15:08 26 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
სცენა სპექტაკლიდან „ბალიშის კაცუნა“

მნიშვნელობა აღარ ჰქონდა „იზმებს“, „ბალიშის კაცუნა“ საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლია

მ. ტურიაშვილი
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
მანანა ტურიაშვილი
1119110

დიდხანს ველოდი იმ რეჟისორს, ვინც ქართულ თეატრში ახალ სიტყვას პირველი იტყოდა. ეს დავით დოიაშვილია! მან მუსიკისა და დრამის თეატრში თანამედროვე ავტორის მარტინ მაკდონას პიესა „ბალიშის კაცუნა“ ბრწყინვალედ დადგა.

დეტექტიური ჟანრით დაწყებული ახალი წარმოდგენა მაყურებელთან ორთაბრძოლაში ურთულეს ფსიქოლოგიურ წიაღსვლებს ახორციელებს, წვდება მის არაცნობიერს და სულიერ ჭაობად ქცეულ ტრავმებს ფარდას ხდის, აშიშვლებს. დედა, მამა, შვილები — საზოგადოების ყველა კონფლიქტი შორეული ბავშვობიდან მოდის. როგორ და რატომ ხდება ადამიანი მასის უფერული ნაწილაკი და როგორია ამ მასაში გამორჩეული პერსონის, შემოქმედის ბედი? მთავარი მოქმედი გმირის — კატურიენის ზღაპარში ვარდისფერი გოჭების ავბედით ცხოვრებაში ერთი განსხვავებული მწვანე გოჭი გამოერია. განვითარებულ ლოგიკას ისეთ შემაძრწუნებელ დასკვნამდე მიჰყავხართ, რომ აუცილებლად დაიწყებთ ძიებას: ვინ არის დღეს მწვანე გოჭი და ვის უნდა მისი შეჭმა? მაყურებლის გამასპინძლებისთვის გამიზნულ, მწვანე გოჭით დამშვენებულ ნამცხვარს ხელს თუ დაავლებთ, მისი ტკბილი ლუკმა შეიძლება ვერც გადაყლაპოთ, იმაზე ფიქრით – შევჭამო თუ არა?

სცენა სპექტაკლიდან „ბალიშის კაცუნა“. მსახიობები: კახა კინწურაშვილი, ნანა ბუთხუზი
მ. ტურიაშვილი
სცენა სპექტაკლიდან „ბალიშის კაცუნა“. მსახიობები: კახა კინწურაშვილი, ნანა ბუთხუზი

დავით დოიაშვილი და მისი დასი დიდი ტკივილით აშიშვლებს დღევანდელ საზოგადოებას, თვით მსახიობებიც მაყურებლის თვალწინ სულიერად შიშვლდებიან და როცა სცენაზე დამონტაჟებულ აუზებში ჩასხმულ წყალში, ალბათ, ცრემლების მორევში მოძრაობენ, შენც ამ მორევში ჩათრევას გაიძულებენ. რეჟისორი და მსახიობები თითქოს შერლოკ ჰოლმსის გამადიდებელი შუშით იკვლევენ დღევანდელ დღეს გამეფებულ ადამიანთა სისასტიკეს, რომლის მიზეზს წარსულში, ოჯახში ეძებენ, თუმც სპექტაკლის ყველა ეპიზოდი, რომელიც ხან რეალურია და ხან ფანტასმაგორიული ზმანება, მაყურებელში მშვენიერების განცდას იწვევს. წარმოდგენა ფრთებს გიშლით და, შეიძლება ითქვას, ფრენას გასწავლით.

– დათო, არ მეგონა, რომ ჩემ ფსიქიკას ვინმე ასეთ ემოციურ „დარტყმას“ მიაყენებდა და იმ პროცესში ჩამრთავდა, რასაც თვითგამორკვევა ჰქვია.

რეჟისორი დავით დოიაშვილი: ძალიან რთული პიესაა, ურთულესი. ხომ იცი, ცოცხალი მწერლების დადგმა არ მიყვარს, მაგრამ ეს ავტორი იმდენად მომეწონა, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ცოცხალ ავტორს ვდგამ — ეს ერთი; მეორე — ტექსტია ძალიან ძლიერი, ღრმა და საინტერესო, რომელსაც უდიდესი სათქმელი აქვს. მესამე და მთავარი — ეს პიესა ყველამ სხვადასხვანაირად უნდა გაიგოს — ვიღაცისთვის შეიძლება ბავშვობის ტრავმები გახდეს მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის სხვა რამ, და თუ ამას მივაღწიეთ — ძალიან მიხარია.

– მსახიობების მუშაობა იმდენად მოქმედებს, რომ მათი განვლილი სცენური გზა მაყურებელს მკურნალად ევლინება, თითქოს ტრავმებისგან ათავისუფლებს.

