09:09 24 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ელისაბედ ჩერქეზიშვილი

ყველა ქართველი ქალი ელისაბედივით რომ აბუნტდეს...

ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
მანანა ტურიაშვილი
5489141

„მძულდა ცრემლები, სიცილი მიყვარდა“ - წერდა დიდი მსახიობი. ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და ნიკო გოცირიძის თბილისური დიალოგების განუმეორებელი მელოდია, მათი ხმა, ფრაზები, არ დავიწყებია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყოლია.

თეატრში ელისაბედ (ლიზა) ჩერქეზიშვილის გამოჩენას (1886), დიდგვაროვანი ნათესავების ისეთი ბუნტი მოჰყვა, რომ „ცირკის ქალი“ შეარქვეს. იმ დროს, ამ დიდებულ მსახიობს გვერდით ედგა მეუღლე — ნიკო ხიზანიშვილი და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პროგრესული ძალები — ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი… სცენური მოღვაწეობის მრავალი წლის მანძილზე, მას უამრავი როლი შეუსრულებია, რევოლუციამდეც მუშაობდა ქართულ დასში და რევოლუციის შემდეგაც. გასტროლებზე, დასთან ერთად ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან-სოფლად დადიოდა. მის სამსახიობო ოსტატობას გიორგი ტოვსტონოგოვიც აღიარებდა და მიხეილ თუმანიშვილი, რომელსაც ელისაბედ ჩერქეზიშვილმა გზა გაუკვალა.

მომავალი მსახიობის მშობლების კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი

ელისაბედ ჩერქეზიშვილი დაიბადა 1863 წლის 14 ნოებერს, სოფელ კოშკაში. მამას ერთადერთი ქალიშვილის გვერდიდან მოცილება არ უნდოდა, დედა კი ცდილობდა ელისაბედისთვის რიგიანი განათლება მიეცა. მამამ ჯერ თბილისის ქალთა „წმინდა ნინოს“ სასწავლებელში გაგზავნაზე თქვა უარი და მერე, გორის ხრუშჩოვების ქალთა სასწავლებლიდან გამოიყვანა. გოგონა „სწავლის საძებნელად“ სოფელ-სოფელ დაჰყავდათ, რუსული ნათესავებთან ისწავლა. თუ სადმე წიგნს ნახავდა, ჩაუჯდებოდა და კითხულობდა.

XIX საუკუნის ქართველი ქალის უჩვეულო ნაბიჯი

ერთხელ, ქორწილში 14 წლის ლიზას ლეკურით მოხიბლულა გიგა მაჩაბელი და ერთი წლის შემდეგ გოგონა მიათხოვეს. მამა ამ ქორწინების წინააღმდეგი ყოფილა, დედა მომხრე. ავყია, შფოთიანმა და ეჭვიანმა ქმარმა, ელისაბედის ცხოვრება ჯოჯოხეთად გადააქცია. ლიზა ქორწინების მესამე წელს არაოფიციალურად გაეყარა, ოჯახში ფეხმძიმე დაბრუნდა და მაშინ, როცა სიკვდილს ნატრობდა, გამომძიებელ ნიკო ხიზანიშვილს (მწერლობაში „ურბნელის“ ფსევდონიმით ცნობილი, ილია ჭავჭავაძის დიდი მეგობარი) შეყვარებია.  ნიკოს და ელისაბედს ორი ვაჟი შეეძინათ. სამი შვილის დედა საყვარელ ადამიანთან ქორწინებას ნატრობდა, მაგრამ ყოფილი ქმარი 15 წელი განქორწინებაზე უარს ამბობდა და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, ელისაბედმა და ნიკომ ჯვარი დაიწერეს. 

ელისაბედ ჩერქეზიშვილი ხანუმას როლში
ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
ელისაბედ ჩერქეზიშვილი ხანუმას როლში

ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თავის მოგონებებში, ქალების მძიმე მდგომარეობას აღწერს 

შექსპირის პიესების ცნობილ მთარგმნელს, ივანე მაჩაბელს ელისაბედი კარგად იცნობდა. ერთხელ გორიდან „დილიჟანით“ ივანეს და ელისაბედს ერთად უმგზავრიათ. უცებ დაინახეს ცხენზე ამხედრებული გალეშილი თავადი, რომელმაც მგზავრებში თვალი მოკრა თავის ცოლს, მან რევოლვერი იძრო და მოსაკლავად მიიწია. მაჩაბელს მკერდი მიუშვერია ეჭვიანისთვის და უთქვამს: „აჰა, მე მესროლე და აქ ვერავის მოჰკლავო!“ რევოლვერი ჩამოურთმევია და გზა მშვიდობიანად გაუგრძელებიათ.

ოჯახური მდგომარეობით გამწარებულ ერთი ახალგაზრდა ქალი ლიახვში გადავარდნილა. ივანე მაჩაბელი, რომელიც თბილისში მიემგზავრებოდა, ცხენით შეჭრილა მდინარეში და ქალი გადაურჩენია. „ჩემის თვალით ნახული ეს ორი ეპიზოდი არასოდეს დამავიწყდება.“ — წერდა ელისაბედ ჩერქეზიშვილი.

ლიზას გარდასახვის უნარი 

სამახლობლოში ყველამ იცოდა ელისაბედ ჩერქეზიშვილის სამსახიობო მონაცემები. ერთხელ, ერთ ოჯახში შავი შალი მოუსხამს, ჯოხი დაუჭერია და ახალგაზრდა ქალი ისე გარდასახულა მოხუც დედაკაცად, რომ სტუმრებს ვერ უცვნიათ. ლიზას, მოხუცი ქალის იმპროვიზაციულ ტექსტში, თავისი თავიც „გაუკილავს“: „… ვიღაც ჩერქეზიანთ ლიზა, რომ დადის თქვენთან, როგორ უშვებთ იმ ცირკის ქალს, იმ უნამუსოს თქვენ სახლში…“ ელისაბედ ჩერქეზიშვილის უდიერად ხსენებაზე, სტუმრები აღშფოთებულან… მაშინ ლიზას თავშალი მოუხდია და ყველამ შვებით ამოისუნთქა. 

