15:58 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
9201

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა, მანამდე კი ევროკავშირმა გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი გადაიხადა.

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა.

პროკურატურის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

ნიკა მელიას რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ. ადგილზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყანაში მოსახლეობას აწუხებს, ეს რა მოსატანია, მაგრამ „ეშმაკი დეტალებშია“. პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. ამ ხელისუფლების ბუნება ჩანს წვრილმან დეტალშიც კი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მელიამ ციხიდან გამოსვლისას.

გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მის გათავისუფლებაში - ოპოზიციის წარმომადგენლებს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებს.

იმ სამ თვეში, რაც მიმდინარე მოვლენებს ციხის გისოსებიდან ვაკვირდებოდი, გამოჩნდა ერთ-ერთი მთავარი ნაკლი: საზოგადოების განხეთქილება პოლიტიკური ნიშნით და რადიკალიზაცია. ეს მძიმე მემკვიდრეობაა, აღნიშნა ნიკა მელიამ და მომხდარში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, ამ საკითხთან დაკავშირებით ნიკა მელია აპირებს კონსულტაციების გავლას თანაპარტიელებთან, რადგან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს.

მელიამ ასევე ციხეებში მყოფ ყველა პატიმარს მალე გათავისუფლება და შეცდომების გამოსწორება უსურვა.

ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა.

ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საჭირო გირაოს თანხა 40 ათასი ლარის ოდენობით  ევროკავშირმა გადაიხადა – „ევროპულმა ფონდმა  დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მთავრობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც მხარეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელმა შესთავაზა. დოკუმენტის თანახმად, მელიამ ციხე ამნისტიის კანონის საფუძველზე უნდა დატოვოს. ასევე განიხილებოდა მისი გათავისუფლება გირაოს საფუძველზე.

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

მთავარი თემები