21:34 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
73 0 0

საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე შეთანხმების მნიშვნელობა და მხარეების მიერ მისი შესრულების საკითხები განიხილა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის ახლადარჩეულ სპიკერთან კახა კუჭავასთან გამართულ შეხვედრაზე. 

დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების სახით წარმოადგინა, მოლაპარაკებების მონაწილეთა უმრავლესობამ 19 აპრილს მოაწერა ხელი.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტების განხილვა, რომელიც ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ ცალ-ცალკე წარადგინეს. ამასთან მან თავი შეიკავა კანონპროექტის ორივე ვარიანტის შეფასებისგან.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ მომენტში პარლამენტში წარდგენილია ორი კანონპროექტი. პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტში ამ საკითხთან (ამნისტიის შესახებ კანონი) დაკავშირებით დაწყებული დებატების გაგრძელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ჰარცელმა.

რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის 40 ათასი ლარის გირაოს გადახდას, დიპლომატის თქმით, ეს საკითხი განხილვის სტადიაზეა.

„ეს საკითხი ახლა იხილება. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ჰარცელმა.

ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მოთხოვნით, პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა ის კვლავ არის პარლამენტის წევრი. 

მიუხედავად გათავისუფლებაზე გარანტიისა, „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს იმ დრომდე, ვიდრე მელია არ დატოვებს საპატიმროს. 2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან – მხარეებს თავად ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ხელისუფლების სურვილია, რომ ამნისტია საქმის ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება გამოძიებამ მოგვიანებით გამოავლინოს.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ასეთ ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

გარდა ამისა, ოპოზიცია 20–21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამჟამად ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და მონაწილეობდნენ ბრძანებების გაცემაში.

მთავარი თემები