13:37 22 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8357
  • 100 RUB3.8519
  • USD2.4579
სოფია დარსალია

ქართველი მეცნიერის კვლევები ლიდსის უნივერსიტეტში და ქართველოლოგიური სკოლა ბრიტანეთში

FB/ Sofia Daraselia
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
137221

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს, სოფია დარასელიას წარმოგიდგენთ.

ეს ნიჭიერი და შარმიანი ახალგაზრდა ქალბატონი საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი და ფილოლოგიის დოქტორი გახლავთ.

თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი ლიდსის უნივერსიტეტში  ცნობილ ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად ქართველოლოგიის პრობლემატიკაზე მუშაობს. მისი სამეცნიერო საქმიანობის შედეგად ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური სკოლის შექმნის პერსპექტივა არსებობს, რაც არა მარტო ქართველურ ენებს, არამედ ზოგადად ქართულ კულტურას გაუწევს პოპულარიზაციას. სულ ახლახან სოფია ლანკასტერის უნივერსიტეტში, კორპუსის ლინგვისტიკის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრად დაინიშნა. მას ინგლისში დავუკავშირდი.

- სოფია, ამბობენ, ინგლისი ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქართველს ნოსტალგია არ აწუხებსო, თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

— უპირველეს ყოვლისა,  მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ რუბრიკაში მოწვევისთვის. რაც შეეხება ნოსტალგიას, ის ალბათ ყველა ქართველს აწუხებს ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის მეც ინგლისში, მაგრამ ნოსტალგიას ერთგვარად აბალანსებს ის ფაქტი, რომ აქ ყოველდღიურად ქართველოლოგიურ თემატიკაზე ვმუშაობ.

- როგორ დააინტერესეთ ქართველოლოგიური თემატიკით პრაგმატული ბრიტანელები? 

— ყველაფერი დაიწყო 2012 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როდესაც სადოქტორო თემად ავირჩიე „ქართულ-ევროპული ტიპის სასწავლო ლექსიკოგრაფია“, კერძოდ, ქართული ნაწილის დამუშავება დავისახე მიზნად. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელს, პროფესორ თინათინ მარგალიტაძეს. მასთან მუშაობის ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ გავცნობოდი და დამემუშავებინა ენათმეცნიერებაში მიმდინარე სიახლეები და უახლესი გამოცემები. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა საშუალება მომცა არათუ თვალი მედევნებინა, არამედ თანამედროვე ენათმეცნიერებაში მიმდინარე პროცესების ნაწილიც გავმხდარიყავი, გამეცნო ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან, მაგალითად, ბრიტანელი ლექსიკოგრაფი მაიკლ რანდელი (Michael Rundell) და ასევე ბრიტანელი კორპუსის ლინგვისტი ადამ კილგარიფი (Adam Kilgarriff). ამ ადამიანებს პირველად შვედეთში შევხვდი ლექსიკოგრაფიის სემინარზე, სადაც მათივე მიწვევით ვიმყოფებოდი. 

-ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვან კვლევებს ახორციელებთ.

— დიახ, დღეს ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კორპუსულ პრობლემატიკაზე ვმუშაობ. უნივერსიტეტის ენების, კულტურებისა და საზოგადოების დეპარტამენტში გავდივარ მეორე სადოქტორო პროგრამას, კერძოდ ვმუშაობ „ქართული ენის მორფოსინტაქსური კატეგორიების კომპიუტერულ ანალიზზე“ (Computational Analysis of Morphosyntactic Categories in Georgian).ლიდსის უნივერსიტეტში შექმნილია თანამედროვე ქართული ენის ვებკორპუსი —KaWaC, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული სხვა ენების  ვებკორპუსების გვერდით, როგორიცაა, ინგლისური, გერმანული, ჩინური და ა.შ.  დღეს არაერთ ქართველოლოგიურ პრობლემატიკაზე ვმუშაობთ, მაგალითად, რიგით XVII კონგრესზე (XVII EURALEX), რომელიც 2016 წლის სექტემბერში თბილისშია დაგეგმილი, წარმოვადგენთ ჩვენი კვლევის შედეგებს ქართულ ლექსიკონებში სალექსიკონო სიტყვა-სტატიების სიხშირული პრინციპებით დამუშავების შესახებ, რაც ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის (Oxford University Press) ამ სფეროში ყველაზე მაღალრეიტინგულ ჟურნალში (International Journal of Lexicography) გამოქვეყნდება.

