10:14 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)
30 0 0

კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სხვ.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ბათუმის ევროპული კონფერენცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

დღეს ბათუმში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნება, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. კონფერენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ვლადიმირ ზელენსკი და მაია სანდუ მიიღებენ მონაწილეობას.

„იმ გამოწვევების ფონზე, რაც რეგიონშია შექმნილი, ჩვენი დღევანდელი დისკუსია იქნება მიმართული იქითკენ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების მიმართულებით. დღევანდელი კონფერენცია იქნება უაღრესად ნაყოფიერი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ევროპელ პარტნიორებს – ნათლად დაინახონ და განსაზღვრონ ჩვენი მისწრაფებები და მიზნები ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა კონფერენციის დაწყებამდე.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება ასოცირებულ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ დეკლარაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის გამონახული იყოს ახლებური მიდგომები შექმნილი გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე. 

კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები.

კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.

მხარეები განიხილავენ ევროკავშირის შესაძლო ინტერესებს სამ აღმოსავლეთევროპელ პარტნიორთან გაფართოებული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ მონაწილეობაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ლიდერთა შეხვედრა გაიმართება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში.

 

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)

მთავარი თემები