ედისონი: ყოველი, თუნდაც წარუმატებელი მცდელობა - კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია

თომას ედისონი
თომას ედისონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ჩვენ უკვე თვეზე მეტი ხანია, ტრადიციულად ვხვდებით ერთმანეთს თბილისზე არწივის ბუდესავით ჩამოწოლილ, წიკლაურის ქუჩის ქვაფენილიან აღმართზე ჯეირანივით ამომხტარ  ჯადოსნურ აივანზე და ნამდვილად მიხვდებოდით, რომ ძალიან მიყვარს  დღის დაწყება გამოცანებით…დილიდან ცოტა გონებას  რომ გაავარჯიშებ, კარგია…  დღესაც ერთი ჩემი ბავშვობის საყვარელი გამოცანა მინდა შემოგთავაზოთ: 

„ხის პატარა კოლოფი

მაგიდაზე დევს,

არ ჭამს, არ სვამს, არ დადის…

ლაპარაკობს ბევრს“… 

თავის დროზე, ბებიაჩემი ალექსანდრა ხუმრობდა: “ეს ლელა არისო“, უჭმელი ვყოფილვარ, თურმე და იმდენს ვტიკტიკებდი, ვერ მაჩერებდნენ… 

სინამდვილეში კი… რა თქმა უნდა, ეს რადიოა…

სწორედ ამ დღეს, ზუსტად 90 წლის წინ კი, 1926 წლის 19 მაისს მსოფლიოში, ალბათ,  ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომგონებელი, ფანტასტიური პიროვნება და მეცნიერი, თომას ედისონი პირველად გამოვიდა რადიოთი ატლანტიკ-სიტის ეროვნული ელექტრონული კომპანიისადმი მიძღვნილ საღამოზე, ის დაბნეული მივიდა მიკროფონთან და წარმოთქვა თავისი ისტორიული  სიტყვები: „არ ვიცი, რა ვთქვა, პირველად გამოვდივარ ასეთი რაღაცის წინ… (გულისხმობდა მიკროფონს) ღამე მშვიდობისა!“ და სცენიდან ჩამოვიდა…

მისმა ასეთმა გაუბედავმა საქციელმა ყველა გააკვირვა, რადგანაც, მგონი, მიკროფონის გარდა, ყველაფერიდანარჩენი  მისი გამოგონილი იყო…გამოგონილი თუ არა, სრულყოფამდე და კომერციულ ფორმამდე მიყვანილი მაინც… 

 მხოლოდ აშშ-ში ედისონმა მიიღო 1093 პატენტი გამოგონებებისთვის…  რომ გავყოთ ამ პატენტების რაოდენობა მისი მოღვაწეობის წლებზე, გამოდის, რომ ედისონი თვეში საშუალოდ 1 ან 2 რამე ახალს  იგონებდა და ეს მხოლოდ ამერიკაში! ამას კიდევ უნდა დავუმატოთ 3 ათასამდე გამოგონება აშშ-ს გარეთ…

თომას ალვა ედისონი დაიბადა1847 წლის 11 თებერვალს,  ოჰაიოს შტატის ქალაქ მაილენში. 1954 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა მიჩიგანის შტატის ქალაქ პორტ-გურონში, სადაც ედისონმა სულ 3 თვე იარა სკოლაში, რის შემდეგაც დედამისმა, მასწავლებლების რჩევით, ის სკოლიდან გამოიყვანა და თავად მოკიდა ხელი მის განათლებას…ბევრი წლის შემდეგ ედისონი სრულიად გულწრფელად იტყვის, რომ ის ცნობილი გამომგონებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ  სკოლაში არ დადიოდა… 

პატარა თომასი თანატოლებისგან იმით გამოირჩეოდა,  რომ საათობით აკვირდებოდა გარშემო მიმდინარე ყველასთვის ჩვეულ და მდორე პროცესებსა და მოვლენებს… თითქოსდა ყველაფერში რაღაცა კანონზომიერებას ეძებდა… დაკვირვებებისაგან თავისუფალ დროს კი თომასი კითხულობდა…

