დღეს, ალბათ, პირველად მხედავთ ასეთ დაბნეულს და დაუცველს, რადგანაც ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი არის ის ადამიანი, ვისაც ვერ მოუძებნი ეპითეტს, ერთი უბრალო მიზეზის გამო… ამის უფლება უბრალოდ არა გაქვს… მას არა აქვს არც ეროვნება, თუმცა ძალიან ეროვნულია, არც დროის და არც სივრცის საზღვრები… ალბათ, ამიტომაც, მიხეილ შუკშინმა, ჩემი არ იყოს, ვერაფერი თქვა მასზე გარდა იმისა, რომ „ის არის ყაზბეგის მთა ან რამე უფრო მაღალი, თუკი ყაზბეგეზე მაღალი რამე არსებობს…
ეს გახლავთ გრაფი ლევ ტოლსტოი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1828 წლის 9 სექტემბერს ტულის გუბერნიის დაბა იასნაია პოლიანაში… სხვათაშორის, უნდა ხმამაღლა და სიამაყით განვაცხადო, რომ ლევ ტოლსტოის დეიდა მამის მხრიდან (ვინც ის გაზარდა) და ჩემი დედიკოს ბებია (დედის დედა) მოგვარეები იყვნენ… ორივე ავსტრიულ გვარს — ფონ ოსტენ-საკენს ატარებდნენ… რაც მთავარია, ეს გუშინ აღმოვაჩინე, ისევ თქვენთან შეხვედრის წინ და მაშასადამე, თქვენი წყალობით…
დიდი ანტონ ჩეხოვი ამბობდა, რომ მას ტოლსტოი უყვარდა ისე, როგორც არც ერთი ადამიანი არ ყვარებია და როდესაც ლიტერატურაში არსებობს ტილსტოი, ბედნიერებაა იყო მწერალი, რადგანაც იმ შემთხვევაშიც, თუ გააცნობიერებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ შეგიქმნია, არ გეშინია, რადგანაც იცი, რომ ამას შენს მაგივრად ტოლსტოი გააკეთებს…
სოაცრად დახვეწილი და ამავე დროს ვაჟკაცური ალექსანდრე ბლოკი თვლიდა, რომ ტოლსტოი არის თანამედროვე ევროპის უდიდესი და ერთადერთი გენიოსი, რუსეთის უმაღლესი სიამაყე, ადამიანი, რომლის სახელიც კი არის სურნელის მომგვრელი, უდიდესი სიწმინდითა და სისუფთავით შემკობილი პიროვნება…
საფრანგეთის აკადემიის ნამდვილი წევრის, ანდრე მორუას აზრით, შექსპირის შემდეგ თუკი ვინმეს ახლოს დაყენება შესაძლებელია, ეს მხოლოდ ლევ ტოლსტოი შეიძლება იყოს…
გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, თომას მანი აცხადებდა, რომ მსოფლიოში ერთადერთი შემოქმედი არსებობს და ეს არის ტოლსტოი, რომელშიც ესოდენ ძლიერად არის გამოხატული ჰომეროსის ეპიკური საწყისი…
ინდოელი ფილოსოფოსი და საზოგადოებრივი მოღვაწე, მაჰათმა განდის შეფასებით კი, ტოლსტოი იყო თავისი დროის ყველაზე პატიოსანი ადამიანი, რომელიც არასდროს არ ცდილობდა დაემალა ან შეელამაზებინა სიმართლე, რომელსაც არ ეშინოდა არც სასულიერო და არც საერო ხელისუფლების… ის თავის მოძღვრებას ამტკიცებდა საქმეებით და ნებისმიერბ მსხვერპლზე მიდიოდა ჭეშმარიტების მისაღწევად…
შეუძლებელია ერთ სტატუსში მოაქციო ერთი სულ ციდა ინფორმაცია ამ ბუმბერაზ ადამიანზე, მაგრამ მინდა შევჩერდე მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე რთულ და მტკივნეულ საკითხზე — მის დამოკიდებულებაზე რელიგიასთან… ლევ ტოლსტოიმ მთელი თავისი ღირსეული ცხოვრებით და გულწრფელი შემოქმედებით დაამტკიცა, რომ ის მართლაც ძალიან დიდი პიროვნება იყო, მაგრამ დიდი პიროვნების უმძიმესი ხვედრია ის, რომ მას არ შეუძლია აყვეს დინებას, თუ ბოლომდე არ გაერკვა და სიღრმემდე არ ჩაყვა…
1901 წელს ლევ ტოლსტოიმ დაწერა — „მე არ მინდა ვიყო ქრისტიანი. ასევე არ ვურჩევ არავის და არ მინდა რომ იყვნენ ბრაჰმანისტები, ბუდისტები, კონფუციონისტები, მუჰამედის მიმდევრები და სხვა… თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იპოვოს საკუთარ რწმენაში ის, რაც ყველასთვის არის საერთო, ხელი ჩასჭიდოს მას და უარი თქვას საკუთარზე, ყველასგან განსხვავებულზე“…
