებ...

ეროვნული ბიბლიოთეკა
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
458330

ძალიან დილა მშვიდობისა!

ამ ჩვენს კეთილშობილ აივანს რისი როლი არა აქვს შესრულებული… ვერსალის სასახლეც იყო, ჰოლივუდის „ოსკარის“ წითელი ხალიჩაც ეფინა ზედ, იური გაგარინის პირველი გაფრენის მოწმეც გახლდათ (ბაიკანურივით), პიკასოს, დალის და რემბრანდტის სურათებსაც მასპინძლობდა, კარლსონს მოაჯირზე მურაბებსაც ახვედრებდა, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს კანტი-კუნტად იცვლიდა, მაგრამ დღეს მას განსაკუთრებული მისია აკისრია — ის იმერეთის შესანიშნავი სოფლის ობჩას აივნად უნდა გადაიქცეს.

გუშინდელი დღიდან დაწყებული ვუხსნიდი მას, თუ რას ნიშნავს იმერეთის სოფლის გემრიელი აივნობა და რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია, და ბოლოს მივხვდი, რომ ისედაც იცის და ესმის, რადგან ის ისედაც უსაშველოდ სტუმართმოყვარე, გულწრფელი და, რაღა თქმა უნდა, ნიჭიერია.

ამ დილით მაინც და მაინც ობჩას, იცით, რატომ გადავეკიდე? ალბათ უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს ის, რომ სწორედ ამ სოფელში დაიბადა ჩვენი უსაყვარლესი რეზო ლაღიძე… ჩვენი აივნის დღევანდელმა სტუმარმა კი, შესანიშნავმა, განუმეორებელმა, სასწაულად ქართულად ნიჭიერმა ჯანსუღ კახიძემ არა მხოლოდ ბავშვობა, არამედ ცხოვრების უამრავი ლამაზი დღე სწორედ ამ სოფელში გაატარა.

გთხოვთ, ნუ შემეკამათებით ბატონი ჯანოს დაბადების დღესთან დაკავშირებით. ან, თუ შემეკამათებით, ქართულ „ვიკიპედიას“ სთხოვეთ, სწორად გამოაქვეყნოს თარიღები.

ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, როდის დაიბადა დიდი მაესტრო – 26 მაისს თუ 10 იანვარს (ვიკიპედიისა და ინტერნეტ-საიტების ოფიციალური ინფორმაციით), უბრალოდ, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი საბაბი, ერთად მოვუსმინოთ ამ საოცრებას.

აი, რა ვქნა და, ასეთ რამეს რომ მოვუსმენ, ქართველებისთვის ზოგჯერ დამღუპველი აზრები მებადება. ხმამაღლა არ ვიტყვი, ჩათვალეთ, რომ ჩურჩულით განდობთ — ძალიან ნიჭიერები ვართ და ამას ვერაფერს ვერ უზამ.

ახლა კი, ამ კლიპის შემდეგ, გავაკეთებ პატარა ლირიკულ გადახვევას და ძალიან ვთხოვ ჩვენ აივანზე დამსწრე ქალბატონებს, გამოგვიტყდნენ, შეძლებდა თუ არა რომელიმე მათგანი (რა თქმა უნდა, თავისუფალი რომ ყოფილიყო), წინააღმდეგობა გაეწია ჯანო კახიძის საოცარი მომხიბვლელობისთვის?

ჯანსუღ კახიძე და ნანი ბრეგვაძე
ეროვნული ბიბლიოთეკა
ჯანსუღ კახიძე და ნანი ბრეგვაძე

სწორედ გუშინ ვნახე კადრები გადაცემიდან, რომელშიც ბატონი ჯანსუღის თანასოფლელი და ნათესავი, ქალბატონი ცისანა კახიძე იხსენებს 1956 წელს, როდესაც თავის მომავალ მეუღლე, ულამაზეს ვანდაზე შეყვარებულმა ჯანსუღმა ქუთაისში მიაკითხა მის მომავალ სიდედრს ქალბატონ ვანდას ხელის სათხოვნელად.

სასწაულია, მაგრამ ის, თურმე, უარით გამოუსტუმრებიათ.

