ჩიტო-გვრიტო, კაცო-მარგალიტო...

გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ასე მგონია, ჩვენ ამ „აივნობის პერიოდში“ უკვე ისე დავახლოვდით, რომ ჩემ მიერ ამ ტრადიციული პირველივე ფრაზის წარმოთქმის დროს თქვენ უკვე წინასწარ ხვდებით, თუ ვისზე ვისაუბრებთ დღეს — უბრალოდ ძალიან კარგ და ნიჭიერ ადამიანზე, თუ ძალიან კარგ და ნიჭიერ ადამიანზე, რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლუსი გააჩნია სხვებთან შედარებით — ის, რომ ის ქართველია… მე მგონი, ასეთ დღეებში უფრო ამაყად და ხალისიანად გესალმებით ხოლმე. თუმცა, ბუნებით აბსოლუტური კოსმოპოლიტი და ინტერნაციონალისტი ვარ. მაგრამ, რა ვქნა, იმ ლამაზ ქართულ გენს ვერაფერს ვერ ვუშვრები, ყურში რომ ჩამჩურჩულებს — „ჩვენიანია, ჩვენიანიო“!

ჰო და, დღესაც დილიდან ნამეტანი გადავყევი აივანს, რადგან დღევანდელი ჩვენი სტუმარი ძალიან მიყვარს, უდიდეს პატივს ვცემ და, ნამდვილად ჩვენიანია, თანაც მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იმყოფებოდეს.

ახლა, თქვენის ნებართვით, ჩავრთავ „ჩიტო–გვრიტო, ჩიტო–მარგალიტოს“ „მიმინოდან“ და… გამოჩნდება ჩვენი საამაყო, საოცარი, ყოველთვის მომღიმარი, თავმდაბალი და საყვარელი ბატონი გია ყანჩელი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1935 წლის 10 აგვისტოს.

აჰა, ამასაც ველოდი… ვიღაც ხელით მანიშნებს, ეს რა არასერიოზული მუსიკა ჩართე ბატონ გიას გამოსვლაზეო, არ ეწყინოსო, რა, მაგის გარდა არაფერი დაუწერიაო?!

გეთანხმებით. მაგრამ სწორედ ეს მუსიკა იმიტომ ჩავრთე, რომ ჩვენ შეხვედრებზე მოუმზადებელი არასდროს მოვდივარ და ვიცი ბატონი გიას აზრი ამ სიმღერისა და მისი პოპულარობის შესახებ და კიდევ… თავიდანვე მინდოდა გამესვა ხაზი იმისთვის, რომ… 

ბატონი გია საოცრად ტოლერანტული და ლმობიერია მსმენელის მიმართ. მისთვის სულაც არ არის ტრაგედია, რომ ვიღაცას ის უყვარს და მას იცნობს სწორედ ამ მელოდიით და სიამოვნებით იხსენებს, როგორ შევიდა ბატონ გია დანელიასთან ერთად მოსკოვის რესტორან „ჩიტო-გვრიტოში“. იქ კი იცნეს და ფული არ გამოართვეს… ვიღაც ბატონ გიას შემოქმედებას იცნობს საყვარელი ფილმებისთვის შექმნილი მუსიკით, ვიღაც – „იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამეთი“ „კავკასიური ცარცის წრიდან“, ვიღაც კი – სერიოზული სიმფონიური ნაწარმოებებით. მის ნებისმიერ მუსიკას უამრავი თავისი გამგები და თაყვანისმცემელი ჰყავს. საერთოდ, ბატონი გია თვლის, რომ მუსიკის გაგება შეუძლებელია, ის უნდა იგრძნო. ჰო და, სრულიად ბუნებრივია, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი მგძნობიარობა არა აქვს…

ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა ლუიჯი ნონომ თქვა, რომ ბატონი გია ყანჩელი დიდი მუსიკალური ტალანტის მფლობელია, რომელსაც, საერთაშორისო თვალსაზრისით, აბსოლუტურად ორიგინალური პოზიცია უკავია…

დიდმა რუსმა კომპოზიტორმა როდიონ შჩედრინმა ჩვენ სტუმარზე ბრძანა, რომ ის არის მაქსიმალისტისთვის ჩვეული ტემპერამენტის მქონე ასკეტი, ვულკან ვეზუვის ჩასაფრებული თავშეკავებით… 

საოცარმა მუსიკოსმა იური ბაშმეტმა კი, რომელიც გია ყანჩელთან და ჯანსუღ კახიძესთან თანამშრომლობისას გამოტყდა, რომ ორ ქართველს შორის ისიც ცოტა ქართველი ხდება, განაცხადა, რომ გია ყანჩელი წერს ისეთ მუსიკას, როგორიც ის თავადაა – უნიკალური ხარისხის, ძალიან ღრმას და ამავე დროს — მისაწვდომს. მისი ცნობილი პაუზებიც კი ზოგჯერ მუსიკაზე მეტის მთქმელია და ისინი აძლევენ მსმენელს მათი შევსების საშუალებას და გარკვეულწილად თანაავტორობის შეგრძნებასაც.

იური ბაშმეტის ერთმა ფრაზამ კი ბოლო მომიღო — „გია ყანჩელი მთელი ცხოვრება ვითარდებოდა და მუშაობდა იმისთვის, რომ მიგვეღო „ის, რასაც ჰქვია გია ყანჩელი“…

ამაზე სწორი და ზუსტი შეფასების გაკეთება შეუძლებელია… მართლაც, რა არის „ის, რასაც ჰქვია გია ყანჩელი“? ეს არის დიდი ნიჭი, ღირსება, საოცარი დელიკატურობა, მორიდება, თავაზიანობა, პრინციპულობა, შინაგანი პატრიოტიზმი, განათლება, გადმოცემის ფანტასტიკური მანერა, იუმორის საოცარი გრძნობა, მომხიბვლელობა, თბილისელობა, ქალაქურობა…

ყველაფერი, რისთვისაც გვიყვარს ბატონი გია ყველას, დილეტანტებსაც და მაღალი დონის პროფესიონალებსაც…

და უნდა მაპატიოთ – ერთი მისი თვისება ჩემთვის შემოვინახე, ცალკე უნდა აღვნიშნო: ბატონ გიას განსაკუთრებით უყვარს წყნარი და ხმადაბალი მუსიკა. ამით ხომ მაინც შეიძლება რომ ვგავდე და ამაყად განვაცხადო სადმე, მაგალითად, მიღებაზე — „მეც, ბატონი გია ყანჩელივით, ხმადაბალი და წყნარი მუსიკა მიყვარს“, და ამაყად გავიდე დარბაზიდან…

ისე კი, ერთ რამეს მივაქციე ყურადღება:

ინტერნეტში ვერ ვიპოვე მის პოპულარულ მუსიკაზე შექმნილი ერთი მაინც ხარისხიანი ქართული კლიპი… უმეტესობა არის გაშეშებულ, ერთსა და იმავე პორტრეტზე დადებული მუსიკა. თითქოს არ შეიძლება ჩვენი ფანტასტიური ფილმებიდან და საოცარი სპექტაკლებიდან ბატონი გიას მუსიკის თანხლებით გაკეთდეს ვიდეო-რგოლები…

აი, „მიმინოს“ საუნდტრეკი კი არსებობს…

ასე რომ, როგორც ჩანს,  „ჩიტო-გვრიტოს“ მაინც ვერსად გავექცევით და… ვერც გავუფრინდებით…

გისურვებთ ხალისიან, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0