16:23 26 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
„ქართველები უცხოეთში“ დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის მეუღლეს, ნინო ლეჟავას გაგაცნობთ.

ქართველი ელჩის ქველმოქმედი მეუღლე აფრიკაში, ბური მცველები და საშიში ობობები

FB/Nino Lezhava
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (76)
54960

„ქართველები უცხოეთში“ დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის მეუღლეს ნინო ლეჟავას გაგაცნობთ.

მას არა მარტო დიპლომატიურ წრეებში, ყველგან, როგორც ქველმოქმედ ადამიანს, ისე იცნობენ. ხშირ შემთხვევაში ახერხებდა და ყოველგვარი შუამავლის გარეშე უშუალოდ მათ უკავშირდებოდა, ვინც დახმარებას ითხოვდა. ამდენად მისი სიკეთე ყოველთვის რეალური საქმე იყო და არა მხოლოდ მშრალი ციფრებით გამოხატული აქცია. 

ამჯერად თავის საქმიანობას შორეულ სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ პრეტორიაში ქართული დიასპორის დახმარებით აგრძელებს. ამას გარდა, აფრიკელებს უსასყიდლოდ ასწავლის ხელსაქმეს და მონაწილეობას იღებს პროექტებში, რომელთა საშუალებით ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს. 

-ქალბატონო ნინო, როგორც ვიცი, წლების განმავლობაში თქვენც დიპლომატიურ სამსახურში იყავით … 

— დიახ, 1996 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი. 2004 წელს დავინიშნე აშშ, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში. 2008 წელს საქართველოში დავბრუნდით და 2009 წელს ბექა ლონდონში, საქართველოს საელჩოში დესპანის თანამდებობაზე დაინიშნა. ამ პერიოდიდან მე იძულებული ვიყავი დამენებებინა სამსახურისთვის თავი, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, მეუღლეები არ შეიძლება, რომ ერთმანეთის დაქვემდებარებაში იყვნენ. 2012 წლის ნოემბრიდან, ბექა დაინიშნა ელჩად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და  ქალაქ პრეტორიაში გადმოვედით. პრეტორიაში ჩვენი საელჩო და ელჩი ასევე აკრედიტებულია აფრიკის სამხრეთ რეგიონის დამატებით 11 ქვეყანაში (მადაგასკარი, მავრიკი, მოზამბიკი, ზიმბაბვე, ზამბია, ბოცვანა, ანგოლა, ნამიბია, ლესოტო, სვაზილენდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა).

მეუღლესთან და ვაჟთან ერთად
FB / Nino Lezhava
მეუღლესთან და ვაჟთან ერთად

-აფრიკაზე ყოველთვის მახსენდება კორნეი ჩუკოვსკის სიტყვები: არ წახვიდეთ ბავშვებო აფრიკაში, იქ საშიშიაო, მართლა ასე საშიშია აფრიკაში? 

— არა, ასე ნამდვილად არაა. თუმცა მაინც საჭიროა უსაფრთხოების გარკვეული ზომების დაცვა. პირადად ჩემთვის აქ ყველაზე დიდი პრობლემა ობობები იყო… დანარჩენი ყველაფერი ძალიან საინტერესოა.  სიმართლე გითხრათ, არასდროს არ მიყვარდა ობობა, მაგრამ აქ არის  ბევრი შხამიანი ანუ საშიში ობობების ჯიშები. მაგრამ საბედნიეროდ, ასევე ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ თავიდან აირიდო მათთან კონტაქტი. 

- ვიცი, რომ ადგილობრივებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ეხმარებით… 

— დიახ, სამხრეთ აფრიკაში მოქმედებს საქველმოქმედო ორგანიზაცია „Hope Alive”, რომელიც დაფუძნებულია კანადელი ცოლ-ქმარის მიერ. ისინი ეხმარებიან შიდსის ვირუსით დაავადებულ ადამიანებს და მარტოხელა დედებს. მათ პრეტორიის ერთ-ერთ ღარიბულ დასახლებაში აღებული აქვთ ყოფილი სკოლის შენობა, სადაც მოსახლეობას ეხმარებიან სხვადასხვა ხელობის შესწავლაში. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი დავდიოდით მოხალისედ და ვეხმარებოდით მათ. მე პირადად  სამკაულების კეთებას ვასწავლიდი, ასევე კერვასა და ქსოვას, რათა შემოსავლის წყარო ჰქონოდათ. სამწუხაროდ ამჟამად ეს პროექტი დროებით დაიხურა, რადგან პოლს და ალეს ვიზასთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები.

