მაია ჩიბურდანიძის კლასელის „აღსარება“...

© photo: Sputnik / Alexander Demyanchuk / გადასვლა მედიაბანკშიჭადრაკის მუზეუმი სანკტ პეტერბურგში
ჭადრაკის მუზეუმი სანკტ პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე მინდა განსაკუთრებით კონცენტრირებული, სერიოზული და, ამავე დროს, შემოქმედებითად არაპროგნოზირებადი და იდუმალებით აღსავსე დაგხვდეთ… ერთდროულად დედოფალივით მედიდური და პაიკივით თავმდაბალი, მაგრამ პერსპექტიული…

რადგან ზუსტად ამ დღეს, 20 ივლისს აღინიშნება მსოფლიოში ალბათ ყველაზე საოცარი გამოგონების, ან, როგორც ზოგნი თვლიან, დედამიწის მკვიდრთათვის უცხოპლანეტელებისგან გადმოცემული შეუდარებელი და ფასდაუდებელი ძღვენის — ჭადრაკის საერთაშორისო დღე (International Chess Day).

ითვლება, რომ ჭადრაკის ისტორია იწყება 1500 წლის წინანდელი პერიოდიდან… დღევანდელი ჭადრაკის წინაპარი თამაში — ჩატურანგა გაჩნდა ინდოეთში, ჩვენ წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში… შემდეგ მისი განშტოებები მოედო არაბეთის აღმოსავლეთს (შანტრაჯი), ჩინეთს (სიანცი), ტაილანდს (მაკრუკი) და იაპონიას (სიოგი). შანტრაჯი კი IX—X საუკუნეებში არაბებისგან მოხვდა ევროპასა და აფრიკაში. ევროპელებმა დახვეწეს თამაშის წესები და XV საუკუნეში ჭადრაკმა ფაქტიურად ის სახე მიიღო, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. საბოლოოდ წესები მხოლოდ XIX საუკუნეში დადგინდა, 1886 წლიდან კი დაიწყო ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატების გათამაშება, ხოლო 1924 წელს პარიზში დაარსდა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია FIDE. სწორედ მისი დაარსების დღე დაადგინეს ჭადრაკის საერთაშორისო დღედ. 

აქვე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება იმაზე (ამოვიკითხე 1957 წლის გაზეთ „ლელოს“ არქივში), რომ ჭადრაკი საქართველოში ოდითგანვე მეტად პოპულარული თამაში ყოფილა, რაზეც მოწმობს თუნდაც ვახტანგ VI დროინდელი სამზითვო წერილი, რომელშიც მზითვების ჩამონათვალში „ვეფხისტყაოსნისა“ და „ლეილმეჯნუნის“ შემდეგ დასახელებულია… ჭადრაკი! ალბათ, სწორედ ამიტომაც არიან ქართველი ქალები განსაკუთრებულად ნიჭიერები და წარმატებულები ამ დარგში… შემორჩენილია სპილოსა და ხარის ძვლისგან გაკეთებული ძველი ქართული ჭადრაკის ფიგურები. აქ საინტერესოა, რომ მხედართა ერთი წყვილი (შავიც და თეთრიც) თავზე ფაფახით არის გამოხატული, ხოლო მეორე წყვილი – ფაფახის გარეშე… სავარაუდოდ, იმდროინდელ საქართველოში ჭადრაკის თამაშის დღევანდელისგან განსხვავებული ნიუანსები არსებობდა…

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში მაია ჩიბურდანიძე.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში მაია ჩიბურდანიძე. - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში მაია ჩიბურდანიძე.

დღემდე ვერავინ ცალსახად ვერ აფასებს – ჭადრაკი სპორტია, ხელოვნება თუ მეცნიერება… ერთი კი ცხადია, რომ ცნობილი მოჭადრაკეები ყოველთვის იყვნენ და რჩებიან არაორდინალურ, უნიჭიერეს და განსხვავებულ დონეზე მოაზროვნე ადამიანებად.

