11:10 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)
40 0 0

შარლ მიშელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ქვეყნის პირველ პირებთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ატარებს.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, თვითმმართველობის არჩევნები და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემები. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევით საქართველოს 18 ივლისს ეწვია. იგი მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“, რომელიც ბათუმში დღეს გაიხსნება. კონფერენციაში მიშელთან ერთად მონაწილეობენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

შარლ მიშელმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

„მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს და რომ ჩვენი მხრიდან ყველა ვლდებულება შესრულდა და სრულდება. აქვე მე მას ვუთხარი, რომ, სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და, ზოგადად, სიტუაციის დამშვიდებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა საქართველოში სტაბილური ვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნებაა.

„მეორე – მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რათა მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში და პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასევე პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ ევროკავშირის ეგიდითა და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის საშუალება“, – აღნიშნა პრემიერმა. 

ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი თემა საარჩევნო რეფორმა იყო.

„და მესამე – პრეზიდენტ მიშელთან მქონდა საუბარი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ოპოზიციის ჩართულობით თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ. ასევე ვუთხარი, რომ ვართ მოტივირებული გავაგრძელოთ და უკვე ვახორციელებთ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლო სისტემაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შარლ მიშელი ავტორია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტის, რომელსაც 19 აპრილს ხელი მოაწერეს ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ. ამჟამად ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დოკუმენტის შესრულების თემაზე სერიოზული კამათი მიმდინარეობს.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)

მთავარი თემები