თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში იმავე სასტუმროში იყო გაჩერებული, რომელშიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, თუმცა უარყო მათი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია.
აშშ-ში სააკაშვილისა და გახარიას შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის კამერამ სასტუმროს ფოიეში სააკაშვილი დააფიქსირა. კადრებში პარალელურად ჩანს გახარიას დაცვის წევრი გიორგი ჩიქოვანი. ტელეკომპანიამ ასევე შეძლო ვაშინგტონში ექსკლუზიურად ჩაეწერა საქართველოს ყოფილი პრემიერი.
„სასტუმროში ერთი ღამით გავჩერდით. იქ შევიკრიბეთ, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავფრინდით. მეორე დღეს კი სხვა სასტუმროში გადავედით. ჩვენ არანაირი გადაკვეთა არ გვქონია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, რამდენადაც ლოჯისტიკის თვალსაზრისით სხვა სასტუმროში ყოფნა გადაადგილების კუთხით უფრო მოსახერხებელი იყო ჩვენთვის. იქ ჩვენ უბრალოდ შევიკრიბეთ“, – განაცხადა გახარიამ.
ექს-პრემიერი ამტკიცებს, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო არაფერი აქვს.
„ერთი რამ გაითვალისწინეთ – ამის უკან საერთოდ არაფერი დგას და შეხვედრაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. „ნაციონალურ მოძრაობასთან" არაფერი მაქვს საერთო. უფრო მეტსაც გეტყვით – „ქართულ ოცნებას" წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, მაშინ დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა", – აღნიშნა გახარიამ.
გახარიასა და სააკაშვილს შორის შეხვედრასა და მოლაპარაკებებს გამორიცხავენ ყოფილ მმართველ პარტიაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო, რომლითაც ახლა სპეკულირებენ.
„სასტუმროს მიმღები ქვეყანა ჯავშნის. ეს, რა თქმა უნდა, მექანიკური დამთხვევაა. როგორც ჩვენ მოგვიანებით გავარკვიეთ, როდესაც გახარიამ გაიგო, რომ ჩვენი დელეგაციაც იქ იმყოფებოდა, მეორე ღამესვე გადავიდა სასტუმროდან“, – განაცხადა გოცირიძემ.
გახარიასა და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნის ფაქტი ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია „ქართულ ოცნებას“. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ორ პოლიტიკოსს შორის გარკვეული ალიანსია.
„მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ ის ორი-სამი დღეც იყო დამთხვევა და მათი სასტუმროში ერთად ყოფნაც დამთხვევაა, მაგრამ ჩვენ სხვა რამის გვჯერა. ყოველდღე მძაფრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორ პოლიტიკოსს შორის კონკრეტული ალიანსია, რაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა ამ ე.წ. დამთხვევამ“, – განაცხადა კობახიძემ.
გიორგი გახარია აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მიმდინარე კვირის დასაწყისში გაემგზავრა. მისი პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. გახარიასთან ერთად აშშ-ში იმყოფებიან პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და ექს-პრემიერის პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე.
გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება" გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას "სახელმწიფოს ღალატში" დასდეს ბრალი.