ჭადრაკში, რა თქმა უნდა, არსებობს საკუთრი რეკორდებიც…  

ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე დიდხანს მსოფლიო ჩემპიონი იყო ემანუელ ლასკერი — 27 წლის განმავლობაში, 1894-დან 1921 წლამდე. ლასკერთან დაკავშირებით კიდევ ერთ მის რეკორდზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება: ჭადრაკის ისტორიაში შესულია ე.წ. „ალკოჰოლური ჭადრაკის“ მატჩი, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ემანუელ ლასკერი და უნგრელი გროისმაისტერი გეზო მაროცი. თამაშის წესების მიხედვით, ფიგურა, რომელსაც მოუკლავდი მოწინააღმდეგეს, სინამდვილეში იყო შესაბამისი საჭადრაკო ფიგურის ფორმის ჭურჭელი, სავსე ალკოჰოლიური სასმელით და ის უნდა დაგელია. ლასკერმა „გამჭრიახობა გამოიჩინა“ და უკვე მეხუთე სვლაზე დედოფალი გაიღო მსხვერპლად, დედოფალი, რომელიც 200 გრამ ვისკის შეიცავდა. ამის შემდეგ ადვილად მოუგო საკმაოდ შეზარხოშებულ მაროცის…

ერთადერთი ჩემპიონი, რომელიც დაუმარცხებლად გარდაიცვალა, არის ალექსანდრე ალიოხინი…

ერთადერთი ჩემპიონი, რომელმაც თავისი ტიტული პრეტენდენტთან თამაშზე უარის თქმის გამო დაკარგა, არის რობერტ ფიშერი. 

ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მამაკაცებში მოიპოვა რუსლან პონომარიოვმა (18 წლისამ). თუ მხოლოდ მსოფლიოში აღიარებულ მსოფლიო ჩემპიონებს გავითვალისწინებთ, მაშინ ეს რეკორდი გარი კასპაროვს ეკუთვნის (22 წელი).

მოჭადრაკე მამაკაცი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული — მიხეილ ბოტვინიკია. 

ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის მოიპოვა მაია ჩიბურდანიძემ (17 წლისამ) ნონა გაფრინდაშვილთან მატჩში 1978 წელს.

მოჭადრაკე ქალი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველოში ორია — ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. ორივე მოჭადრაკე ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია.

აი აქ კი, ჩემო ძვირფასებო, თეატრალურად ღრმა, ხანგრძლივ და მრავალმნიშვნელოვან პაუზას დავიჭერ და მოგახსენებთ მთავარს: აი, სწორედ ის მაია ჩიბურდანიძე, რომელმაც ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება და მე… კლასელები ვიყავით, რითიც ძალიან ვამაყობ. უფრო მეტიც, ერთ მერხზეც ვისხედით ხოლმე, როცა ის სკოლაში დადიოდა (ბუნებრივია, იშვიათად დადიოდა), და ერთად „გვიხულიგნია“ კიდევაც… მაია ძალიან მიყვარს – თუმცა სკოლის მერე არ შემხვედრია – რადგან ძალიან მომღიმარე, თავმდაბალი, უბრალო და ყველანაირ ამბიციებს მოკლებული ადამიანია… სხვათა შორის, სულ მპირდებოდა, ჭადრაკის თამაშს გასწავლიო, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოვიცალეთ – მაია მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, მე კიდევ… ძალიან შეყვარებული ვიყავი იმ დროს.

სამაგიეროდ, 1977 წელს, როდესაც იწყებოდა მისი მეოთხედფინალური შეხვედრა ნანა ალექსანდრიასთან, მე, როგორც კლასელი, გავედი ჭადრაკის სასახლის სცენაზე გზის დასალოცად და „ენამ მიყივლა“ – იმის ნაცვლად, რომ წარმატებები მესურვა, გამარჯვება მივულოცე… მერე მაია ხუმრობდა, აწი ყველგან თან უნდა წაგიყვანო, კარგი ფეხი გაქვსო…

ისე კი, მართლა კარგი ფეხი მაქვს… 

გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით მოჭადრაკეებს და, პირველ რიგში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, რადგან ნურავის ნუ ეწყინება (მაიას რომ არ ეწყინება, ნამდვილად ვიცი) და ის ჩემთვის ყოველთვის დარჩება ჭადრაკის დედოფალი, დაუმარცხებელი და განუმეორებელი!

გისურვებთ წარმატებულ და ძალიან ბედნიერ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0