16:32 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე

ბიძინა კვერნაძე: „ხან-დაზმული ვარ, ხან არა“...

ოჯახის არქივი
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1341251

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ის დღეა, როცა ღამე თეთრად გავათენე, და არა იმიტომ, რომ ვდარდობდი ან უძილობა მჭირდა… უბრალოდ, რაღაცებს ვიხსენებდი… იმდენად თბილ, ტკბილ და ლამაზ წუთებს, რომ მათი შეწყვეტა და ოდნავ შეწუხება, ფრთხილი ძილითაც კი, დანაშაული იქნებოდა. თანაც წინასწარ ვაგემოვნებდი იმ სიამოვნებას, რისი თქვენთვის მონიჭების საშუალება და ბედნიერებაც მომეცემოდა დღეს…

წარმოიდგინეთ, ვსხედვართ მყუდროდ ჩვენ თბილისურ უბრალო, მაგრამ ძალიანაც „ბრალიან“ აივანზე, რომლიდანაც მოჩანს ხელისგულზე ჩამომჯდარი, პატარა და კოხტა ქალაქი, ისეთი გულში ჩამწვდომი, რომ სულ გავიწყდება აქამდე ქვაფენილით ამოსვლის სირთულეები…  

ახლა კი ჩავრთავ ერთ სიმღერას, რომელსაც ასრულებენ ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და ჯანსუღ კახიძე. სიტყვები გალაკტიონისაა, მუსიკა კი ჩვენი აივნის დღევანდელ სტუმარს, საოცარ კომპოზიტორს, ნათელ პიროვნებას და არაჩვეულებრივ კაცს — ბიძინა კვერნაძეს ეკუთვნის, რომელიც ზუსტად ამ დღეს, 1928 წლის 29 ივლისს დაიბადა.

ეს სიმღერა ყველამ იცის და ყველას უყვარს – „შემოდგომის ყვავილებს“… არ შეგეშინდეთ, ჩვენ აივანზე ეპოქების ხშირმა ცვლამ სულაც არ დამაბნია და მშვენივრად მახსოვს, რომ შემოდგომა კი არა, შუაგული ზაფხულია. არც თქვენ შეწუხებას  ვაპირებ იმით, რომ „ვარდები არ არიან, და არ გვევარდება“… უბრალოდ, ამ სიმღერას აქვს ერთი საოცარი და ჯადოსნური თვისება – სიცოცხლეს გმატებს! ბატონმა თემურ ჩხეიძემ ბატონი ბიძინას მუსიკა ასე დაახასიათა – „მას თან სდევს ფარული სევდა, ნაღველი. მაგრამ ეს ის სევდაა, რომელიც გენატრება”.

ქალბატონ ნანის აქვს ნათქვამი, რომ მართლაც იშვიათია, ერთ ადამიანში იყოს თავმოყრილი ამდენი წესიერება, პატიოსნება, სიკეთე და თავმდაბლობა. თანაც მას ჰქონდა უდიდესი ნიჭი ადამიანების სიყვარულისა და თითქმის ყველაფერში კეთილი საწყისის დანახვის… 

მე ასე ლამაზად ვერ ვიტყოდი, მაგრამ ერთი კი მახსოვს: როცა ბიძაჩემი, ზურაბ ანჯაფარიძე იტყოდა ხოლმე — ბიძინა მოვაო, ყველას გვიხაროდა. არა, მე საერთოდ მიყვარდა ზურიკოს ყველა მეგობრის მოსვლა, მაგრამ ბიძინას, მართლაც, რაღაც დღესასწაული შემოჰქონდა და, გეფიცებით, ახლა ვხდები, რომ ზურიკო თავისი ძმაკაცის მოსვლისთვის, როგორც სპექტაკლისთვის, ისე სერიოზულად ემზადებოდა. ფორმაში უნდა ყოფილიყო, რადგან ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა იუმორში პაექრობისას არავინ იცოდა წინასწარ, ზურიკო გაიმარჯვებდა თუ ბიძინა.

ერთი სცენა კი დღემდე თვალწინ მიდგას, და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ მისი გათამაშების შემდეგ (თანაც დუეტად გათამაშების) პირველად ვიგრძენი, რომ სიცილისგან კაცი მართლა შეიძლება მოკვდეს…

სცენა კი ასეთი გახლდათ: ზურიკო თამაშობდა ბიძინას როლს საბაჟოზე, ანუ პასიურს… იგულისხმებოდა ბიძინას ბოლო გასტროლების დროს ჩასვლა კაპიტალისტურ ქვეყანაში. ბიძინა კი ასრულებდა ზრდილობიანი და კულტურული კაპიტალისტი მებაჟის როლს… და, აი, ის მიდის ზურიკოსთან, ლაღად უღიმის, გახარებული ეუბნება — „კეთილი იყოს თქვენი ფეხიო“, ოდნავ ამოწმებს, ფორმალურად და ეკითხება — „საიდან ხართო?“ ზურიკოც პასუხობს — „Soviet Union!“ აქ ბიძინა (ანუ მებაჟე) ისტერიულად წამოიკივლებს — „Soviet Union?!“ და უცებ ერთ წამში იცვლება – იღებს მხეცური სახის გამომეტყველებას, უვარდება ზურიკოს ფეხებში და გააფთრებულ ჩხრეკას უწყებს… აი, ხომ არაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინას სახით ქართულმა სცენამ ძალიან ძლიერი მასახიობი დაკარგა…