ყველაზე საინტერესო კი ქალბატონი ცისანას კომენტარია — მომავალ სიდედრს ჯანსუღი ფიზიკურად არ მოეწონა, ვანდა მასზე ლამაზი მოეჩვენაო. მაგრამ ჯანსუღი ისეთი ვნებიანი და ალერსიანი იყო, ყველა ქალს აბამდა და, აბა, ვანდა უკეთესს ვის გაყვებოდაო. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ისინი გაიპარნენ და ერთი თვე სწორედ ობჩაში ცხოვრობდნენ.

მახსოვს, ერთხელ ჩემმა ბიძიამ ზურიკო ანჯაფარიძემ, როცა ჯანოს შვილს ვახტანგს დააკვირდა (რომელიც, მოგეხსენებათ, მამისგან ნაბოძებ ნიჭთან ერთად ძალიან მომხიბვლელი მამაკაცი ბრძანდება დღესაც), თქვა: „ამაზეა ნათქვამი — დედა ნახე, მამა არ ნახო და შვილი ისე გამონახეო“. მთავარი კი ის არის, ამაზე ბატონი ჯანსუღი თავად მოკვდა სიცილით.

ჯანსუღ კახიძე და ელისო ვირსალაძე
ეროვნული ბიბლიოთეკა
ჯანსუღ კახიძე და ელისო ვირსალაძე

ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარ თავზე ხუმრობის ლამაზად მიღების ნიჭი გააჩნიათ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათ გენიალურობას.

ისე კი, მე მქონდა ბედნიერება ბატონი ჯანსუღის გარემოში და სამყაროში ცხოვრებისა და მინდა გითხრათ, რომ ყველა ქალბატონი, ასაკის მიუხედავად, ყოველთვის ცოტა მაინც, მაგრამ ეპრანჭებოდა ბატონ ჯანსუღს. რატომ? 

უბრალოდ, მოუსმინეთ და მიხვდებით…

ყველასთვის შესანიშნავად არის ცნობილი ბატონი ჯანსუღის შემოქმედებითი ბიოგრაფია, მისი უდიდესი წვლილი ქართულ ხელოვნებაში. რა თქმა უნდა, ისიც, რომ ის დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს სახელგანთქმულ ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს… სავარაუდოდ, ისიც, რომ დიდი მაესტროს სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება… 

ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ ჩემთვის ყველაფერ ამაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჯანო კახიძე არსად წასულა საქართველოდან და მისი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდშიც ცდილობდა გაელამაზებინა ჩვენი რთული ცხოვრება. შემოეტანა ის სილამაზე და ხიბლი, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე დროებითი გაჭირვება, სიღარიბე და გულისტკივილი. არასდროს დამავიწყდება მისი 1991 წლის საშობაო კონცერტი, რომელმაც ყველას რაღაც იმედი დაგვიბრუნა. ბატონი ჯანსუღი, ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, მაინც ატარებდა კონცერტებს გაყინულ დარბაზებშიც, სადაც, მისი დიდი ხელოვნების ხათრით, თბილისელი ქალბატონები იპრანჭებოდნენ და მოდიოდნენ ისე ღირსეულად, როგორც საჭირო იყო სიმფონიური მუსიკის კონცერტებზე დასწრება…

ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი და ჯანსუღ კახიძე
ეროვნული ბიბლიოთეკა
ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი და ჯანსუღ კახიძე

ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმი…

ახლა კი, მოდით, მოვუსმინოთ ბატონი ჯანსუღის და დიდებული ქალბატონი ნანის შესრულებით სიმღერა „წარსულმა სულ თან წაიღო“ (მუსიკა ბატონი ჯანოსი, ლექსი — მეფის მემკვიდრისა და პოეზიის მეფის პეტრე გრუზინსკისა):

მაგრამ, მოდით, შინაგანად მაინც არ დავეთანხმოთ ამ სიმღერას.

წარსულს ყველაფერი თან არ წაუღია…  

რადგან ჯანსუღ კახიძესავით ადამიანები უკვალოდ არ ქრებიან, ისინი ჩვენ გულებში ტოვებენ უდიდეს სითბოს, სიამაყის გრძნობას და იმედის თითო ყოჩივარდს ან ზამბახს მაინც…

რადგან, სანამ ასე ვმღერით, სანამ ასე გვიყვარს და სანამ ასე ვეფერებით ერთმანეთს…

მაისი მინც მოვა, მით უმეტეს, შესანიშნავი უჩა ჯაფარიძის პორტრეტის ფონზე…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და გულში მაისიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


მთავარი თემები