მე, ვერაფრით ვერ შევაფასებ ამ სიტყვებს რელიგიური თვალსაზრისით… მაგრამ გულს რომ კენწერომდე წვდება ამ კაცის განსაკუთრებულობა, მიმტევებლობა და კეთილმსურველობა, ეს კი ცხადია…
ეკლესიას საკუთარი აზრი გააჩნდა ტოლსტოის განცხადებებთან და მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით… 1901 წლის 22 თებერვალს წმინდა სინოდის გადაწტვეტილებით, ის განკვეთილ იქნა ეკლესიისაგან… თუმცა აღინიშნა, რომ ეს იყო მხოლოდ იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ ლევ ტოლსტოი, საკუთარი სურვილით, ეკლესიის წევრი უკვე აღარ იყო. ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ მას შეეძლია ეკლესიის წიაღში დაბრუნება, თუ ის მოინანიებდა…
აი აქ კი მახსენდება ლევ ტოლსტოის საოცარი და ყოვლისმომცველი ფრაზა: „ღმერთი იქ არის, სადაც სიყვარულია“…
ლევ ტოლსტოი სიყვარულს მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებდა… გულის სიღრმეშიც და ხელისგულზეც… სიყვარულით იყო გამსჭვალული მთელი მისი შემოქმედება და საოცარი ცხოვრების გზა… ის მეომარიც იყო და საკუთარი წმინდა გიორგის ჯვარი დაუთმო უბრალო ჯარისკაცს, რადგანაც საკუთარ პატივმოყვარეობაზე მაღლა დააყენა ჯარისკაცის კეთილდღეობა… იცოდა უანგარო მეგობრობაც და არასდროს ცხოვრებაში არ უღალატია არც საკუთარი პრინციპებისთვის და არც ადამიანებისთვის, ვინც მას ენდობოდა… აბსოლუტურად გულწრფელად სურდა ცოლად მოეყვანა გლეხის ქალი აქსინია ბაზიკინა, რომელიც შეუყვარდა… ის იასნაია პოლიანაში მასწავლებლადაც მუშაობდა, ხოლო შიმშილობის წლებში, მისი პირადი მონაწილეობით გაიხსნა 187 სასადილო, რომელშიც უფასოდ იკვებებოდა 10 ათასამდე ადამიანი…
ლევ ტოლსტოიმ თითოეულ ჩვენთაგანში მზის სხივივით გაიარა… დაწყებული ლამაზი ზღაპარიდან „სამ დათვზე“, „ანა კარენინასთან“ ფიქრიანი ჩამოსხდომით და სხვა არანაკლები გაჩერებებით… ეპოქალური „ომი და მშვიდობით“ დამთავრებული… მე, როგორც ყველა ჩვენგანს, თითოეულ მწერალთან და პოეტთან ჩემი საკუთარი დამოკიდებულება მქონდა… და კარგად მახსოვს, რომ ტოლსტოის როცა ვკითხულობდი, ნატაშა როსტოვა და ანა კარენინა კი არა, რატომღაც პიერ ბეზუხოვი ვიყავი…
1910 წლის 28 ოქტომბერს, 88 წლის ლევ ტოლსტოიმ წერილი მისწერა მეუღლეს, რომლშიც აუწყა იმის შესახებ, რომ სახლიდან წასვლას აპირებდა… წერილი რომ წავიკითხე, გული გამიჩერდა… კაცი სასიკვდილოდ მიდის და რამხელა სინათლეს და სიკეთეს ტოვებს… არანაირი წყენა, ღვარძლი და დადანაშაულება…
და ის გაუდგა გზას მარადისობისკენ… არანაირი მარშრუტი და გეგმა არ ჰქონია… მან თავისი ბოლო მოგზაურობა დაიწყო სადგური შჩოკინოდან და დაასრულა სადგურ ასტაპოვოზე…
ამბობენ, რომ ეკლესიის მსახური, ბერი ვარსონოფი სპეციალურად ჩავიდა ასტაპოვოში იმისთვის, რომ მიეღო ლევ ტოლსტოის მონანიება, მაგრამ ის არ მიუშვეს მომაკვდავ მწერალთან…
ლევ ტოლსტოის ბოლო სიტყვები იყო: „მე მიყვარს ბევრი რამ… მე მიყვარს ყველა“…
მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები იყო დიდი მწერლის და დიდი ადამიანის მთავარი მონანიება, თუკი მას საერთოდ მონანიება სჭირდებოდა…
გისურვებთ თბილ, კეთილ და სიყვარულით სავსე დღეს!