— სამი წელია ვფიქრობ ამ პიესაზე, ველოდებოდი არტისტების იმ დონეზე გაზრდას, რომ ამ ნაწარმოების გაგება შეძლებოდათ. მიხარია, რომ ახლა უკვე ძალიან მაგარი დასი მყავს.

– მსახიობების გამორჩევა მიჭირს: ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის. ეს თანამედროვე სპექტაკლია, ეს დღევანდელი დღეა, ქართული ცხოვრება.

— მეც ასე მგონია, რომ დღევანდელი დღეა, დღევანდელ ტკივილებზეა ლაპარაკი და იმდენად მძაფრ ტკივილებზე, რომ თავისი გრადუსით ეს ნაწარმოები შექსპირულიც არის.

სცენა სპექტაკლიდან „ბალიშის კაცუნა“ -
მ. ტურიაშვილი
სცენა სპექტაკლიდან „ბალიშის კაცუნა“ -
 

„ყველა დედა“ — მსახიობი ბუბა გოგორიშვილი: დოიაშვილმა არაორდინალური ხერხები გამოიყენა. სპექტაკლს დეტექტიური დასაწყისი აქვს, მერე უცებ გადადიხარ გროტესკულ მიუზიკლში… ერთ პატარა სცენაში, ერთ პატარა ფრაზაში იმხელა ამბავი დევს, იმდენი წახნაგი აქვს, რომ შეიძლება ერთ საათად აქციო.

თვითონ ჩემს გმირს ჰქვია „ყველა დედა“. ბავშვობიდან ხომ მოდის დედის ხატება. ყველა დედას უნდა მისი შვილისთვის სიკეთე და ვერავინ დამარწმუნებს, რომ რომელიმე თავის შვილს შეგნებულად უკეთებდეს ცუდს, მაგრამ წვრთნის პროცესში მას შეიძლება ისეთი კომპლექსები განუვითარო, რომ ზრდასრულ ადამიანში აუცილებლად ამოტივტივდება. თუ ჭკვიანია, გადახარშავს — მიხვდება სად არის შეცდომა და, იმედია, ის თავის შვილთან აღარ გაიმეორებს. 

ასეთი ბიჭები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, 18 წლამდე კი არა, 30 წლამდეც. ქართველი დედის ნება რომ იყოს, შვილს არ გაუშვებს, თავისთან ეყოლება რძლით და შვილებით, ასე არ არის? მაგრამ მე შემიყვარდა ეს დრამატურგი, იმიტომ რომ ამხელა სისასტიკეში ამდენ სიკეთეს ავლენს, ეს გასაოცარია.

სცენა სპექტაკლიდან „ბალიშის კაცუნა“ -
მ. ტურიაშვილი
სცენა სპექტაკლიდან „ბალიშის კაცუნა“

„ყველა მამა“ — მსახიობი ალექსანდრე ბეგალიშვილი: მე მგონი, ეს ამბავი ყველა მშობელს ეხება, იმიტომ რომ მშობლები, არაცნობიერად თუ გაცნობიერებულად, შვილების ჩვენ ჭკუაზე მოყვანას ვცდილობთ.

– და მშობელი ხდება მოძალადე?

— რა თქმა უნდა, მოძალადე გამოდიხარ, იმიტომ რომ ბავშვს თავისი სამყარო აქვს, თავისი ფანტაზიები და როცა შენი პრინციპების გამო ამას უხშობ, მოძალადე გამოდიხარ, აბა რა გამოდიხარ! გზაზე უნდა დააყენო და მიმართულება უნდა მისცე…

მსახიობი კახა კინწურაშვილი: რატომ მომწონს ეს პიესა? ბევრი ისტორია ერთმანეთში იხლართება, ავტორს კონკრეტულ დასკვნამდე არ მიჰყავხარ, არ გეუბნება — იცი, რა, მე ამას ვწერ და ჩემი თვალით დაინახე. იმდენად საინტერესო ისტორიებია და თითოეული სიტყვა ისე გეხება, ისე გიშლის ფანტაზიას, რომ ამ ყველაფერში იძირები და მეც არ გამომაქვს კონკრეტული დასკვნა.

– მე, როგორც მაყურებელს, ასეთი შეგრძნება მქონდა და რატომ?

— ასეთი პიესაა. ეს დაახლოებით ჰგავს იმ მომენტს, სანამ ტყვიას დაიხლი, ხომ აქვს ადამიანს წამები, აი, იმ წამებში რასაც ფიქრობ — ეს არის ამ სამსაათნახევარში.

– შენი გმირი თვითონ იკლავს თავს თუ სხვები კლავენ, თუ მთელი სამყარო კლავს? შემოქმედს კლავენ თუ…

— ესეც კითხვაა! 

გავუფრთხილდეთ განსხვავებულ ადამიანს, ანუ მწვანე გოჭივით ნუ შევჭამთ მას. ქართულ თეატრს ვულოცავ საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლს, რომელსაც დიდი ხანია ველოდით.

მთავარი თემები