XIX საუკუნის 90-იანი წლებში, თბილისში საგასტროლოდ ჩამოვიდა მოსკოვის მცირე თეატრი, ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინის მეთაურობით. ერთ საღამოს ეს რუსული დასი „ხანუმას“ დაესწრო. პირველ ლოჟაში ისხდნენ ილია ჭავჭავძე და იუჟინი. სტუმრების პატივსაცემად, ედემის ბაღში (ვერა — ზოოპარკის ტერიტორია) დიდი ვახშამი გაიმართა. სანდრო კავსაძის გუნდის სიმღერამ იუჟინს თვალზე ცრემლები მოჰგვარა. ელისაბედ ჩერქეზიშვილი ილია ჭავჭავაძისა და სუმბათაშვილ-იუჟინის გვერდით იჯდა. ვალარიან გუნია თამადა იყო. სუმბათაშვილმა ყველა ქართველ მსახიობს შესაფერი ხოტბა შეასხა, ლიზას კი უთხრა: „ჩვენი ლიზას სარა შესანიშნავი იყო… ისეთი რეალური, ისეთი ბუნებრივი, რომ ცხადად წარმომიდგა ბებიაჩემი.“ სიამოვნებისგან აღელევებულ ელისაბედს, ილია ჭავჭავაძემ მიმართა: „როგორ იბერები ლიზა, ასეთი ქება რომ მიიღე.“

ელისაბედ ჩერქეზიშვილი, შალვა ღამბაშიძე, ვახტანგ ტაბლიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე - ფილმ ქეთო და კოტეს გადასაღებ მოედანზე
ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
ელისაბედ ჩერქეზიშვილი, შალვა ღამბაშიძე, ვახტანგ ტაბლიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე - ფილმ "ქეთო და კოტეს" გადასაღებ მოედანზე

გიორგი ტოვსტონოგოვის შეფასება და მიხეილ თუმანიშვილის გზის გამკვალავი

ერთხელ, თეატრალურ ინსტიტუტში გიორგი ტოვსტონოგოვს სტუდენტი შეეკითხა: ქართველი მსახიობებიდან სტანისლავსკის ვინ მოეწონებოდა? „წადით მარჯანიშვილის თეატრში და დააკვირდით ელისაბედ ჩერქეზიშვილის თამაშს. ამ მსახიობს აქვს ყველაფერი, რასაც სტანისლავსკი მსახიობისგან მოითხოვდა. იგი სცენაზე ისევე ბუნებრივია, როგორც სახლში და ქუჩაში.“

მიხეილ თუმანიშვილი დემობილიზაციის შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში შესასვლელად ემზადებოდა. ყველა ნათესავი ცდილობდა მის დახმარებას. ერთმა დეიდამ სერგო ქობულაძის მეოხებით ტოვსტონოგოვისგან გაიგო — რა მოეთხოვებოდა სარეჟისორო ფაკულტეტზე შემსვლელ აბიტურიენტს. ბიცოლამ კი, მისი ახლობელი — ლიზა ჩერქეზიშვილი გააცნო. მიხეილ თუმანიშვილი წერს: „მახსოვს, როგორ ვეწვიეთ შინ. ტანმორჩილი მანდილოსანი გახლდათ, ძველებური ქართული სამოსელი ეცვა (ყოველთვის ასე დადიოდა), თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. გამომიწოდა პატარა ხელი და ინსტიტუტამდე, მთელი რუსთაველის პროსპექტი ფეხით ჩამატარა. 70 წლისამ მსუბუქად აიარა კიბეები და აკაკი ფაღავას — ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგეს, ჩემი თავი წარუდგინა: „ჩვენ მივდივართ, ჩემო აკაკი, და ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ გზა. შეხე, შეხე, რა სალდათი მოგიყვანე, ორდენებიანი, მედლებიანი.“

ხანდაზმული მსახიობი ხშირად დადიოდა გასტროლებზე — ერთხელ ბათუმში ყოფილა ნიკო გოცირიძესთან ერთად. წარმოდგენის შემდეგ ვახშამი გაუმართეს. ყველა მამაკაცმა სათითაოდ იცეკვა ლიზასთან ლეკური. ყველა დაიღალა, ლიზამ კი ნუცა ჩეიძეს გადაუჩურჩულა — ეს შეჩვენებული მამაკაცები აღარ ვარგანან, ხედავ დაიღალნენ, მე კი ახლა გამეხსნა ცეკვის მადა!“

1948 წლის შემდგომაზე ლიზა მიწვეული იყო ბოლნისში, მის საპატივსაცემოდ გამართულ სპექტაკლში — „ხანუმა“ მონაწილეობის მისაღებად. ელისაბედი ადრე მისულა ავტოსადგურზე. აქ უეცრად ცუდად გამხდარა და იქვე გარდაცვლილა. ქართველმა ხალხმა ისე დაიტირა 85 წლის მსახიობი, როგოც უდროოდ წასული…

 

 

წერილის წყაროები: ელისაბედ ჩერქეზიშვილის „მოგონებანი“; მურმან ნიჟარაძე „ელისაბედ ჩერქეზიშვილი“; მიხეილ თუმანიშვილი „რეჟისორი თეატრიდან წავიდა“.


მთავარი თემები