„თქვენ გვერდით ვართ“: შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

© photo: press-service of the Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი
ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მმართველი პარტია კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის მომხრეა და ამ სულისკვეთებით გააგრძელებს მუშაობას საქართველოს პარლამენტში.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მათ შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

შარლ მიშელი დღეს უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მათ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტში დღესვე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა პრეზიდენტ მიშელს, რომ საქართველო მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე.

„ეს არის არჩევანი, რომელიც არის შეუქცევადი. ჩვენ ეს პროცესი შეუქცევადი გავხადეთ ჩვენ მიერ 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერით. ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, არც ერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება გუშინ ხელმოწერილ შეთანხმებას და მის იმპლემენტაციას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხში მმართველი პარტიიდან შეყოვნება არ იქნება.

„შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ხელი მოვაწერეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ზურაბიშვილი: შეთანხმება ბევრს ნიშნავს პოლარიზაციით გადაღლილი საზოგადოებისთვის

ამასთან, პრემიერის თქმით, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსტრუციული დიალოგის მომხრეა.

„რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც ეხება შესაძლო კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციასთან, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზადყოფნა და მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის მომხრე და ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, როდის დატოვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საპატიმროს, პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ამისათვის ყველაფერი გააკეთა, ახლა კი ოპოზიციის მოქმედების დროა.

„ჩვენ ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა საფუძველი, მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. ახლა ჯერი არის ოპოზიციასა და მათ ქმედებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მედიაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საქართველოს გამარჯვებაა.

შარლ მიშელმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრემიერ ღარიბაშვილს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში შეტანილი წვლილისთვის და ასევე ოპოზიციას მიმართა.

„მადლობა, ბატონო პრემიერო, ბოლო კვირების განმავლობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრიუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის. მსურს ჩემი დაფასება გამოვხატო ოპოზიცის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე და გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე“, – განაცხადა მიშელმა.
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
შარლ მიშელის დოკუმენტს გრიგოლ ვაშაძეც შეუერთდა

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას.

„ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. არსებული პანდემიის პირობებში, ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ბოლოს შარლ მიშელის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული.

დოკუმენტს თავიანთი პარტიების სახელით ხელი მოაწერეს ალეკო ელისაშვილმა („მოქალაქეები“), ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკური პარტია“), ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ („ლელო“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ვახო მეგრელიშვილმა („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა სამმა პარტიამ: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, „ევროპულმა საქართველომ" და „ლეიბორისტულმა პარტიამ".

მმართველი პარტიიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად მიიწვია – პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და ხუთპუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

დღეს დოკუმენტზე ხელი მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ და საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დღის წინ გასულმა ექვსმა დეპუტატმა.

შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, ისევე, როგორც წინა ვარიანტი, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ საკითხში არსებითი ცვლილებები შევიდა – გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.

ყველა ახალი ამბავი
0