15:28 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
12010

„ლეიბორისტული პარტია“ ამზადებს კანონპროექტს, რომელიც გერმანიისგან ხუთი მილიარდი ევროს ოდენობის კომპენსაციას ომში დაღუპულთა შთამომავლებზე გადაანაწილებს

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველომ გერმანიის მთავრობისგან ხუთი მლრდ ევროს რეპარაცია უნდა მოითხოვოს იმ ზარალისთვის, რაც ქვეყანას მეორე მსოფლიო ომში მიადგა, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, პარტია ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმად გადმორიცხული კომპენსაცია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა შთამომავლებზე გადანაწილდება.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ევროპა და გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმისგან გაეთავისუფლებინა, საქართველომ ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო. მისი თქმით, „ოთხმილიონიანი ჩვენი ხალხის დაღუპულთა რაოდენობა უტოლდება 100 მილიონიან ბრიტანეთს“.

„ყველას აუნაზღაურეს კომპენსაცია ჩვენ გარდა. „ლეიბორისტული პარტია“ ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ხუთი მილიარდი გერმანიიდან გადმორიცხული კომპენსაცია გადანაწილდება ომში დაღუპულთა შთამომავლებზე, მონაწილეთა ოჯახის წევრებზე და მემკვიდრეებზე, „კონცლაგერებში“ მყოფ პირებზე, ან სხვაგვარად დაზარალებულ სუბიექტებზე. ჩვენ ამ კანონს აუცილებლად, ყველა ვარიანტში მივიღებთ“, – განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ რომ არა მეორე მსოფლიო ომი, ახლა საქართველოს მოსახლეობა სულ ცოტა 12 მლნ ადამიანი იქნებოდა.

 „თქვენ წარმოიდგინეთ, იქ რომ არ დაგვღუპოდა ნახევარი მილიონი მაწარმოებელი, ულამაზესი, უმაგრესი ახალგაზრდა, დღეს საქართველო იქნებოდა მინიმუმ 10-12 მილიონიანი და თამარის საქართველოს მიუახლოვდებოდა. აი, რა ზარალი გვაქვს მიღებული“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველომ ფრონტზე 700 ათასი მეომარი გაგზავნა, აქედან სამშობლოში 300 ათასი დაბრუნდა.

ამჟამად საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 263 ვეტერანია დარჩენილი.

მთავარი თემები