მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით – ლიეტუვის პრეზიდენტი

© Sputnik / STRINGERლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოშია
ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოშია - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გიტანას ნაუსედა შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საქართველოს ლიეტუვის სახით ჰყავს ძლიერი მეგობარი, რომელიც მიჰყვება ამ რთულ გზაზე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. 

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
ლიეტუვის პრეზიდენტი დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მეუღლესთან ერთად საქართველოს ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით 10 მაისს ეწვია. ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ორბელიანის სასახლეში გაიმართა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს იმყოფებით საქართველოში. ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ეს წელი საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია – ჩვენ დავძლიეთ შიდა პოლიტიკური კრიზისი, რაშიც ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა. ჩვენ ამის შესახებ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის თქმით, ლიეტუვა საქართველოს ვაქცინაციის პროცესში დახმარებას დაჰპირდა.

„ლიეტუვა ჩვენს ქვეყანას ვაქცინებს გადმოსცემს, რომლის რაოდენობაც დასაზუსტებელია. ეს არის სოლიდარობის ნიშანი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი სოლიდარობის გამოხატულება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის თემას და აღინიშნა, რომ საქართველოს საზღვრები ვაქცინირებული ტურისტებისთვის ღიაა. 

სალომე ზურაბიშვილი და მონაკოს პრინცი ალბერ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
ზურაბიშვილმა მონაკოს პრინცი საქართველოში მოიწვია

„საქართველოსთვის აუცილებელია რაც შეიძლება მალე აღდგეს ტურიზმის სფეროში ურთიერთობები... ვიცით, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოსახლეობის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი დიდია და იმედი მაქვს, რომ ზაფხულში ჩვენ ბევრ ტურისტს მივიღებთ. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კულტურული ურთიერთობები ჩვენს მოქალაქეებს შორის და ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობაზე, რომ დავგეგმოთ ლიეტუვის დღეები საქართველოში და საქართველოს დღეები ლიეტუვაში. ეს ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში პრეზიდენტის რანგში პირველად ვიმყოფები. ბევრი მსმენია იმის შესახებ, თქვენი ქვეყანა რამდენად ლამაზი და სტუმართმოყვარეა. ახლა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს მართლაც ასეა.მადლობა პრეზიდენტს თბილი მიღებისთვის. მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა ლიეტუვაში. ლიეტუვა და საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ერთმანეთისგან შორს არიან, მაგრამ მათ შორის ძლიერი კავშირია. ჩვენ ჩვენი ღირებულებებით ძალზე ახლოს ვართ“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდეტმა ასევე ისაუბრა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, ერთიანობა და მიმზიდველი საპარლამენტო პროცესი პრიორიტეტულია.

„19 აპრილს მიღწეული შეთანხმება უნდა განხორციელდეს და ამაში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს პოლიტიკური კრიზისის დასრულებას და იმ საკითხებზე გადასვლის შესაძლებლობას მოგცემთ, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ესაა რეფორმები და ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე დემოკრატიის განმტკიცება, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელება“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. 

დავით ზალკალიანი და ედგარს რინკევიჩსი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ლატვია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო 15 ათას დოზა ვაქცინას გადმოსცემს

ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე გამართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიეტუვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიეტუვის პრეზიდენტის შეხვედრა პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან და კათოლიკოს–პატრიარქთან ილია მეორესთან.

საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა დასახელება ლიეტუვა (Lietuva), რომელსაც მანამდე ლიტვას ვუწოდებდით. ეს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტი იყო იმაზე, რომ ლიეტუვურ ენაში ასევე დამკვიდრდა საქართველოს ავთენტური დასახელება (Sakartvelo). ამგვარად ლიეტუვა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მიმართ ავთენტური დასახელების გამოყენება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0