ადგილობრივ მკვიდრთან ერთად
FB/ Nino Lezhava
ადგილობრივ მკვიდრთან ერთად

- ქალბატონო ნინო, პრეტორიაში თქვენ ელჩების მეუღლეების ასოციაციის წევრი იყავით და რამდენადაც ვიცი, ბევრი საქველმოქმედო საქმე გაქვთ გაკეთებული…

— — ამ ასოციაციის წევრი გავხდი ფაქტიურად ჩამოსვლიდან ძალიან მალე. პირველად რომ შემომთავაზეს, უარი, ვთქვი, ახალი ჩამოსული ვიყავი და არაფერი ვიცოდი, მაგრამ არ დამიტოვეს არჩევანი. ჯერ საქველმოქმედო პროექტებს ვკურირებდი, შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი და პრეზიდენტის ფუნქციებსაც ვასრულებდი.  ჩვენ მოვახერხეთ და შარშან  ფანდრაიზინგით დაახლოებით 90.000$ მოვიზიდეთ და სხვადასხვა პროექტები დავაფინანსეთ. 4 ნოემბერს არჩევნები გვქონდა და ისევ ვიცე-პრეზიდენტად ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი ბოლო წელია და იქნებ შევეშვა და ცოტა სხვა რაღაცეებს მივხედოთქო, მაგრამ იმდენი საინტერესო პროექტი გვაქვს დაწყებული… და კიდევ იმდენი იდეები მქონდა…  უარი ვეღარ ვუთხარი.  ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ეს ორგანიზაცია. მაგალითად ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტით სკოლაში გაკვეთილების შემდეგ კვებავენ მოსწავლეებს.  უმეტესობა ამ ბავშვებისათვის ეს არის ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლობაში. ასევე ვამარაგებთ მათ ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა…) სკოლის ნივთებით და ტანსაცმლით. თან ამ ორგანიზაციაში ჩემი აქტიურობით ჩვენს საქართველოსაც საუკეთესო კუთხით წარმოვაჩენ, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

ნინო ლეჟავა მეუღლესთან ერთად აფრიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში რწმუნებათა სიგელების გადაცემისას
FB / Nino Lejava
ნინო ლეჟავა მეუღლესთან ერთად აფრიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში რწმუნებათა სიგელების გადაცემისას

- თქვენი საქველმოქმედო საქმიანობა სამხრეთ აფრიკაში არ დაწყებულა… 

— დიახ, სტუდენტობის დროს იყო ერთი საქველმოქმედო პროექტი, სადაც  მოხალისედ ვმუშაობდი ორგანიზაციაში „ნაღმების ამკრძალავი საერთაშორისო კამპანია“ (ICBL). პროექტის ერთ-ერთი მიმართულება იყო ნაღმებზე დაზარალებული მოსახლეობის რეაბილიტაცია-დახმარება. ძირითადად საომარი მოქმედებების დროს და ნაღმზე დაინვალიდებული ახალგაზრდებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უფასოდ კომპიუტერულ პროგრამებს ვასწავლიდი. იმ პერიოდში კომპიუტერი და ინტერნეტი ახალი ხილი იყო და ვფიქრობდი, რომ ამით მათ „ღირსეული“ სამსახურის შოვნის უფრო მეტი შანსი ექნებოდათ. მე პირადად რაიმე ორგანიზაცია არ მაქვს, უბრალოდ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე ცალკე ფონდს ვქმნიდით და ანგარიშს, რომელსაც აკონტროლებდა იმ ადამიანის ოჯახი, ვისაც ვეხმარებოდით. ჩვენ თანხებთან შეხება არ გვქონია. ამით ზედმეტ კითხვებს და პასუხისმგებლობას თავიდან ვიცილებდით. როცა დავიწყეთ ეს მიმართულება, მალევე წავედი ლონდონში, მაგრამ… თბილისში იყვნენ ძალიან მაგარი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ. რისი გაკეთებაც ინტერნეტით ან ტელეფონით არ შეიძლებოდა, ისინი ადგილზე მიდიოდნენ. ხშირად თვითონაც იყვნენ ინიციატორები და მე კი მხოლოდ „დირიჟორი“ ვიყავი… 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან
FB / Nino Lezhava
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

- ქალბატონო ნინო, ცნობილი პოლიტიკოსებიდან ვის შეხვდით, ან ვისთან იყავით აუდიენციაზე? 