ზურიკო და ბიძინა ხშირად კამათობდნენ, ვის რა წვლილი ჰქონდა შეტანილი ერთმანეთის შემოქმედებაში. ზურიკო აბრაზებდა ხოლმე — შენი მუსიკალური კარიერა ჩემით დიწყოო, რადგან თავისი პირველი რომანსი ვაჟას ლექსზე ბატონმა ბიძინამ, ნიჭიერთა ათწლედს რომ ამთავრდებდა, მაშინ დაწერა და ზურიკოს სთხოვა მისი შესრულება. ბიძინაც არ რჩებოდა ვალში — შენ მაგ დროს საერთოდ არავინ გიცნობდა (ზუსტად ტოლები იყვნენ) და ჩემი რომანსით დაიწყო შენი აღმაფრენაო. ერთი სიამოვნება იყო მათი ამ კამათის და შეხუმრებების მოსმენა… ხომ არ გგონიათ, რომ რამეში მეორდებოდნენ, არა, ყველაფერი იმპროვიზაციაზე იყო აგებული.

მარჯვნიდან: ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, ნოდარ გაბუნია, გია ყანჩელი.
ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
მარჯვნიდან: ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, ნოდარ გაბუნია, გია ყანჩელი.

მახსოვს კიდევ, როგორ იხსენებდა ბატონი ბიძინა – მას შემდეგ, რაც მან პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსზე კინოფილმ „განაჩენისათვის“ დაწერა სიმღერა „ძნელი არის ქურდი კაცის ბედი“, მასთან „ავტორიტეტები“ დელეგაციებს აგზავნიდნენ — თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო… 

ბატონ ბიძინას უამრავი ქართული ფილმისთვის აქვს დაწერილი მუსიკა და კარგად მოგეხსენებათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფილმისთვის მუსიკალურ გაფორმებას. ზოგჯერ ფილმი მხოლოდ ერთი მუსიკალური ფრაზით გახსენდება ხოლმე… მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინას „დათა თუთაშხიასთვის“ დაწერილი მუსიკა ვინმე უცხო კაცს რომ მოასმენინო, ვისაც წარმოდგენა არა აქვს რა თემაზეა ის შექმნილი, მაინც მიხვდება რაღაც მთავარს, რაც მასშია… ფილმის რეჟისორი, ბატონი გიგა ლორთქიფანიძე ამბობდა – „როგორ შეიძლება ადამიანმა ბიძინა კვერნაძის მუსიკის გარეშე წარმოიდგინოს დათას ტრაგიკული ცხოვრება?!“ მართლაც ასეა…

ბატონი ბიძინას მდიდარი შემოქმედების შეფასების დროს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ისაუბრო მის სიმფონიურ ნაწარმოებებზე, ოპერებსა და ბალეტებზე, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ამ სფეროში პროფესიონალი ნამდვილად არ ვარ. აი, ბატონმა გია ყანჩელმა კი ბრძანა, რომ არსებობს პოეზია და ლიტერატურა, რომელსაც ის განსაკუთრებულ თაყვანს სცემს და სწორედ ასეთ სიმაღლეებს აღწევს ბიძინა კვერნაძის მუსიკის პოეტური ბუნება… 

ზოგჯერ ვფიქრობ, რა ბედნიერია ჩემი თაობა, რადგან ჩვენ ამ საოცარ ადამიანებს ვიცნობდით, ვხვდებოდით მათ ქუჩაში, ვურთიერთობდით. შორიდან მაინც ხომ ვხედავდით და ისინი მართლაც გამოირჩეოდნენ ყველაფრით, არა მარტო ნიჭით და ადამიანობით, სიარულით, დგომით, მიხვრა-მოხვრით, ღიმილით, ხალისით, ურთიერთობებით…

ახლა კი მინდა ჩავრთო ბატონი ბიძინას ასევე ყველასთვის უსაყვარლესი სიმღერა — “გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“ — ქალბატონი ნანის შესრულებით… 

შემოდგომა თუ შეიძლებოდა, გაზაფხული ხომ შეიძლება და შეიძლება… 

ბოლოს კი სიამოვნებით გავიხსენებ ვახუშტი კოტეტიშვილის ვითომ ხუმრობით ნათქვამ სიტყვებს: 

“დავადგინე: ბიძინა კვერნაძე წარმოშობით ყოფილა ანგელოზთა ჯიშისა. ფრთებიც აქვს, მაგრამ თავისი გაბარიტების გამო ბოლო დროს ფრენა უჭირს… ერთი სიტყვით, პენსიონერი ანგელოზია“…

გისურვებთ ამაღლებულ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

 

მთავარი თემები