18:17 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (310)
53 0 0

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტში შეძლებენ მონაწილეობას დებატებსა და კანონპროექტების განხილვაში, მაგრამ არ ექნებათ კვოტები კომიტეტებში, სამუშაო ჯგუფებსა და დელეგაციებში.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს საპარლამენტო დებატებში მონაწილეობას, მაგრამ ვერ შეძლებს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღებას, სანამ შარლ მიშელის შეთანხმებას არ მოაწერს ხელს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შვიდთვიანი ბოიკოტისა და ფიქრის შემდეგ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან პარტია უარს აცხადებს ხელი მოაწეროს აპრილის შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წარმოადგინა. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პარტიის ლიდერების ჩასვლა ქვეყნის რეგიონებში და კონსულტაციები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კიევში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის „მათი მარცხის საბოლოო გაფორმება“. ის მიიჩნევს, რომ ამ ოპოზიციური პარტიის გამოჩენას პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოსთვის არანაირი ღირებულება არა აქვს.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება. გარდა ამისა, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარით „ნაცმოძრაობა“ ადასტურებს, რომ კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული, მთლიანად შეესატყვისება ამ დოკუმენტს.

პოლიტიკოსის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი არც ერთი დაპირება არ შეასრულა.

„ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. „ვერ დამიჭერთ“, „არ გამოვალ“ და „არ შევალ“ დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მიმდინარე წლის აპრილში შესთავაზა კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან მისი შედეგების აღიარებაზე უარით გამწვავდა. შეთანხმება მისაღები აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის, ასევე ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის. მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, შეწყვიტეს ბოიკოტი და საპარლამენტო საქმიანობას შეუდგნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობამ გუშინ პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, პარტიის დეპუტაცია 33 ადამიანისგან შედგება.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (310)

მთავარი თემები