10:13 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

მედიის წარმომადგენლების დაშვება ხორციელდება გადამღები ჯგუფებისა და საშვების წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის მიხედვით, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ოპოზიციონერი ჟურნალისტები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ - ისინი შენობაში შესვლის და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის კითხვების დასმის საშუალებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს უპასუხებს ყველა კითხვას, რომელიც თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

მანამდე პარლამენტის განცხადება გავრცელდა, სადაც უსაფრთხოების დამატებითი ზომების შემოღების შესახებაა ნათქვამი. შეზღუდვა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად იმოქმედებს, ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, სხდომათა დარბაზში დაუშვეს ის ჟურნალისტები, რომლებსაც აკრედიტაცია წინასწარ ჰქონდათ გავლილი.

„არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. ასამდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა - დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას. ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ“, - აღნიშნა კუჭავამ.

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 24 პირი.

პროკურატურის მიერ 16 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.

მთავარი თემები