ვლადიმერ ვისოცკი: „შენს სიყვარულში, როგორც მზეში, ისე ჩავიწვი...“

მარინა ვლადი ფილმში "ჯადოქარი"
მარინა ვლადი ფილმში ჯადოქარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს მშვიდად გავდივარ ჩვენ აივანზე… აუღელვებლად, შემზადებულად, მოშვებულად… ერთადერთი, „ბაირონული“ სიარულის შეცვლა მომიწევს ოდნავ უფრო ელეგანტური, „ჟოფრეიდეპეირაკულით“, იმ მანდილოსნის პატივსაცემად, რომლის პირველი მეუღლე სწორედ რობერ ოსეინი გახლდათ – საბჭოთა ქალების გულთამპყრობელი ჟოფრეის როლის შემსრულებელი ფილმებში შეუდარებელ ანჟელიკაზე… ლექსიც გამზადებული მაქვს — ჩემი „გულის მეორე მხარეს“ მუდმივად მცხოვრები ოთარ ჭილაძის „მარინა“:

„მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ“…

მე არ ვიცი, ვის მიუძღვნა ბატონმა ოთარმა ეს ლექსი, მაგრამ ჩემთვის ისევე, როგორც ყველა მერი გალაკტიონის მერია, ასევე ყველა მარინა ამ ლექსთანაა დაკავშირებული…

ალბათ, ბევრი უკვე მიხვდა, რომ დღეს შევხვდებით მსოფლიოში უდავოდ ყველაზე მშვენიერ ჯადოქარს (კეთილების ჩათვლით), რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1938 წლის 10 მაისს საფრანგეთის ქალაქ კლიში-ლა-გარენში, მარინა პოლიაკოვა-ბაიდაროვას, ანუ მარინა ვლადის…

მარინას დედა რუსი გენერლის შვილი იყო, ბალერინა, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა სმოლნის კეთილშობილ ქალიშვილთა ინსტიტუტი. მამას კი უკრაინელი ბოშას სისხლი ერია, ჰქონდა არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები, დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, წავიდა ომში როგორც მფრინავი და შემდეგ წარმატებით გამოდიოდა საფრანგეთის ოპერის სცენაზე. პირადად იცნობდა მოდილიანის, მატისს, დელონეს… მარინას მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ბელგრადში და პირველივე ნახვით იგრძნეს საოცარი სიახლოვე… მარინას განსაკუთრებით მამა უყვარდა, რომელიც 13 წლის ასაკში დაკარგა, და სწორედ მის პატივსაცემად ფსევდონიმად მამის სახელი – ვლადიმერი შეარჩია. 

მარინა ბავშვობიდან გამოირჩეოდა გარეგნობით და საოცარი უშუალობით. ის ადრე შეამჩნიეს და პირველი ეპიზოდური როლი მან უკვე 11 წლის ასაკში შეასრულა ფილმში „ზაფხულის ჭექა-ქუხილი“. ამ ფილმს მოჰყვა უმნიშვნელო როლები, თუმცა 1954 წელს მარინამ ფილმში „წარღვნის შემდეგ“ ლილიანას როლის შესრულებისთვის პრესტიჟული სიუზენ ბიანშეტის სახელობის პრიზი მიიღო. 1956 წელს კი გამოვიდა ფილმი „ჯადოქარი“ ალექსანდრ კუპრინის მოთხრობის „ოლესიას“ მოტივებზე, რომლის შემდეგ არაჩვეულებრივად ქერა, თითქმის თეთრთმიანი, „გლახის ნაამბობივით“ „უბრალო“ კაბაში გამოწყობილი „ინგა“ ბევრი მამაკაცისთვის ქალის იდეალი გახდა… მათ შორის ვლადიმერ ვისოცკისთვისაც, რომელიც წლების შემდეგ აღიარებს, რომ მარინა ვლადი სწორედ მაშინ, მათ შეხვედრამდე ბევრი წლით ადრე შეუყვარდა…

© http://www.mafrance.ru/kino/francuzskie-aktrisy-kino/მარინა ვლადი და ვლადიმერ ვისოცკი
მარინა ვლადი და ვლადიმერ ვისოცკი - Sputnik საქართველო
მარინა ვლადი და ვლადიმერ ვისოცკი