— ამერიკაში ყოფნისას, შევხვედრილვარ მაკ-კეინსა და ობამას. იმ დროს ის სენატორი იყო. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჯეიკობ ზუმას შევხვდით, ეს შეხვედრა 2013 წელს, რწმუნებათა სიგელის გადაცემის დღეს მოხდა. ასევე ვიყავით დიდი ბრიტანეთის დედოფლის მიღებაზე. ყველაზე საინტერესო  ჩემთვის იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ხილვა ინგლისის დედოფლის სახელით დიპლომატებისთვის გამართულ ღონისძიებაზე. იქ რა თქმა უნდა ერთი რიგითი სტუმარი ვიყავი.  განსაკუთრებით დედოფლის მეუღლემ ფილიპმა დატოვა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება.  ერთი თვის წინ ასევე პატივი გვქონდა შევხვედრილიყავით ლესოტოს მეფეს, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის 50 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ლესოტოს დედაქალაქ მასერუში.

ამასთან, მანდელას უფროს შვილიშვილთან მაქვს ურთიერთობა. ელჩების მეუღლეების ასოციაცია ხშირად ვუფინანსებთ მის ორგანიზაციას საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული სახის პროექტებს,

-ზემოთ საშიში აფრიკული ობობები ახსენეთ, თუმცა ამ ქვეყანას თავისი მომხიბლავი მხარეებიც აქვს, არა?…

— დიახ, სამხრეთ აფრიკა ულამაზესი და ფრიად საინტერესო ქვეყანაა, ეს ჩვეულებრივი აფრიკა არ არის. აქ თავისებური ნაზავია აფრიკული და ევროპული კულტურის, როგორც ცხოვრების სტილით, ასევე  განვითარებითა და ინფრასტრუქტურით. სამხრეთ აფრიკა იმითაცაა უნიკალური, რომ აქ 11 სახელმწიფო ენაა, მათ შორის ინგლისურიც. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და საინტერესო ხალხია. ბევრი რამით ჰგვანან ქართველებს.. ჩემი 9 წლის შვილი  ლუკა აქაურ სახელმწიფო ინგლისურენოვან სკოლაში დადის. აქაურები  ძალიან მოსწონს. სკოლები ძალიან კარგია. ბავშვი ამბობს, რომ აფრიკელები კარგი მეგობრები არიან.

-ქართველი ბავშვების დახმარებას შორეული აფრიკიდანაც ახერხებთ… 

ვცდილობთ. ამაში დიდ მადლობა მინდა ვუთხრა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ქართველებს. ძალიან მაგარი დიასპორა გვყავს. მათი დახმარებით, ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. მაგალითად, შარშან შევიძინეთ 20 ბილეთი საქველმოქმედო სპექტაკლზე, რომელიც გადავეცით ბავშვებს საზღვრისპირა სოფლების სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ისინი ჩამოვიყვანეთ თბილისში სპექტაკლზე დასასწრებად. ასევე  შევიძინეთ პროდუქტები, ჰიგიენური ნივთები და ტკბილეული, რომელიც ამ ბავშვებს გადაეცათ… ვცადეთ გაგვეხალისებინა მათთვის ახალი წელი. წელსაც აქტიურად ჩავერთეთ ახალ პროექტში. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ საზღვრისპირა სოფელში ომის დროს დაზიანებული სახლის შესაკეთებლად გადავრიცხეთ თანხა და ვიცი, რომ ბიჭებმა უკვე შეიძინეს მასალები და მალე სამუშაოებს დაიწყებენ. მიხარია, რომ, კიდევ ერთი ოჯახი შეხვდება ზამთარს უკეთეს პირობებში.  რაც მთავარია, როცა ხედავ შედეგს და ბედნიერ სახეებს…. ისეთი „ადრენალინია“, გინდა უფრო მეტი გააკეთო…

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (76)

მთავარი თემები