 12 წლისთვის მას წაკითხული ჰქონდა იმდენი წიგნი, რასაც ზოგიერთი ჩვეულებრივი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უბრალოდ ფიზიკურადაც ვერ მოასწრებდა…მისი ყველაზე საყვარელი წიგნი იყო  რიჩარდ გრინ პარკერის „ნატურალური და ექსპერიმენტრალური ფილოსოფია“, რომელსაც ის ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში გაეცნო, თანაც წიგნში ყველა აღწერილ ცდას თავად იმეორებდა… იმის გამო, რომ ცდებისთვის საჭირო იყო სპეციალური დანადგარები და მასალები, ედისონმა 12 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო გაზეთების გამყიდველად რკინიგზაზე და  დრო რომ არ დაეკარგა, სატვირთო ვაგონში მოაწყო საკუთარი ლაბორატორია. თავისი ძირითადი პროფესიის დასახვეწად თომასმა მოიგონა ეშმაკური ხერხი — მატარებლის ტელეგრაფისტის მეშვეობით,  ის გზაში ანონსად  გადასცემდა გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რის გამოც შემდეგ სადგურაზე უკვე გაზეთის შეძენის მსურველთა რიგი ხვდებოდა… 

16 წლის ასაკში თომასმა სიკვდილს გადაარჩინა ერთ-ერთი სადგურის უფროსის შვილი და მადლობელ მამას ფულის ნაცვლად, რომელსაც ის დაჟინებით სთავაზობდა, თხოვა მისთვის სატელეგრაფო საქმე ესწავლებინა. აღსანიშნავია ედისონის ერთი საოცარი თვისება, რომელსაც ის ბავშვობიდანვე იჩენდა — ის თავისი გამოგონებებიდან მიღებულ ფულს ახალ გამოგონებებში დებდა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევდა… გარდა ამისა, ედისონი განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, ის  არ და ვერ ჩერდებოდა უსაქმოდ და ყოველთვის იმეორებდა, რომ გენიოსი ეს არის 1% შთაგონება და 99% — ოფლი და შრომა…

თავისი პრაქტიკულობის მიუხედავად, ედისონი იყო ძალიან გულწრფელი და რომანტიკული ადამიანი… 24 წლის ასაკში მან ცოლად მოიყვანა მხოლოდ 2 თვის  გაცნობილი16 წლის მერი სთილველი. მერიმ თომასს 3 ვაჟი გაუჩინა. პირველ ორს ედისონმა დოთი („Dot“- „წერტილი“) და დეში („Dash“ — ტირე) დაარქვა. 

მეორე მეუღლეს — მინა მილერს, რომელიც მერის გარდაცვალების შემდეგ მოიყვანა და რომელიც მასზე გაცილებით უმცროსი იყო, ასწავლა მორზეს-ამბანი, რათა მათ ერთმანეთში შეძლებოდათ ურთიერთობა, როდესაც მათ შეხვედრას მინას მშობლები ესწრებოდნენ…

თომას ედისონი იყო კაცი, რომლის გამოგონებებმა ბევრი ათწლეულით გაუსწრო დროს… მას აინტერესებდა ყველაფერი…ელექტროტექნიკის განვითარებაც და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაც. ის ამბობდა: „ჩვენ მალე ისე გავაიაფებთ ელექტროენერგიას, რომ სანთლების ანთების ფუგუნების უფლებას თავს მხოლოდ მილიონერი მისცემს!“  სწორედ ედისონის მიერ გამოგონილი პრინციპი  დაედო საფუძვლად თანამედროვე ტატუირებას, ამბობენ, რომ მას თავად ჰქონდა 5 წერტილიანი „ტატუ“ მაგრამ მალავდა, სწორედ ედისონმა გამოიგონა არაჩვეულებრივი სიტყვა „ალო“, რომლითაც დღემდე ერთმანეთს ტელეფონებში ვესალმებით…

მაგრამ ედისონის ყველაზე დიდი გამოგონება იყო შემდგომში შექმნილი ყველა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წინაპარი,  ე.წ. „გამოგონებების ფაბრიკა“ — მენლო-პარკის ლაბორატორია, სადაც, სხვათა შორის,თავის დროზე ჰენრი ფორდიც მოღვაწეობდა…

ერთხელ ედისონმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის ბედნიერია იმიტომ რომ იპოვა ბედნიერების საიდუმლო… როდესაც ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რა იპოვა ედისონმა, მან გაიღიმა და უპასუხა: „ნალი“…  შემდეგ კი დაამატა — „ნალს ყოველთვის მოაქვს ბედნიერება… მაშინაც კი, როცა ცრურწმენის არ გჯერა“…

გისურვებთ წარმატებულ და ნალებიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0