თუ საუზმობთ ფინჯანი ყავით, სადილობთ ბუტერბროდით, ხოლო ვახშამზე კუჭისთვის ზეიმს აწყობთ, კალორიულობის მთელი დღის ნორმა რომც დაიცვათ, წონაში მაინც ვერ დაიკლებთ.
ძალიან ხშირად ვიცავთ დიეტას, ნაკლებს ვჭამთ, ვვარჯიშობთ, მაგრამ ჩვენს კილოგრამებს მაინც არაფერი აკლდება. თუ ეს ერთი თვის განმავლობაში და მეტხანს გრძელდება, მაშინ ამის მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, თქვენ კი ყურადღებით წაიკითხეთ. იმედია, ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რატომ არ იკლებთ წონაში. როდესაც მიზეზი ცნობილია, პრობლემასთან გამკლავებაც ადვილია.
• ვერ დაიკლებთ წონაში, თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დარღვეულია და ჰიპოთირეოზი გაქვთ. ჰიპოთირეოზის პირველი სიმპტომებია დაღლილობა, უგუნებობა, აპათია. შეიძლება იფიქროთ, რომ მუდმივი გადაღლილობა ან უგუნებობა გაზაფხულის ბრალია, მაგრამ ყველაფერს მას ნუ დააბრალებთ, ეწვიეთ ექიმს, ჩაიტარეთ ანალიზი.
• ყურადღება მიაქციეთ: თუ თქვენს ცხოვრებაში ბოლო დროს სულ პოზიტიური მოვლენები ხდება, ყველა გაქებთ, თქვენით აღფრთოვანებული არიან, საყვარელი ადამიანი ხელისგულზე გატარებთ, უფროსი ქებას არ იშურებს — ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ კეთილდღეობისა და სიმშვიდის შეგრძნებამ შესაძლოა მეტაბოლიზმი დაგიქვეითოთ. ადამიანებს, რომლებიც ე.წ. პოზიტიურ სტრესს განიცდიან, უფრო აქტიური ნივთიერებათა ცვლა აქვთ და ისინი უფრო ადვილად იკლებენ წონაში, ვიდრე სრული სიმშვიდის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. პოზიტიური სტრესია ფიზიკური დატვირთვის, რეალური ადამიანების ან წიგნებისა და ფილმების გმირების ემოციური თანაგრძნობით, უსაფრთხო მწვავე შეგრძნებებით მიღებული სტრესი.
• თუ წონაში ვერ იკლებთ, საგულდაგულოდ შეამოწმეთ საკვები, ხომ არ „შეიპარა“ თქვენი კვების რაციონში ფსევდოდიეტური საკვები, მაგალითად, ჩირი ან ანანასი, რომლებიც არც ისე უვნებელია, როგორც თქვენ გგონიათ.
• ცნობილია, რომ ჯანსაღი ძილი კარგია ჯანმრთელობისთვის, კანისა და ზოგადი განწყობისთვის, მაგრამ იცით, რომ ის წონაზე უშუალოდ მოქმედებს? ძალების აღსადგენად ორგანიზმს დღე-ღამეში არანაკლებ შვიდი საათი ძილი ესაჭიროება. ნაკლები დასვენების დროს ორგანიზმს ენერგია არ ჰყოფნის. ენერგიის გამომუშავება ორგანიზმს ცხიმების დანაწევრებით შეუძლია, ხოლო დასანაწევრებელი რომ ჰქონდეს, ამისთვის ორგანიზმი ცხიმს აგროვებს. მიაქციეთ ყურადღება, გამოუძინებელი ხომ არ ხართ?
• თუ საუზმობთ ფინჯანი ყავით, სადილობთ ბუტერბროდით, ხოლო ვახშამზე კუჭისთვის ზეიმს აწყობთ, კალორიულობის მთელი დღის ნორმა რომც დაიცვათ, წონაში მაინც ვერ დაიკლებთ. კალორიულობა ასე დაითვალეთ: რასაც 12 საათამდე მიიღებთ, ორზე გაყავით, 12-დან 18 საათამდე დაითვალეთ ისე, როგორც არის, ხოლო 18 საათიდან მიღებული კალორიები ორზე გაამრავლეთ — მარტივია!
• მუდმივად შიმშილის გრძნობა ხომ არ გაწუხებთ? თუ გგონიათ, იმიტომ გშიათ, რომ ცოტას ჭამთ, ცდებით! თუ შიმშილის გრძნობა გაქვთ, ესე იგი, წონაში იმატებთ. ორგანიზმმა ზუსტად იცის, რომ შიმშილი ცუდია, ეს სიგნალია, რომ ცუდი დრო დადგა და გადასარჩენად ცხიმი უნდა მოიმარაგოს.
• ცხიმის მარაგი ორგანიზმს მარტო აქტიურობის შესანარჩუნებლად არ სჭირდება. ეს მას სიცივისგან დაცვაშიც ეხმარება. თუ ძალზე მსუბუქად გაცვიათ და ამ დროს ბინა და სამსახურის ოფისი კარგად არ თბება, ორგანიზმმა შეიძლება ცხიმის დაგროვება დაიწყოს, რათა შინაგანი ორგანოების ნორმალური მუშაობა უზრუნველყოს. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ნაკლებია ტემპერატურა, მით უფრო ნელა ფუნქციონირებს სისტემა.
• ორგანიზმს შიდა ნორმის განმსაზღვრელი „მრიცხველი“ აქვს — ის იმ წონას „აჩვენებს“, რომელიც თქვენთვის ნორმალურია. საკუთარი წონის ნორმის გარკვევაში სხეულის მასის ინდექსი დაგეხმარებათ: წონა/სიმაღლე² (სანტიმეტრებში). ნორმალური ინდექსი 18,5-24,9-ის ფარგლებშია. თუ შედეგი 18,5-ზე ნაკლებია, მაშინ თქვენი გახდომა უბრალოდ საშიში კი არა, არამედ ძალიან საშიშია, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგიც კი მოჰყვეს.
• თუ შეკრულობა გაწუხებთ, მაშინ წონის დაკლების პრობლემა თქვენი ნაწლავების სისავსით არის გამოწვეული. დალიეთ მეტი წყალი და მიირთვით მეტი ბოჭკოვანი მცენარეები, ეს ვითარებას მალე და ადვილად გამოასწორებს.
ზედმეტად ხომ არ ვარჯიშობთ? გამორიცხული არ არის – თქვენი წონა სტაბილური იმიტომაა, რომ უფრო მსუბუქი ცხიმი უფრო მძიმე კუნთებმა ჩაანაცვლა. ანუ, მოცულობა მცირდება, მაგრამ კილოგრამები — არა. მაგრამ განა მთავარი სასწორზე ნაჩვენები კილოგრამებია?
ჯანმრთელობას, წონაში დაკლებასა და წარმატებებს გისურვებთ!