20:21 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
8101

კერძოდ, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიებაზე და მთლიანობაში ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები 19 აპრილს რიყის პარკში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან, განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გასული წლის ბოლოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანდა.

„19 აპრილს, 15:00 საათზე რიყეზე იქნება არა ის დიდი აქცია, არამედ უფრო საერთო შტაბის წარდგენა. თითოეული პარტია ალბათ 15-15 ადამიანს წარმოვადგენთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიების თაობაზე და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია 15 მაისს თბილისის ცენტრში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციას გეგმავს და რეგიონებში უკვე შეხვედრები დაიწყო.

ამასთან, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარასკევს ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ 30 მარტს შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება.

თავის მხრივ, ოპოზიცია ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტს ეთანხმება და არ აპირებს ამ დოკუმენტის ხელმოწერას, სანამ პატიმრობაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნელია და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან და დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების შესახებ ჩანაწერი არ გაჩნდება.

ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგა 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელთა შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნება ზედიზედ მესამედ შეძლო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო რესურსი გამოიყენა და არჩევნები გააყალბა.

მთავარი თემები