მარინა ვლადის პირველი სერიოზული რომანი ფილმ „შავი ბუმბულების“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო, როდესაც 27 წლის მარჩელო მასტროიანის სიგიჟემდე შეუყვარდა 15 წლის მარინა ვლადი. მაგრამ მათი ურთიერთობები მხოლოდ მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლა… მარინას კი შორიდან უყვარდა მარლონ ბრანდო… გასაკვირია, რომ ბრანდოზე რატომღაც არ იმოქმედა ფრანგი ჯადოქრის მაგიამ… ის მარინას მიმართ, ბევრისგან განსხვავებით, გულგრილი დარჩა, რასაც ვერ იტყვი რეჟისორებზე ორსონ უელსზე და ჟან-ლუკ გოდარზე, რომლებმაც თითქმის ერთდროულად სთხოვეს მარინას ხელი… მარინამ კი 28 წლის რობერ ოსეინი არჩია. სხვათა შორის, ანჟელიკას როლი მიშელ მერსიემდე სწორედ ვლადის შესთავაზეს, მაგრამ ამ დროისთვის უკვე შეუღლებულ მარინასა და რობერს შორის დაუსრულებელი ჩხუბები იყო დაწყებული და ვლადიმ ანჟელიკას როლზე უარი განაცხადა. რობერტთან ანჟელიკას ორი ვაჟი — იგორი და პეტრე გაუჩნდა, მაგრამ მათ ოჯახი ვერ შეინარჩუნეს…

ვლადის მეორე მეუღლე გახდა ცნობილი ფრანგი მფრინავი ჟან-კლოდ ბრუიე, რომელთანაც მას ასევე ვაჟი — ვლადიმერი შეეძინა. მაგრამ, პროფესიის მიუხედავად, მარინას მეორე მეუღლე ზედმეტად არარომანტიკული აღმოჩნდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა…

სწორედ მაშინ, როდესაც მარინამ გადაწყვიტა დასვენება რომანებისა და მამაკაცებისგან და დედისა და სამი ვაჟის თანხლებით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის ფილმ „მე მივფრინავ მოსკოვში“ მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, მან გაიცნო ვლადიმერ ვისოცკი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე მეორე მეუღლე ჰყავდა… მათი რომანი მოულოდნელად დაიწყო და გაგრძელდა 12 წლის განმავლობაში… მარინას თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი გრძნობა და ვნება მის ცხოვრებაში… მათ უამრავი წინააღმდეგობა შეექმნათ. მარინა პოპულარული მსახიობი იყო, მას ელოდნენ გადაღებებზე, ვისოცკის კი საზღვარგარეთ არ უშვებდნენ. მაშინ ვლადი საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრიც კი გახდა, რათა მისი პარტიის ლიდერებს ემოქმედათ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაზე… ამბობენ, რომ მარინამ და ვისოცკიმ ხელი მხოლოდ ბრეჟნევის პირადი თანხმობის შემდეგ მოაწერეს… საბჭოთა დროს ჩამოფარებული „რკინის ფარდის“ გარდა მათ სხვა, არანაკლები პრობლემა ჰქონდათ გადასალახი — ისინი ერთად ებრძოდნენ ვისოცკის სერიოზულ დამოკიდებულებას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე… მარინა ამას ხშირად ვეღარ უძლებდა და მისი საფრანგეთში დაბრუნებები სულ უფრო ხშირი და ხანგრძლივი ხდებოდა… ერთხელ ვლადიმერმა უახლოეს მეგობარს უთხრა — „შენ იცი, როგორ მიყვარს მარინა, მაგრამ მისი სიყვარული ძალიან ფრანგულია, რაციონალური… მე ასე არ შემიძლია“. არც მარინას აღარ შეეძლო „ასე“, მაგრამ მთავარი იყო, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება უფრო გაუსაძლისი იყო მათთვის… ვლადი ვისოცკის ღალატსაც კი პატიობდა…

1980 წლის 25 ივლისს, დილის 5 საათზე მარინას პარიზის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა… შემდეგ ის იტყვის, რომ სწორედ ამ დროს ურეკავდა ხოლმე მას ვისოცკი მოსკოვიდან, მაგრამ მაშინ მან იგრძნო, რომ „ვალოდია გარდაიცვალა“… 

ვისოცკის სიკვდილის შემდეგ მარინა დეპრესიაში ჩავარდა… 3 წლის განმავლობაში არავისთან ურთიერთობდა შვილების გარდა. თვითმკვლელობის მცდელობაც კი ჰქონდა… შემდეგ დაწყნარდა, ცოლად გაჰყვა თავის ექიმ ფსიქოთერაპევტს და დაიწყო ვისოცკიზე წიგნების წერა… 

რას იზამ, ცხოვრება გრძელდება… საბედნიეროდ.

ვისოცკიმ, სავარაუდოდ, ეს იცოდა… ამიტომაც ცხოვრებას ჩქარობდა, ცხოვრობდა სულმოუთქმელად, დღევანდელი დღით… 

„მიყვარხარ ახლა… მოსაყოლად მტრედი ავუშვი…

შენს სიყვარულში, როგორც მზეში, ისე ჩავიწვი…

მიყვარხარ ახლა, დღეს მიყვარხარ… ზუსტად ამ წუთში…

წარსულის არ მწამს… მომავალში კიდევ რა ვიცი…“

ეს მისი მარინასადმი მიძღვნული ბოლო ლექსია…

გისურევებთ ბედნიერ და სიყვარულით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0