სოფია დარასელია და თომას ბლაქველი
FB/ Sofia Daraselia
სოფია დარასელია და თომას ბლაქველი

- სოფია, თუ შეიძლება, განუმარტეთ ჩვენს მკითხველს კულტურების დეპარტამენტში ჩამოყალიბებულ ქართველოლოგიური მიმართულების საბოლოო მიზანს რა წარმოადგენს და რა პრაქტიკული სარგებელი აქვს მას ქართული ენისთვის? 

— მოგახსენებთ, ქართული ენის ჯგუფი ლიდსის უნივერსიტეტში 2015 წლის მარტში შეიქმნა, 2016 წლის თებერვალში კი ქართული ენის მიმართულებად (Kartvelian Studies) ჩამოვყალიბდით, ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ ჯეიმს დიკინსს, რომელიც ლიდსის უნივერსიტეტში არაბული ენის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ასევე პროფ. დიანე ნელსონს, პროფ. სერგეი შაროვს, დოქ. ისმაილ სეზგინს და ა.შ. ბუნებრივია, აქ ყველა მათგანს ვერ ჩამოვთვლი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ახალგაზრდა ქართველოლოგიური ცენტრი, რომლის საბოლოო მიზანია, ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური დეპარტამენტის შექმნა. რასაკვირველია, წინ დიდი სამუშაო გვაქვს და ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება პრაქტიკულ სარგებელს, უპირველეს ყოვლისა, ვმუშაობთ ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა, ქართველურ ენებში ფონეტიკური შესატყვისობების ავტომატურად ამომცნობი პროგრამის შექმნა. იმედი გვაქვს, რომ შემოდგომაზე საქართველოში კავკასიოლოგთა მე-4 საერთაშორისო კონგრესზე ჩვენს ქართველ კოლეგებს გავაცნობთ ჩვენი კვლევის შედეგებს, რაც სამომავლო თანამშრომლობისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. 

- როგორი კოლეგები არიან ინგლისელები და რა იციან მათ საქართველოს შესახებ? 

— ბრიტანელი კოლეგები ძალიან შრომისმოყვარეები არიან, მომწონს ის აკადემიური გარემო სადაც ვიმყოფები. აქ მოდუნების საშუალება არ მაქვს, ყოველი დღე ძალიან პროდუქტიულია. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბრიტანული დოქტორანტურის სტილი, რომელმაც ძალიან მომხიბლა, მაგალითად, თუნდაც იმან, რომ ძალიან მკაცრი ვადებია, დოქტორანტს წელიწადში მაქსიმუმ 1 თვე აქვს დასვენების უფლება, ისიც ოფიციალურად უნდა მოითხოვო.  რაც შეეხება კოლეგებს, ჩემს სადოქტორო კვლევას ხელმძღვანელობს ამერიკელი ლინგვისტი (მორფოლოგი) პროფესორი დიანე ნელსონი და კომპიუტერული ლინგვისტი, პროფესორი სერგეი შაროვი. 

- მგონი, უკვე დასამალი აღარ არის ეს ფაქტი — როგორია თქვენი ბრიტანული სიყვარული? 

— პირად ცხოვრებაზე საუბარს თავის ვარიდებ ხოლმე, თუმცა ბოლო დღეებისა (თვეების) განმავლობაში გამოქვეყნებული ფოტოებით ყველაფერი ისედაც ნათელია. თომას ბლაქველს პირველად ილკლიში შევხვდი, გარდა ლამაზი ბუნებისა, ილკლი ცნობილია იმით, რომ აქ ქვაზე, კლდეზე მეზოლითური ხანის გამოსახულებებია. გარდა ამისა, აქ არის ადგილი, სადაც ჩარლზ დარვინი რჩებოდა. მიჩნეულია, რომ სწორედ ამ ადგილზე იმყოფებოდა ის, როდესაც პირველად მისი ცნობილი „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით“ გამოიცა.  ძალიან მინდოდა ეს ადგილი მომენახულებინა, მითუმეტეს, ჩემთან  ახლოს მდებარეობს, მატარებლით სულ რაღაც ნახევარი საათის სავალ გზაზეა. მოკლედ, ერთ-ერთ შაბათ დღეს, როგორც იქნა, გამოვნახე დრო და წავედი. აღმოჩნდა, რომ თომასიც ამ მიზნით იყო ჩამოსული. მთელი ილკლი ფეხით მოვიარეთ, თან გზადაგზა მიხსნიდა ამ ადგილის ისტორიას, კლდეების აგებულებას და ა.შ. საღამოსთვის გადავწყვიტეთ, ჩვენი საუბარი ილკლის ადგილობრივ კაფეში ფინჯან ჩაით გაგვეგრძელებინა. ასე დაიწყო ყველაფერი…

 

მთავარი თემები