ახალი ინიციატივები და დაპირებები: დიასპორის ფორუმი თბილისში

© photo: Sputnik თბილისი
 თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ ყოველ წელს ტარდება და დიასპორის დღეს ეძღვნება. თანამემამულეებს ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. თბილისში დაიწყო ყოველწლიური ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“. პანდემიის გამო წელს ის ონლაინ–ფორმატში ტარდება.

ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ფორუმის მონაწილეებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის ჩართვა სახელმწიფოს მშენებლობაში. მისი განცხადებით, დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში უფრო აქტიური მონაწილეობის მეტი უფლება უნდა ჰქონდეთ.

ილია II - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
ილია მეორე დიასპორას: თქვენ ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედი ხართ

„ჩვენს დიასპორას პოლიტიკური წარმომადგენლობა სჭირდება. დიასპორის დღეს მთელ ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რათა ჩვენმა დიასპორამ პარლამენტში მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ჩაბმა სახელმწიფოს მშენებლობაში პრიორიტეტი უნდა იყოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ცხოვრებაზე.

„პარლამენტში დიასპორის სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ასევე დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ფორუმზე დიასპორებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან განაცხადა, რომ ძლიერი დიასპორის ცენტრების შექმნა მთელ მსოფლიოში საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთელ მსოფლიოში, 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი ცენტრების, ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი, საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლი უცხო ქვეყნებში, რომლებიც არის უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაცია: თბილისში დიასპორებისთვის სამი პროგრამა წარმოადგინეს

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს უცხოეთში არსებული ქართული კულტურის კერები.

„დღეს კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებული პატივით და დიდი მოწიწებით მივესალმო ჩვენს იმ თანამემამულეებს, რომლებიც სამშობლოდან შორს შრომობენ, მოღვაწეობენ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს ღირსეული დაბრუნების საშუალება მივცეთ რაც შეიძლება მოკლე დროში. რა თქმა უნდა, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ ყოველწლიურად ტარდება და დიასპორის დღეს ეძღვნება. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფორუმის ორგანიზება ემსახურება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სამშობლოში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ერთმანეთის გაცნობასა და თანამშრომლობის სფეროების მოძებნას.

ყველა ახალი ამბავი
0